ახალი ამბები

საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანა კვლავ ვერ ხერხდება

საარჩევნო კოდექში ცვლილებების საკითხის განხილვა ოპოზიციისა და სახელისუფლებო ფრაქციებს შორის კიდევ ერთხელ დაპირისპირების და უთანხმოების საბაბი ხდება, რამაც 23 მაისს პარლამენტის მუშაობის პარალიზება გამოიწვია. საკითხის გაჭიანურების გამო პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციური ფარქციების წარმოამდგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი ქუჩაში გასვლას გეგმავენ, რათა აიძულონ სახელისუფლებო პარტიები კომპრომისზე წავიდნენ.

დარბაზის დატოვების ინიციატორები “ახალი მემარჯვენეები” იყვნენ. “ახლების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ ამის მიზეზად სახელისუფლებო ფრაქციების მხრიდან რეგისტრაციაში მონაწილეობის შეგნებულად არმიღება და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გადადება დაასახელა. “გაერთიანებულმა დემოკრატებმა”, “ნაციონალებმა” და “ტრადიციონალისტებმა” მხარი დაუჭირეს “ახლების” ინიციატივას.

“ჩვენ ვტოვებთ დარბაზსს და ჩვენს მხარდამჭერებს მოუწოდებთ 3 ივნისს მოვიდნენ პარლამენტის შენობის წინ, რათა გავმართოთ მშვიდობიანი მანიფესტაცია და ხელისუფლებას დავანახოთ, რომ გვსურს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება”, – განაცხადა სხდომაზე დავით გამყრელიძემ. სხდომის დატოვებამდე ოპოზიცია პარლამენტში ბიუროს დარბაზში შეიკრიბა და ხანგრძლივი თათბირის შემდეგ დარბაზის დატოვების და მშვიდობიანი მანიფესტაციის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღეს. 

“ჩვენ ბოლო ზღვარზე მივედით, დრო იწურება, ჩევნ კი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი არ განგვიხილია, როგორიც საარჩევნო კოდექსია. ჩვენი თვითმიზანი არ არის მანიფესტაციების მოწყობა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს”, – აცხადებდა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია დარბაზის დატოვების შემდეგ.

ოპოზიციის ამ ქმედებას სახელისუფლებო ფრაქცია “თანადგომის” თავმჯდომარემ ელგუჯა მეძმარიაშვილმა წინასწარდადგმილი სცენარი უწოდა და კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნია. მისი თქმით, ოპოზიციის უპასუხისმგებლო საქციელმა შესაძლოა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს.

“ასეთმა განცხადებამ შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ხელისუფლების დადანაშაულება არჩევნების ჩაშლის მცდელობაში კი უმართებულოდ მიმაჩნია. ხელისუფლებას უფრო მეტად სურს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, ვინაიდან მთლიანად პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება”, – განაცხადა ელგუჯა მეძმარიაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

დავით გამყრელიძე უარყოფს მეძმარიაშვილის ბრალდებას კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით და კონსტიტუციის 25-ე მუხლს ახსენებს, რომლის მიხედვით, ნებისმიერ პირს უფლება აქვს მშვიდობიანი მანიფესტაცია გამართოს და საკუთარი მოთხოვნები დააფიქსიროს.

“ხელისუფლებას შევახსენებ, რომ 3 ივნისს კი არ დაიწყება დესტაბილიზაცია, არამედ მაშინ, თუ ობიექტურად არ ჩატარდება არჩევნები”, – განაცხადა გამყრელიძემ.

პარლამენტს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანისთვის, დღის წესრიგის მიხედვით, ჯერ კიდევ ორი დღის წინ უნდა ეყარა კენჭი, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ეს პროცესი გადაიდო. მხოლოდ 21 მაისის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ დეპუტატებს საარჩევნო კოდექსის ის საკითხები გააცნო, რომელზეც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მოხერხდა.

მხარეებმა შეთანხმებას 130 პუნქტიდან 128-ზე მიაღწიეს, მათ შორის იმაზე, რომ არჩევნების დროს აღარ იქნება ამომრჩეველთა დამატებითი სიები მათთვის ვინც ვერ მიიღო საარჩევნო ბარათები ან არ აღმოჩნდნენ Qწინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო სიებში. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, დამატებითი სიები არჩევნების გაყალბების უმარტივეს გზას წარმოადგენს. გადასატანი ყუთებით ისარგებლებენ ის ინვალიდები და ავადმყოფები, რომელთაც არ შეუძლიათ საარჩევნო უბნებში მისვლა. არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის პირები, რომელბიც არჩევნების დღეს საქართველოს სხვა ქალაქში მიემგზავრებიან.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, თუ როგორი მექანიზმით მოხდება სამხედრო ნაწილში არჩევნების ჩატარება, რადგანაც არსებობს ვარაუდი, რომ ოფიცრები აიძულებენ ჯარისკაცებს ხმა მისცენ სახელისუფლებო პარტიებს. ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბნები შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ ჯარისკაცთა რაოდენობა არჩევნების დღეს 50-ზე მეტი იქნება, ამ უბნებს სამოქალაქო დამკვირვებლები  გააკონტროლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარისკაცები სამხედრო ნაწილების მახლობელ საარჩევნო უბნებში მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

ერთადერთი, რაზეც მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაა. მრავალი მსჯელობის მიუხედავად საერთო აზრის ჩამოყალიბება ვერ ხერხდება.

ზურაბ ჟვანიას თქმით, ოპოზიციის მხრიდან უამრავი შემოთავაზება წარუმატებლად დამთავრდა.
 
ამ საკითხის განსახილველად რიგგარეშე სხდომაც შეიძლება დაინიშნოს. ამისათვის კი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაა საჭირო სულ ცოტა 79 დეპუტატის ხელმოწერით გაგზავნილი მიმართვის მიხედვით. ორი კვირით ადრე მანიფესტაციის გამოცხადებით, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული პოლიტიკისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ გამოიყენონ ყველა საშუალება კონსულტაციების ჩასატარებლად სახელისუფლებო პარტიებთან.

მომავალს ოპტიმისტურად უყურებს “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ლიდერი მიხელი სააკაშვილი, რომელიც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუ რა პუნქტები ჩაიწერება კოდექსში, რადგანაც ხელისუფლება მაინც წააგებს არჩევნებს.

“ჩვენ ნებისმიერ ვითარებაში შევძლებთ ხელისუფლების შეცვლას. ისინი ფანჯრის კიდეზე მჯდომებს გვანან და ჩვენ უნდა ვიყოთ ის ერთიანი ძალა, რომელიც მათ ხელს კრავს და გადააგდებს” – განუცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხელი სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

3 ივნისამდე, სავარაუდოდ, ოფიციალური და არაოფიციალური კონსულტაციები ჩატარდება. თუ პარტიები რაიმე კონსენსუს მიაღწევენ არჩევნების თაობაზე, ამის შესახებ უკვე მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

Back to top button