skip to content
ახალი ამბები

ლეიბორისტები დღის წესრიგში აყენებენ კონსტიტუციურ ცვლილებებს

ლეიბორისტულმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი პარლამენტს იანვარში წარუდგინა, ხოლო პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა მხოლოდ გასულ კვირას დაიწყო. ლეიბორისტების წინადადებამ, შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გარდაქმნას.

საკონსტიტუციო ექსპერტის გია გეწაძის განცხადებით, პოლიტიკური დებატების არსს კონსტიტუციის ორი ძირითადი ასპექტი წარმოადგენს: საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებს შორის უფლებამოსილებების გადანაწილება და ქვეყნის ტერიროტორიული მოწყობა.

არსებული კონსტიტუცია ითვალისწინებს ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობას, სადაც პრეზიდენტი ასევე არის მის მიერ პარლამენტისადმი ინდივიდუალურად წარდგენილი მინისტრებისგან შემდგარი მთავრობის მეთაურიც. არ არსებობს გამარჯვებული პარტიებისგან ან მათი ალიანსისგან შემდგარი მინისტრთა კაბინეტი.

ტერიტორიული ადმინისტრირების სისტემის საკითხი არ განიხილებოდა საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, რადგანაც ტერიტორიული მოწყობის შესახებ პუნქტების შეტანა კონსტიტუციაში გადადებულ იქნა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მოლოდინში.

ლეიბორისტული პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ტერიტორიული ადმინისტრირების ახალ სისტემას, ორპალატიან პარლამენტს, მინისტრთა კაბინეტს, ორივე პალატის დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას, საარჩენვო ბარიერის შემცირებას 7-დან 5%-მდე, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას და მისი უფლებამოსილების უზენაესი სასამართლოსთვის გადაცემას.

ოპოზიცია აშკარა უნდობლობით შეხვდა ამ წინადადებას. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი ლეიბორისტების პრეზიდენტ შევარდნაძესთან “აშკარა ალიანსზე” ალაპარაკდა. მისი თქმით, კანონპროექტის ძირითადი დებულებები – საარჩევნო ბარიერის შემცირება, ორპალატიანი პარლამენტის შემოღება – უნისონში მოდის პრეზიდენტ შევარდნაძის იმ თეზისებთან, რომელიც მან პარლამენტში ბოლო ვიზიტისას გააჟღერა 2002 წლის ოქტომბერში.

ყველაზე მეტად ოპოზიციას მაჟორიტარი დეპუტატებისთვის მანდატის გაგრძელების ეშინია. ტრადიციულად, მაჟორიტარები ცნობილი არიან როგორც პრეზიდენტის ძლიერი პოლიტიკური მოკავშირეები და ოპოზიცია შიშობს, რომ არაპოპულარული მთავრობა შეეცდება გააძლიეროს ეს ჯგუფი და სენატის შექმნის მოტივაციით მაჟორიტარებს უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივოს. ამ სცენარის თანახმად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესებზე საგრძნობლად შესუსტება.  

“ჩემთან მოვიდნენ და უფლებამოსილების გაგრძელების სანაცვლოდ ამ კანონპროექტის მხარდაჭერა შემომთავაზეს, ამ გზით სიარული პარლამენტარიზმის დასამარებამდე მიგვიყვანს”, – აცხადებს “გაერთიანებული დემოკრატების” მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი. როგორც ჩანს, ოპოზიციონერ მაჟორიტარ დეპუტატებთან კულუარული მუშაობა ძალებს იკრეფს.

პარლამენტის თავჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს მწვავე რეაქცია ჰქონდა ლეიბორისტების წინადადებებზე. “თუ საქართველოს პარლამენტი თავის თავს მისცემს უფლებას და მაჟორიტარებისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებით დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვევს, მაშინ ასეთი პარლამენტის ყოლას აზრი ეკარგება”, – ჯერ კიდევ განხილვების დაწყებამდე აცხადებდა ნინო ბურჯანაძე.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია წარმატებაში. “რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამ პარლამენტში თუ არა, მომავალ პარლამენტში მაინც მოვახერხებ ამ საკონსტუტუციო ცვლილებების მიღებას”, – აცხადებს იგი. ნათელაშვილს საკმაოდ ძლიერი ბერკეტი გააჩნია, ვინაიდან მის კანონპროექტს 200 ათასმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი.

საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი ლეიბორისტების წინაასაარჩევნო ლოზუნგებით არის გაჯერებული. საარსებო მინიმუმი, უფასო განათლება და სამედიცინო მომსახურეობა, ნათესავების ურთიერთდაქვემდებარებით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის აკრძალვა, სახელმწიფო მოხელეთათვის უცხოეთის ბანკებში ანგარიშების გახსნის აკრძალვა, მოტყუებული მეანაბრეებისათვის და სხვა კატეგორიის მოქალაქეებისათვის ქონების დაბრუნების ვალდებულება და სხვა წინასაარჩევნო დაპირებები ლეიბორისტების კანონპროექტში ცალკეული მუხლების სახით არის ასახული.

საპარლამენტო განხილვებისას, მაშინ, როცა საკონსტიტუციო კანონპროექტი ოპოზიციური ფრაქციების კრიტიკას ვერ უძლებდა, სახელისუფლებო ფრაქციები პოზიციების დაფიქსირებისაგან თავს იკავებდნენ. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ თავი შეიკავა კანონპროექტის
გაუქმებისაგან. “ჩვენ შევეცდებით კანონპროექტს ისეთი სახე და შინაარსი მივცეთ, რომ იგი მისაღები და რეალისტური გახდეს. Oოპოზიცია არ აპირებს გაუშვას ხელიდან შანსი იმსჯელოს მინისტრთა კაბინეტსა და ადმინისტრაციულ ტერიტორიულ მოწყობაზე”, – განუცხადა სივილ ჯორჯიას ახლადშექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის წევრმა, “ტრადიციონალისტმა” ალექსანდრე შალამბერიძემ. 

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა, პარლამენტის გადაწყვეტილებით, ინტერფრაქციულ ჯგუფში გაგრძელდება და რადგანაც ამ სახით კანონპროექტის კენჭისყრისას 157 ხმის შეგროვება დღევანდელ პარლამენტში წარმოუდგენელია, კონსტიტუციური ცვლილებების  თამაში გაგრძელდება შემდეგი მოწვევის პარლამენტში. 

ნინო ხუციძე, ჯაბა დევდარიანი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button