ახალი ამბები

“ნაციონალები” ახალ სახალხო მოძრაობას იწყებენ

(თბილისი, 30 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ სახალხო მოძრაობას იწყებს, რომლის მიზანიცაა მოსახლეობის აზრის გარკვევა, როგორი არჩევნების ჩატარება სურთ მათ. მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მოძრაობა მხოლოდ კოორდინაციას გაუწევს ამ პროცესს, ამჯამად კი კონსულტაციებს აწარმოებს სხვა ოპოზიციურ ძალებთან ამ თემაზე.

“ჩვენ კარდაკარ ვივლით და ხალხის აზრს გავიგებთ, თუ როგორ საარჩევნო პროცესში სურთ მათ მონაწილეობა. თავად პარლამენტში გამართული დებატები არაფრის მომტანია, არჩევანი თავად ხალხმა უნდა გააკეთოს”, – აცხადებს სააკაშვილი.

იგი ამჟამინდელ პარლამენტს “დამბლადაცემულს” უწოდებს და მიაჩნია, რომ სწორედ “გაუგებარი, აბსოლუტურად მიუღებელი საარჩევნო კანონმდებლობა” შეიძლება გახდეს დესტაბილიზაციის გამომწვევი მიზეზი.

სააკაშილის თქმით, ამ მშვიდობიანი აქციებით, რომლის ჩატარებისკენაც იგი მოუწოდებს მოსახლეობას, ხელისუფლებას უნდა აჩვენოს, რომ “ხალხს აღარ სურს ასე ცხოვრება” და რომ სურთ დემოკრატიულ არცევნებში მონაწილეობა.

ნაციონალების ლიდერი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ხელისუფლებამ სახალხო მოძრაობის წინააღმდეგ პროვოკაციები მოაწყოს, მაგრამ მოძრაობის წევრებს მოუწოდებს, რომ არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button