
საქართველოს კავშირი ალ-ქაედასთან კვლავ კითხვებს ბადებს
20 მაისს, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამერიკულმა სააგენტო “ეი-ბი-სი ნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბინ ლადენის ქსელი აღდგენის პროცესშია და წვრთნის ტერორისტებს საქართველოში”. ქართველმა ოფიციალურმა პირებმა მკაცრად უარყვეს ეს ინფორმაცია. საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ პანკისში ტერორისტების ყოფნა “სრულიად გამორიცხულია”. აშშ-ში საქართველოს ელჩმა ლევან მიქელაძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ის “გაკვირვებული დარჩა” [“ეი-ბი-სი ნიუსის”] ინფორმაციაში ფაქტების სიმცირით. მან დასძინა, რომ აშშ-ს ვერცერთმა ოფიციალურმა სააგენტომ, რომელსაც ის დაუკავშირდა აღნიშნული ფაქტის თაობაზე, ვერ შეძლო “ეი-ბი-სი ნიუსის” ინფორმაციის დადასტურება. აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა აღნიშნა, რომ მას არ გააჩნია “არანაირი ინფორმაცია” საქართველოში ტერორისტების ყოფნის თაობაზე. მან დასძინა, რომ “არ შეიძლება ითქვას, რომ [ქვეყანაში] ამ მხრივ საგანგაშო სიტუაციაა. თუმცა ტერორისტების გარკვეული ნაწილი შესაძლოა კვლავ იმალებოდეს პანკისის ხეობაში”. თუმცა, “ეი-ბი-სი ნიუსის” ინფორმაცია საკმაოდ კარგად ეხმაურება 6 მაისს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ნიკოლა სარკოზის განცზადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ალ-ქაედას ცენტრებმა შესაძლოა საქართველოში გადაინაცვლოს. განახლებული ტერორისტული ქსელის მხრიდან მოსალოდნელის საფრთხის შესახებ საერთაშორისო რეზონანსმა მხოლოდ კიდევ უფრო გააძლიერა სამხრეთ კავკასიაში უკვე ტრადიციად ქცეული ურთიერთბრალდებები ტერორისტების შეფარების თაობაზე სხვადასხვა მოქიშპე პოლიტიკურ ძალებს შორის. რუსულმა მას-მედიამ აიტაცა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ქართული მხარის სამართალდამცავი ქმედებები პანკისის ხეობაში უშედეგო გამოდგა. ამავე დროს, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ბარლი დასდო ქართულ მხარეს სამეგრელოში ტერორისტების შეფარებაში. აფხაზეთის დევნილმა მთავრობამ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ალ-ქაედას ზოგიერთი წევრი შესაძლოა აფხაზეთს აფარებდეს თავს. ალ-ქაედას საკითხი კავკასიურ პოლიტიკაში ურთიერთზეწოლის პოპულარული ბერკეტი გახდა. თუმცა, დღემდე არ არსებობს დასაბუთებული ობიექტური მტკიცებულება ან მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა საქართველოში, კერძოდ კი პანკისის ხეობაში, ალ-ქაედას ყოფნისა და მოქმედების თაობაზე. ამ მხრივ ყველაზე გავრცელებული თეორია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის მიერ 2003 წლის 5 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში გამოიკვეთა. სახელმწიფო მდივანი თავის სიტყვაში ეყრდნობოდა ალ-ქაედას ერთ-ერთი დატყვევებული წევრის ჩვენებებს. პაუელმა აღნიშნა, რომ ალ-ქაედას ევროპული ქსელის საქმიანობას ხელმძღვანელობდა ალ-ქაედას ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაური ფედელ ნაზელ ხალაილე, რომელიც უფრო აბუ მუსაბ ალ-ზარქავის სახელითაა ცნობილი და, როგორც მიიჩნევენ, ერაყში ცხორვობდა. უშიშროების საბჭოს წარედგინა სლაიდი ალ-ქაედას ევროპული ქსელის სტქრუქტურით, რომელზეც ჩანს, რომ ვინმე აბუ ატია ხელმძღვანელობს ალ ქაედას “პანკისის უჯრედს”. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ “2001 წელს აბუ ატიამ დაავალა სულ ცოტა ცხრა ჩრდილო-აფრიკული წარმოშობის ექსტრემისტს გამგზავრებულიყვნენ ევროპაში მომწამლავი და ფეთქებადი საშუალებების გამოყენებით ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით”. თებერვლაშივე პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ გერმანიის, ბრიტანეთისა და სხვა ევროპულ სახელმწიფოთა რიგში ტერორისტები ასევე გეგმავდნენ შეტევებს საქართველოზე. პანკისის თემა ფიგურირებდა ბრიტანეთში აღმოჩენილი საწამლავის – რიცინის – საქმეშიც. ალ-ქაედას ევროპული ქსელის პაუელისეული მონახაზი მას-მედიისა და მეცნიერული წრეების კრიტიკის სამიზნე გახდა, რადგან ზედმეტად ემყარებოდა ერთ პიროვნებას: ალ-ზარქავის და მის ქსელს. პანკისის შემთხვევაში, სურათი კიდევ უფრო ბუნდოვანია. საქართველოს უშიშროების სამსახურებს არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ არც აბუ ატიაზე და არც მისი პანკისში ყოფნის თაობაზე. პაუელის სიტყვამდე აბუ ატიას სახელმა მხოლოდ ერთხელ გაიჟღერა საერთაშორისო მედიაში და ისიც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფროაციაზე დაყრდნობით. თურქული საინოფმაციო სააგენტო “ანადოლუს” ცნობით, 2002 წლის ივლისში ცსს-მ გააფრთხილა თურქული მხარე აშშ-სა და რუსეთის საელჩოების, ან თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ქიმიური ან ბიოლოგიური შეტევების საფრთხის თაობაზე. ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ მომწამლავი ნივთიერება საქართველოდან ვინმე აბუ ატიას უნდა შემოეტანა. 2003 წლის იანვარში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ გამოაქვეყნა მანმადე გასაიდუმლოებული ინფორმაცია პანკისის ხეობის შესახებ. ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ 700 ჩეჩენ მებრძოლთან ერთად პანკისში იმყოფებოდა 100-მდე არაბი ექსტრემისტი. სამინისტროს განცხადებით ალ ქაედას მთავარ მეკავშირეს პანკისში წარმოადგენდა, ვინმე აბუ ჰაფსი, მეტსახელად “ამჯეთი.” სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ამჯეთი აგრეთვე ხელმძღვანელობდა საველე ჰოსპიტალს პანკისის ხეობაში. ამდენად საინტერესოა, რომ პანკისის ალ-ქაედასთან კავშირების ქართული და ამერიკული ვერსიები ერთამენთს არ ემთხვევა, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად. ამასთან ერთად, ლალიაშვილმა განაცხადა, რომ აბუ ჰაფსი (ამჯეთი) იძებნება ინტერპოლის მიერ, თუმცა ინტერპოლმა არ დაადასტურა ეს ინფორმაცია. საერთაშორისო წყაროების მიხედვით ალ-ქაედაში ორი აბუ ჰაფსი იყო. ერთი მათგანი, აბუ ჰაფს მეტსახელად “ეგვიპტელი” მოკლულ იქნა ავღანეთში აშშ-ს საომარი ოპერაციის დროს. მეორე აბუ ჰაფსი – “მავრიტანიელი” (ნამდვილი სახელი: მაჰფუზ ვალიდ ალ-ვალიდ) ალ-ქაედას ერთ-ერთი უმაღლესი დონის ლიდერია. პანკისში მისი ყოფნა ნამდვილად არ დარჩებოდა შეუმჩნეველი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და კოლინ პაუელის მიერ. ამის გამო, და იმის გათვალისწინებით, რომ აბუ ჰაფსი (“წმინდა სულით გასხივოსნებული”) საკმაოდ გავრცელებული მეტსახელია, თითქმის შეუძლებელი ხდება პანკისი-ალ-ქაედას კავშირის ქართული ვერსიის დადასტურება. საიდუმლოების ბურუსში რჩება გახვეული ზოგიერთი კონკრეტული ტერორისტის წარსულში თუ ამჟამად პანკისში ყოფნისა და საერთაშორისო ტერორისტულ ქსელებთან მათი კავშირების საკითხი. ამით სკეპტიკოსებს საშუალება ეძლევათ განაცხადონ, რომ ასეთი კავშირების არსებობის დადასტურების სურვილი ძირითადად კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. საქართველო საკმაოდ სწრაფად შემობრუნდა ტერორისტების ყოფნის უარყოფისგან მათი არსებობის აღიარებისაკენ. ქართველმა ოფიციალურმა პირებმა განცხადებები პანკისის თაობაზე ერაყის კრიზისს დაამთხვიეს, ცდილობდნენ რა გამოემჟღავნებინათ კავშირები აშშ-ს ნომერ პირველ მტერსა და პანკისიდან მომდინარე საფრთზეს შორის. თუმცა არანაირი მტკიცებულება ღია წყაროებში წარმოდგენილი არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ ქართული მხარე მოელის მნიშვნელოვან სარგებელს საქართველოსადმი საერთაშორისო ტერორიზმის და განსაკუთრებით ალ-ქაედას მხრიდან მომავალი საფრთხის არსებობის დადასტურებისაგან. ქართველ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს გაზრდის აშშ-ს დამხარებას სამხედრო სფეროში, განსაკუთრებით კი ამჯამად მიმდინარე “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” ფარგლებში, რომელიც რეგიონში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროშის ქვეშ დაიწყო. მეორეს მხრივ, პანკისის (და მაშასადამე ჩეჩნეთის) დაკავშირება საერთაშორისო ტერორისტულ ქსელებთან ასევე ემსახურება აშშ-სა და რუსეთის ინტერესებს. ეს ორი სახელმწიფო ცდილობს გამონახოს პარტნიორობის ენა 11 სექტემბრისა და ერაყის ომის შემდგომ მსოფლიოში. მართალია ამგვარ “შეთქმულების თეორიებს” ბოლიმდე ვერ ვენდობით, მაგრამ, თვით მათი არსებობის ფაქტი სამხრეთ კავკასიის უშიშროების საკითხს უფრო მეტად პოლიტიზირებულ ხასიათს ანიჭებს, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ნათლად ჩამოყალიბებული, ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაციის არარსებობის პირობებში კი პოლიტიკოსებს სულ უფრო უჭირთ მკაფიო და გააზრებული გადაწყვეტილებებს მიღება ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით არსებული რეალური ტერორისტული საფრთხის არსებობის თაობაზე.ერ-რიადსა და კასაბლანკაში უკანასკნელ აფეთქებებს მსოფლიოში ანტიტერორისტული განგაშის ტალღა მოყვა, რომელმაც ახალი ბიძგი მისცა მსჯელობებს ალ-ქაედას ქსელის გამოცოცხლებასა და ამაში პანკისის ხეობის შესაძლო როლის თაობაზე.