
პოლიტიკური ვითარება იძაბება საპროტესტო აქციების მოლოდინში
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) დაკომპლექტების თაობაზე სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან 2 ივნისს გამართული მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო ოპოზიციის ლიდერები მასობრივი საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავენ პარლამენტის შენობის წინ 3 ივნისს. 2 ივნისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ქუჩის აქციებს “ქვეყანაში მართვადი ქაოსის შექმნის მცდელობა” უწოდა და ოპოზიციასა და მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისაგან. თუმცა, ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, საპროტესტო აქცია ერთადერთ გზას წარმოადგენს, რათა “აიძულონ მთავრობა სამართლიანი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩაატარონ” 2 ნოემბერს. 3 ივნისს დილით ადრე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ შეკრება, სადაც პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ, რომლებიც, მათივე თქმით, შეეცდებიან “თავიდან აიცილონ მოსალოდნელი დესტაბილიზაცია”. 2 ივნისს შექმნილ ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭოში “გაერთიანებული დემოკრატების”, “ახალი მემარჯვენეების”, “ნაციონალური მოძრაობის”, “ტრადიციონალისტებისა” და “სახალხო პარტიის” წარმომადგენლები შევიდნენ. ხუთივე პარტია გეგმავს მონაწილეობას 3 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციაში. თუმცა, ორმა ოპოზიციურმა პარტიამ – “ლეიბორისტებმა” და “აღორძინებამ” – უარი თქვეს აქციაში მონაწილეობაზე. “ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბების საშუალებას, ამისათვის მზად ვართ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, შევიმუშაოთ ტაქტიკა და მივაღწიოთ დემოკრატიული საარჩევნო კოდექსის დამტკიცებას”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “სახალხო პარტიის” ლიდერმა მამუკა გიორგაძემ. “საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივა კონკრეტულად ერთი პარტიის იდეა არ ყოფილა, არამედ ეს ერთობლივად მოხდა. ამისთვის ჩვენ დიდი ხანია ვემზადებოდით. ეს არ ნიშნავს ერთობლივი ბლოკის შექმნას, თუმცა მისი რიგები შეიძლება მომავალში გაიზარდოს”, – აცხადებს “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე. “ჯერ-ჯერობით, შევძელით თუ არა გაერთიანება, ამაზე საუბარი ნაადრევია. ეს მიზნობრივი გაერთიანება არ არის, თუმცა, ერთობლივ კოორდინირებულ “ბრძოლას” ვაპირებთ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიზნით”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “გაერთიანებული დემოკრატების” წარმომადგენელმა ვასილ მაღლაფერიძემ. პირველი ერთობლივი ღონისძიება, რომელსაც ოპოზიცია გამართავს, იქნება 3 ივნისს დაგეგმილი მშვიდობიანი მანიფესტაცია პარლამენტის შენობის წინ. ოპოზიცია აცხადებს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ დაინახოს, რომ მოსახლეობა არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას არსებული საარჩევნო კანონმდებლობის გამოყენებით. ოპოზიციამ ქუჩაში გასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელისუფლებასთან წარმოებულ რამდენიმეთვიან მოლაპარაკებებს საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ შედეგი არ გამოუღია. 2 ივნისის ორშაბათის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ქუჩაში ხალხის გამოსვლების თავიდან ასაცილებლად ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოხატა და აქვე შესთავაზა პარლამენტს სამთავრობო და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული ძირითადი კონფლიქტური საკითხის გადაწყვეტა. “სად გაგონილა ქუჩაში ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა? მე ჩემი ხალხის იმედი მაქვს. ჩვენ უკვე გვაქვს სახელმწიფოებრივი საკითხების ქუჩაში გადაწყვეტის პრაქტიკამ თუ რა შედეგი მოუტანა ხალხს, ამის გამო, ვფიქრობ მათ არ აწყობთ იგივე სიტუაციის განმეორება და არეულობა”, – განაცხადა 2 ივნისის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა. ხელისუფლების შიში მასობრივი პროტესტისადმი სრულიად გასაგებია, თუ გავიხსენებთ 2001 წლის ნოემბრის მოვლენებს, როდესაც სწორედ ფართომასშტაბიანმა ქუჩის აქციებმა ხელისუფლებას წამყვანი ფიგურები ჩამოაშორა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ 3 ივნისის აქციას შედეგი არ მოჰყვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, მაშინ 17 ივნისს გაიმართება უფრო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია.