ახალი ამბები

ხელისუფლება კომპრომისზე არ მიდის

ოპოზიციის გააქტიურებისა და 3 ივნისის საპროტესტო აქციის მიუხედავად ხელისუფლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით კომპრომისზე არ მიდის. უფრო მეტიც, პრეზიდენტი შევარდნაძე ქვეყანაში “წესრიგის შენარჩუნებისთვის” მკაცრი ზომების გატარებას აპირებს.

შევარდნაძე რომ დათმობას არ აპირებს ეს 4 ივნისის მთავრობის სხდომაზეც გამოჩნდა, სადაც მან გენერალურ პროკურატურას 3 ივნისის საპროტესტო აქციის ჩატარების კანონიერების შესწავლა დაავალა. შევარდნაძემ მიმდინარე მოვლენებს მკაცრი შეფასება მისცა პარლამენტის წინ გამართულ მანიფესტაციას და მას “ინციდენტი” უწოდა.

შევარდნაძემ სამართალდამცველ ორგანოებს “საგანგებო სხდომის” მოწვევა დაავალა, სადაც მთავრობა, როგორც პრეზიდენტი აცხადებს “შეიმუშავებს ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ზომებს,” თუმცა მას არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის ღონისძიებებზეა საუბარი. 

“წესრიგის გარეშე ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება წარმოუდგენელია,” – განაცხადა 4 ივნისის მთავრობის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ.

როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, პრეზიდენტის ამგვარი რეაქცია სრულიად მოსალოდნელი იყო. 3 ივნისის საპროტესტო აქციის შემდეგ სახელისუფლებო პარტიები სიხარულით აღნიშნავდნენ, რომ ოპოზიციამ ვერ მიიპყრო მოსახლეობის ყურადღება. მრავალი აღნიშნავს, რომ ცსკო – ეს არ არის ის თემა, რომლითაც ხალხის დიდი ფენების ქუჩებში გამოყვანა იქნება შესაძლებელი.

“გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას არ აწუხებს ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ამის ეჭვს ბადებს ის, რომ პრეზიდენტმა მანიფესტაციების მოწყობის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე იცოდა და ცსკო-ს გაუქმება თავისუფლად შეეძლო, თუმცა ამ დათმობაზე არ წავიდა” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას რადიო თავისუფლების მიმომხილველმა ია ანთაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ხალხის მთავარ ინტერესს არ წარმოადგენს ცსკო-ს დაკომპლექტება და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი, როცა ეს პირად მის ინტერესებს და უშუალოდ სოციალური პირობების გაუმჯობესებას არ ეხება.

“მოსახლეობა თავის პრობლემად არ აღიქვამს ცსკო-ს დაკომპლექტების საკითხს და მისი ამ მოთხოვნით ქუჩაში გამოყვანა გაჭირდება და ამას პერმანენტული სახე არ მიეცემა. ამას გრძნობს შევარდნაძე და დათმობაზე არ მიდის” – მიიჩნევს ანთაძე.
 
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 2 ივნისს საკოორდინაციო საბჭო შექმნეს თანამშრომლობის გასაღრმავებლად, როგორც ჩანს იმედგაცრუებულნი არიან. მათ 4 ივნისის პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და მთელი დღის განმავლობაში მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 4 ივნისს ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, გააკრიტიკა ხელისუფლება და განაცხადა, რომ მთავრობა კომპრომისზე არ მოდის.

“ერთადერთი კომპრომისი იქნება ცსკო-ს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტება პარიტეტულ საწყისებზე. ამაში მე ევროპის საბჭოს ექსპერტებიც დამეთანხმნენ,” განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
ოპოზიცია საპროტესტო მანიფესტაციების გაგრძელებას გეგმავს, რადგან ქუჩის აქციებს ოპოზიცია მიზნის მიღწევის ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს.

“ხელისუფლებას გაუჩნდა შიში, რომ არჩევნების დროს ხალი მხარს არ დაუჭერს და აღარ აირჩევს, ამის გამო ვფიქრობთ დათმობაზე წამოვა და შექმნის პირობას სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელმა.

პოლიტიკური ბალანსი ქვეყანაში არასტაბულურია, რადგანაც, როგორც ჩანს, შევარდნაძე ოპოზიციასთან დიალოგს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ოპოზიციური პარტიები გრძნობენ, რომ მათ ინტერესებს ცსკო-ს დაკომპლექტების სამთავრობო ვარიანტის გამო პირდაპირი საფრთხე ემუქრება.

მათ ან შევარდნაძესთან მოუწევთ ბრძოლა საარჩევნო კომისიის პარიტეტული დაკომპლექტების თაობაზე, ან ისევ ქუჩაში გასვლა. მეორე ვარიანტი უფრო სიცოცხლისუნარიანია, და ამ ეტაპზე უფრო საიმედო “ახალი მემარჯვენეებისთვის”, “ნაციონალური მოძრაობისთვის”, “სახალხო პარტიისა” და “გაერთიანებული დემოკრატებისთვის”.
“აღორძინება” და “ლეიბორისტული პარტია” უფრო უსაფრთხოდ იქცევიან, რადგან პირველი იმედებს ამყარებს აჭარიდან გარანტირებულ ხმებზე, ხოლო მეორეს სჯერა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების გარეშეც საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს ამ საკითხის პარლამენტში გადასაწყვეტად.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ცსკო-ს წევრთა ნაწილი გადადგა
საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანა კვლავ ვერ ხერხდება

Back to top button