ახალი ამბები

კოდორში გაეროს დამკვირვებლები გაიტაცეს

მორიგი დესტაბილიზაციის მოლოდინში

კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებელთა გატაცების ფაქტი ზრდის თბილისის შეშფოთებას რეგიონში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თაობაზე.

დღეს დილით კოდორის ხეობაში პატრულირებისას გაეროს დამკვირვებელთა მისიის სამი თანამშრომელი და ერთი ქართველი თარჯიმანი გაიტაცეს.

“გაეროს დამკვირვებელთა მისიას, რომელიც რეგულარულ პატრულირებას აწარმოებდა, თავს დაესხნენ უცნობი შეიარაღებული პირები. სროლის შემდეგ, რომელსაც საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია, თავდამსხმელებმა გაიტაცეს გაეროს სამი დამკვირვებელი, ქართველი თარჯიმანი და მათი თანმხლები რუსი სამშვიდობოები. ეს უკანასკნელნი მაშინვე გაათავისუფლეს, ხოლო დამკვირვებლები კვლავ მათ ხელში არიან”, – აცნობა 5 ივნისს “სივილ ჯორჯიას” გაეროს მისიის უფროსმა პოლიტიკურმა მრჩეველმა მარიან შტაშევსკიმ.

მისი თქმით, მისია რეგულარულად უკავშირდება საქართველოს მთავრობას კოდორში არსებული სიტუაციის თაობაზე. კომენტარისგან და გატაცებულთა ვინაობის და ეროვნების დასახელებისგან შტაშევსკიმ თავი შეიკავა. თუმცა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მეთაურის თამაზ ნადარეიშვილის განცხადებით, გატაცებულა ორი გერმანელი და ერთი დანიელი დამკვირვებელი.  

საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია გატაცებულთა ადგილსამყოფელისა და გატაცების მიზეზების შესახებ.

მთავრობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ინციდენტი კიდევ უფრო გაართულებს ისედაც დაძაბულ სიტუაციას ხეობაში, რადგანაც მისი ერთი ნაწილი კონტროლირდება საქართველოს ხელისუფლების მიერ, ხოლო მეორე ნაწილი – აფხაზების მიერ. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ბრალს სდებენ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ხეობის მთლიანად ხელში ჩაგდების მცდელობაში.

“ვეჭვობ, რომ ინციდენტი რუსეთში მომზადდა იმ მიზნით, რომ გაამწვავონ სიტუაცია რეგიონში და საფრთხე შეუქმნან საქართველოს საერთაშორისო იმიჯს”, – განუცხადა თამაზ ნადარეიშვილმა “სივილ ჯორჯიას”.

“ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ პრობლემის მისაგვარებლად უმოკლეს დროში, რათა გადავარჩინოთ ჩვენი საერთაშორისო იმიჯი”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ.

გატაცება დაემთხვა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის 5 ივნისს დაგეგმილ მოლაპარაკებებს ლტოლვილთა გალის რაიონში დაბრუნების თაობაზე. თუმცა ინფორმაციამ გატაცების შესახებ ხელი შეუშალა მოლაპარაკებების ჩატარებას.

2001 წელს კოდორში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად დაიღუპნენ გაეროს დამკვირვებლები და ეკიპაჟი. ეს თავდასხმა ჩეჩენ მებრძოლებს დაბრალდათ, რომლებიც მაშინ აფხაზეთში იმალებოდნენ.

გაეროს 100-მდე დამკვირვებელი აკონტროლებს ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობის შენარჩუნებას კონფლიქტის ზონაში.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button