
ხელისუფლება ალყაშემორტყმულ გამტაცებლებთან მოლაპარაკებებზე მიდის
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, მათ იციან გაეროს დამკვირვებელთა ადგილსამყოფელის შესახებ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ გამტაცებლებთან, რათა გაეროს თანამშრომლების უსაფრთხო გათავისუფლება უზრუნველყოს. არაოფიციალური წყაროების ცნობით განთავისუფლება შესაძლოა უკვე დღესვე მოხდეს. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, გამტაცებლებმა 3 მილიონი დოლარი მოითხოვეს მძევალთა გასათავისუფლებლად. საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია და საქართველოს მთავრობა არ აპირებენ გამოსასყიდის გადახდას. 9 ივნისს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების სპეცდანიშნულების რაზმებმა გამტაცებელთა სავარაუდო ადგილსამყოფელს, სოფელ ომარიშარას ალყა შემოარტყეს. პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს გამტაცებლებთან. “ამ დანაშაულის ჩადენა მხოლოდ ქვეყნის არაკეტილმოსურნე ადმიანს შეეზლო. ვიმედოვნებ, გამტაცებლებს იპოვიან და საკადრისად დასჯიან. გატაცებულებს რომ საფრთხე არ შეექმნათ, ხელისუფლება მზად არის გამტაცებლებთან მოლაპარაკებები დაიწყოს” _ განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 9 ივნისის რადიოინტერვიუში. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ჯემალ გახოკიძის განცხადებით, რომ გამტაცებლები დროდადრო უკავშირდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა დეტალების კომენტირებისგან გახოკიძემ თავი შეიკავა. გაეროს მისიის თბილისის ოფისი ასევე უარს ამბობს კომენტარზე. 5 ივნისს, მას შემდეგ რაც კოდორის ხეობიდან შემოვლაზე მყოფი დამკვირვებლები კლაუს ოტი, ჰენრიკ სორენსენი, ერბერტ ბაუერი და მათი ქართველი თარჯიმანი ლაშა ჩიკაშუა გაიტაცეს, კოდორის ხეობა საგანგებო მდგომარეობაში იმყოფება. მობილიზებულია ყველა ძალოვანი უწყება, თუმცა ძირითადად გატაცებულთა ძებნაში ჩართული იყო კოდორის ადგილობრივი მოსახლეობისგან შექმნილი მოხალისეთა სამხედრო ბატალიონი “მონადირე”, რომელმაც მძევალთა გაათავისუფლება პრესტიჟის საქმედაც კი მიიჩნია. საქართველოს პრეზიდენტი ისევე, როგორც მისი რწმუნებული კოდორის ხეობაში მზარ კვიციანი იმედს გამოთქვამენ, რომ გატაცებულებს უვნებლად გაანთავისუფლებენ. “ჩვენ აუცილებლად ვიპოვით და გავათავისუფლებთ მძევლებს. ეს ჩვენი მოვალეობაა. თანაც, ისე, რომ არაფერს გადავიხდით” _ კატეგორიული ტონით აცხადებს კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი. რწმუნებული მომხდარში პროვოკაციას ხედავს. ის მომხდარში რუსეთის როლს არ გამორიცხავს. ასეთ განწობას როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც იზიარებს. “როდესაც გამტაცებლები გაეროს დამკვირვებლების მანქანას თავს დაესხნენ, იქვე ახლოს რუსი სამშვიდობოები იმყოფებოდნენ. მათ დანაშაულის აღსაკვეთად არაფერი გააკეთეს” _ განაცხადა აფხაზეთის ლეგიტიმური და დევნილი ხელისუფლების ხელმძღვანელმა თამაზ ნადარეიშვილმა. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება კი მომხარში მთლიანად ოფიციალურ თბილისს ადანაშაულებს. “გაეროს დამკვირვებელთა გატაცება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობის ტერიტორიაზე მოხდა, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა მომხადი ინციდენტის გამო ქართულ მხარეს აკისრია” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ. კოდორის ხეობაში, რომელიც აფხაზეთში ოფიციალური თბილისის კონტროლის ქვეშ მყოფი ერთადერთი ტერიტორიაა, უკანასკნელ პერიოდში ვითარება საგრძნობლად გაუარესდა. კოდორის მოსახლეობამ 7 ივნისს სახალხო შეკრებაზე განაცხადა, რომ დაიღალა მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობით და ხელისუფლებას წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდა. ბოლო სამ წელიწადში კოდორის ხეობიდან გაეროს დამკვირვებლები უკვე სამჯერ გაიტაცეს. წინა ორი შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა _ ხელისუფალთა თქმით, მძევლები უსასყიდლოდ გათავისუფლდენენ. 2001 წელს კი გაეროს დაკვირვებელთა ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად გაეროს 9 თანამშრომელი დაიღუპა. გოგა ჩანადირი