
გაეროს დამკვირვებლები გაათავისუფლეს, გამტაცებლები კი არ დაუკავებიათ
არსებული ინფორმაციით, დღეს გამტაცებლებმა კოდორის ხეობაში მძევლად აყვანილი გაეროს დამკვირვებლები და მათი თარჯიმანი გაათავისუფლეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, გათავისუფლება გამოსასყიდის გადახდის გარეშე მოხდა. გამტაცებლებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს მძევლები, რაც მოლაპარაკებების დროს საქართველოს ხელისუფლება მათი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე დათანხმდა. ამგვარად, რვა გამტაცებლიდან არცერთი არ იქნა დაკავებული. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გამტაცებლები 3 მილიონ დოლლარს ითხოვდნენ მძევალთა გასათავისუფლებლად. თუმცა, არც საქართველოს მთავრობა, არც გაეროს მისიის საქართველოს წარმომადგემლობა არ დათანხმდა გამოსასყიდის გადახდაზე. 9 ივნისს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების სპეცდანიშნულების რაზმებმა გამტაცებელთა სავარაუდო ადგილსამყოფელს ალყა შემოარტყეს. სავარაუდოდ, გამტაცებლები სოხუმის ციხიდან გაქცეული პატიმრები არიან. როგორც ცნობილია, ცხრა პატიმარი, მათ შორის ქართველები, ჩეჩნები და აფხაზები, სოხუმის ციხიდან აპრილში გაიქცნენ. რამოდენიმე მათგანს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი. მას შემდეგ აფხაზეთის მხარე ოფიციალურ თბილისს გაქცეული პატიმრებისთვის კოდორი ხეობაში თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს. 9 ივნისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს გამტაცებლებთან მძევალთა გათავისუფლების თაობაზე. 5 ივნისს რვა შეიარაღებული პირი თავს დაესხა და გაიტაცა გაეროს დამკვირვებლები, როდესაც ეს უკანასკნელნი კოდორის ხეობის პატრულირებას ახდენდნენ. ბოლო სამ წელიწადში კოდორის ხეობიდან გაეროს დამკვირვებლები უკვე სამჯერ გაიტაცეს. წინა ორი შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა _ ხელისუფალთა თქმით, მძევლები უსასყიდლოდ გათავისუფლდენენ. 2001 წელს კი გაეროს დაკვირვებელთა ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად გაეროს 9 თანამშრომელი დაიღუპა.