
ჩეჩენი ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნების ეშინიათ
10 ივნისს რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე იური ბრაჟნიკოვი პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილების მცირე ნაწილს საქართველოს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფის ბაზაზე ღია ცის ქვეშ, ერთი საათის განმავლობაში არწმუნებდა საკუთარ სამშობლოში დაბრუნებაზე. “ნებისმიერ თქვენგანს საშუალება გეძლევათ დაბრუნდეთ თქვენს სამშობლოში, ამაში დახმარებას ჩვენ გაგიწევთ, ქართველებთან ერთად. გარწმუნებთ ეს პროცესი მშვიდობიანად წარიმართება. უკვე შემუშავებული გვაქვს მექანიზმი, თუ როგორ უნდა დაბრუნდეთ” – განუცხადა იური ბრაჟნიკოვმა პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნებს. რუსეთის საგანგებო სიტუაციებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ექვს კაციანი დელეგაცია, რომელიც შარშან უშუალოდ პრეზიდენტ პუტინის ბრძანების შემდეგ დაკომპლექტდა და რომელიც საქართველოში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციაზე მუშაობს თბილისში 9 ივნისს ჩამოვიდა. მათ პანკისის ხეობაში გამგზავრებამდე შეხვედრა ჰქონდათ ქართველ კოლეგებთან, სადაც ჩეჩნების სამშობლოში დაბრუნების გეგმაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს. “ჩვენ მზად ვართ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში და ყველა ჩეჩენ ლტოლვილს ვისაც დაბრუნების სურვილი ექნება შეუწყოთ ხელი და მშვიდობიანად მოვახდინოთ მათი გადაყვანა” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით თოდუამ, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა სოფელ დუისის მისასვლელთან შემდგარ შეხვედრას. იგი მყარ გარანტიას იძლევა, რომ ჩეჩნებს მშვიდობიან ვითარებაში მოუწევთ ცხოვრება. “მართალია იქ კვლავაც ხდება ტერორისტული აქტები, მაგრამ ასეთი ფაქტებისაგან ვერც ერთი ქვეყანა დაცული ვერ იქნება, თუმცა ვითარება ახლა ნორმალურია” – განაცხადა ბრაჟნიკოვმა. მისი თქმით, უკვე არსებობს რამდენიმე ათასი საცხოვრებელი ბინა გროზნოში, სადაც საქართველოდან წასულ ჩეჩენ ლტოლვილებს დაბინავება შეეძლებათ. ასევე რუსები მზად არიან დაბრუნებული ჩეჩნები სამუშაო ადგილებით უზრუნველყონ. შეხვედრის დროს რუსეთის დელეგაციამ მოსახლეობას გააცნო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ჩეჩენი პატიმრის დროზე ადრე გათავისუფლებას, ვისაც უშუალოდ აქტიური მონაწილეობა არ მიუღია საომარ მოქმედებებში, თუმცა ჯერ არ არსებობს კრიტერიუმი რომლის მიხედვით განისაზღვრება თუ ვინ მიიღო მონაწილეობა და ვინ არა. “ჩვენ ვითხოვთ მყარ გარანტიას, რომ იქ ჩვენი შვილები უსაფრთხოდ და მშვიდობიან ვითარებაში იცხოვრებენ და საფილტრაციო ბანაკებში არ ამოყოფენ თავს. პირველ რიგში ვითხოვთ ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ჯარის გაყვანას”, – განაცხადა პანკისში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ჩეჩენმა ლტოლვილმა ასლანბეგ აბდურზაკაევმა. “ჩვენ არც იქ ჩატარებულ რეფერენდუმის გვჯერა, ვიცით მისი შედეგები და აქტიურად ვადევნებთ თვალყურს იქ მიმდინარე მოვლენებს და ვეჭვობთ, რომ ნორმალურად შევძლებთ ჩვენს სამშობლოში ცხოვრებას” – განაცხადა იური ბრაჟნიკოვთან პირისპირ საუბრის დროს აბდურზაკაევმა. “მსურს ჩემს სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ არ ვიცი როგორ პირობებში ვიცხოვრებ. აქ დაყენებული წინადადებები კარგია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ მათ შესრულებაში” – უთხრა ჩეჩენმა ლტოლვილმა ხანბეკმა “სივილ ჯორჯიას.” “ავად თუ კარგად აქ უფრო მშვიდად ვგრძნობთ თავს, ვიდრე სამწუხაროდ ჩემს ქვეყანაში, ამის გამო ჯერ ნაადრევია წასვლაზე ფიქრი” – დასძინა მან. დუისის შესასვლელთან გამართული შეხვედრა ყოველგვარი კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა, თუმცა რუსეთის დელეგაცია მაინც კმაყოფილები იყვნენ და აცხადებდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ მუშაობას ჩეჩნების დაბრუნებაზე, მანამდე კი ჰუმანიტარული დახმარებების ჩამოტანით დასაქმდებიან. დღეის მონაცემებით პანკისის ხეობაში 4000-მდე ლტოლვილი ცხოვრობს, მათი ხელახალი აღწერა კი მომავალ კვირიდან დაიწყება და რაიონის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ მათი რიცხვი გაზრდილი იყოს. თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”პანკისის ხეობაში მაცხოვრებელი ჩეჩენი ლტოლვილები შიშობენ, რომ რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები ჩეჩნეთში უსაფრთხოების გარანტიების შექმნის შესახებ უბრალო დაპირებად დარჩება და კვლავ პანკისის ხეობაში დარჩენას ამჯობინებენ.
“ჩვენ უკვე ერთი წელია ამ საკითხთან დაკავშირებით ვმუშაობთ, უკვე შევთანხმდით, რომ ქართველები დაგვეხმარებიან ტრანსპორტირების მხრივ, კერძოდ ყველა ჩეჩენი, რომელიც მოისურვებს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დაბრუნებას თბილისამდე ავტობუსებით, ხოლო შემდეგ თვითმფრინავით იქნებიან გადაყვანილი. ასევე შეეძლებათ საკუთარი ტრანსპორტითაც გამგზავრება, ასეთ შემთხვევაში მათზე სპეციალური საბუთები გაიცემა და საზღვარზე გადასვლა თავისუფლად შეეძლებათ” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” იური ბრაჟნიკოვმა.
მიმზიდველი წინადადებების მიუხედავად რუსეთის დელეგაციამ ვერ შეძლო ჩეჩენი ლტოლვილების საბოლოოდ დარწმუნება სამშობლოში დასაბრუნებლად.