ახალი ამბები

ოპოზიციონერი დეპუტატები შიმშილობას განაგრძობენ

ხელისუფლება პენსიების ნაცვლად ფასიანი ქაღალდების დარიგებას აპირებს

უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც ხუთი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან იუსტიციის სამინისტროს შენობაში შიმშილობს და ხელისუფლებისგან საპენსიო დავალიანების გადახდას მოითხოვს. პრეზიდენტმა ამ აქციას “ისტერიული პოპულიზმი უწოდა” და ირწმუნება, რომ პენსიების დავალიანებას ხელისუფლება აუცილებლად გაისტუმრებს ფასიანი ქაღალდების მეშვეობით. მოსახლეობაში ამ ქაღალდებისადმი ნდობა კი პრაქტიკულად არ არსებობს.

“ხელისუფლება ჩვენ ნუ შეგვიცოდებს, პენსიონერები შეიცოდონ, რომლებიც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო უკვე რამდენიმე წელია შიმშილობენ და კუთვნილ პენსიებს უშედეგოდ ითხოვენ”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ერთ-ერთმა მოშიმშილე დეპუტატმა კობა დავითაშვილმა.
  
“ჩვენი ჯანმრთელობის გაუარესებას შესაძლოა პენსიონერების მოთხოვნის დაკმაყოფილება მოჰყვეს, რითაც ჩვენი მიზანიც იქნება მიღწეული. ამის გამო ჩვენ შიმშილობის ვადები არ დაგვითქვამს”, – აცხადებს საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დეპუტატი გოჩა ჯოჯუა.

ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც “ნაციონალების” ინიციატივით სამტრედიელმა პენსიონერებმა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და მთავრობისგან 1998-2000 წლების საპენსიო დავალიანების გადახდა მოითხოვეს. პენსიონერების ადვოკატი თავად კობა დავითაშვილი იყო. სასამართლომ 2003 წლის 21 აპრილს დააკმაყოფილა მოსარჩლე პენსიონერების მოთხოვნა და სოციალური დაზღვევის ერთიან ფონდს და ფინანსთა სამინისტროს ამ პენსიონერებისთვის პენსიების გასაცემი თანხის 148 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
 
ამას მოჰყვა 2144 ქუთაისელი პენსიონერის ანალოგიური სარჩელი. შედეგი იგივე იყო. ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ იგივე უწყებებს პენსიების გაცემა დააკისრა, რაც დაახლოებით 215 ათასს ლარს შეადგენს.

“ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ იმ პენსიონერებს, რომლებიც თავის დროს ხელისუფლების მხრიდან არანაირ მუქარას არ შეუშინდნენ და სარჩელი შეიტანეს სასამართლოში, ისინი ამ რისკზე წავიდნენ და მოიგეს კიდევაც, თუმცა შედეგი არ ჩანს”, – აცხადებს კობა დავითაშვილი.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს განაჩენის აღმასრულებელი ორგანოა, რის გამოც გადაწყდა შიმშილობის აქციის ამ სამინისტროში დაწყება. სააღსრულებო წარმოების შესახებ მოქმედი კანონით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ფონდმა სასამართლოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით 3 თვეში უნდა შეასრულოს. ეს ვადა 21 ივლისს ამოიწურა.

საერთო ჯამში, სამტრედიისა და ქუთაისის სასამართლოების გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას სულ 364 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. ამ თანხის გადახდა ხელისუფლებას, მიუხედავად საბიუჯეტო დეფიციტისა, თავისუფლად შეუძლია, თუმცა, როგორც მოშიმშილე დეპუტატები აცხადებენ მთავრობას არ უნდა დაუშვას მისთვის სახიფათო პრეცედენტი.

“ხელისუფლების პოზიცია ასეთია, რომ თუ ამ პენსიონერების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ეს პრეცედენტი შეიქმნა, გამოჩნდება სხვა პირები, რომლებიც ანალოგიური მოთხოვნით გამოვლენ, რაც ხელისუფლებას არ აწყობს, ამას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პირდაპირ ტელევიზიით აცხადებს”, – ამბობს კობა დავითაშვილი.  

სულ, საქართველოში დაახლოებით 800 ათასია პენსიონერია. სახელმწიფოს მათდამი ვალი 16 მილიონ ლარს შეადგენს. თითოეულ მათგანს შეუძლია ხელისუფლებას უჩივლოს და პროცესი მოიგოს. 16 მილიონის გადახდა კი ხელისუფლებას ნამდვილად არ შეუძლია.

“ნაციონალების” აქციას იუსტიციის სამინისტროში კატეგორიულად ეწინააღმდეგება თავად იუსტიციის მინისტრი. როლანდ გილიგაშვილის განმარტებით, მოქალაქეებს, მით უმეტეს პარლემენტს წევრებს, უფლება არ აქვთ შიმშილობა სახელმწიფო დაწესებულებაში დაიწყონ.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო რეფორმის გატარების შემდეგ მოსამართლეთა მრავალმა გადაწყვეტილებამ ხელისუფლებას ბევრი “პრობლემა” შეუქმნა. როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, პოლიტიკოსები არჩევნების წინ კარგად იყენებენ ამ ფაქტორს. მაგალითად ლეიბორისტულმა პარტიამ სასამართლოში მოიგო საქმე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების მოთხოვნით, რამაც ხელისუფლებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეუქმნა პრობლემები. ფონდი კატეგორიულად მოითხოვს ტარიფის გაზრდას.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” კი არჩევნების წინ სწორედ პენსიონერების პრობლემები აირჩია სამიზნედ. პრეზიდენტმა შევარდნაძემ დეპუტატების შიმშილობის კომენტირებისას სწორედ ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება და პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ “ისტერიული პოპულიზმისაგან” თავის შეკავება მოთხოვა. მან ასევე ირონიულად აღნიშნა, რომ “მოშიმშილეებს წონის დაკლება სურთ, თორემ, ისე მათ აქციას არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს.”

იმას, რომ “ნაციონალების” აღნიშნული აქცია არჩევნებს უკავშირდება, თავად კობა დავითაშვილიც აღიარებს.  “პოლიტიკოსის საქმიანობა პოლიტიკაა, ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰგონია, რომ საარჩევნო კამპანია 3 თვით ადრე იწყება, ჩვენ კი 4 წლის წინ დავიწყეთ და ეს ჩვენი მოვალეობაა – დავიცვათ მოსახლეობის ინტერესები და შევასრულოთ ჩვენი დანაპირები,” – განაცხადა დავითაშვილმა.

“ნაციონალების” შიმშილობას დიდი მხარდაჭერა მოჰყვა თავად პენსიონერების მხრიდანაც, რომლებმაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად საპროტესტო აქცია 21 ივლისს გამართეს იუსტიციის სამინისტროს წინ, სადაც პენსიების გაცემის მოთხოვნის პარალელურად ხელისუფლების გადადგომასაც მოითხოვდნენ.

მოშიმშილეებს სოლიდარობას უკვე ის მოქალაქეებიც უცხადებდნენ, ვისი ვალიც აქვს ხელისუფლებას. მათ შორის არიან 1998 წელს ფოთში ჩაძირული გემის დროს დაღუპული მეზღვაურების ოჯახის წევრები, რომელთაც კომპენსაციის სახით ერთი წლის წინ ფოთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარკვეული თანხა უნდა მიეღოთ შესაბამისი უწყებებიდან, მაგრამ დღემდე არაფერი მიუღიათ.

“ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ხალხს და მოვითხოვთ კუთვნილ თანხებს ჩვენი ობოლი ბავშვების სარჩენად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვართ უარი ვთქვათ საქართველოს მოქალაქეობაზე და თავშესაფარი სხვა ქვეყანაში ვითხოვოთ, საქართველოს მოქალაქეობა არანაირად არ გვიცავს ჩვენ”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საპროტესტო აქციის მონაწილე დარეჯან სხიერელმა.

“ჩვენი შიმშილობა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევებს [ქუთაისი, სამტრედია] კი არ ეხება, არამედ იმასაც, რომ ხელისუფლება არ ასრულებს და იგნორირებას უკეთებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რაც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის წარმოუდგენელია. მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ მას აქვს მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვის უფლება”, – აცხადებს ერთ-ერთი მოშიმშილე დეპუტატი გოჩა ჯოჯუა.

როგორც ჩანს, საპროტესტო აქციის პირველი შედეგი ის არის, რომ ხელისუფლება საპენსიო დავალიანებაზე ალაპარაკდა, რაც აქამდე არ ხდებოდა.

“ხელისუფლებამ უკვე შეათანხმა სავალუტო ფონდთან რამდენიმე მექანიზმი, რომელიც პენსიების გაცემას ითვალისწინებს. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ბიუჯეტის შემცირება არ შეეხოს და არც შეეხება უმთავრეს სოციალურ ვალდებულებებს – ხელფასებს და პენსიებს. გარდა ამისა ვამზადებთ რადიკალურ გადაწყვეტილებას ძველ საპენსიო დავალიანებათა დასაფარავად. ეს ძირითადად 1998-99 წლებს ეხება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 21 ივლისს, ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციის მიხედვით, მთავრობამ საპენსიო დავალიანება 2008 წლამდე უნდა დაფაროს. ხელისუფლება ამას პენსიონერებისთვის ფასიანი ქაღალდების, ობლიგაციების დარიგებით აპირებს.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თავმჯდომარის რომან გოცირიძის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდების შემოღების შესახებ პროექტი პარლამენტმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს, ეს პროცესი კი ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხის განხილვის პარალელურად მოხდება.

“ჯერ-ჯერობით არ არის შემუშავებული მექანიზმი, რა პროცენტით მოხდება ფასიანი ქაღალდების გამოშვების შემთხვევაში მისი განაღდება და რა შეღავათები ექნებათ პენსიონერებს მისი აღებით”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, ფასიანი ქაღალდების გაცემით პენსიონერებს შეეძლებათ მისი გაყიდვა და ნაღდი ფულის აღება, ან შენახვა და ყოველთვიურად გარკვეული პროცენტების აღება.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამ პროექტს დაამტკიცებს და მოხდება ფასიანი ქაღალდების შემოღება, პენსიონერებს სასამართლოში სარჩელის შეტანის და საპენსიო დავალიანების მოთხოვნის საშუალება აღარ ექნებათ.

“მანამდე კი ხელისუფლება ვალდებულია იმ მცირერიცხოვანი პენსიონერების ვალის გასტუმრების, რომლებმაც უკვე შეიტანეს სარჩელი სასამართლოებში. ეს მიზერული თანხაა, რომლის გასტუმრებაც ხელისუფლებას ძალუძს”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

თუმცა, თავად პენსიონერები ხელისუფლების ამ გეგმას ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ფასიანი ქაღალდები მათ გასაჩუმებლად დაიბეჭდება, რომლებსაც რეალური ღირებულება არ ექნება. ამასთან, ისინი უარყოფითად უყურებენ საპენსიო დავალიანების, რაც 16 მილიონ ლარს შეადგენს, 2008 წლამდე დაფარვის პერსპექტივას.

“მე 69 წლის ვარ. ხელისუფლებამ იცის, რომ დღეს თუ არა ხვალ აღარ ვიქნები და ისიც ამას ელოდება. ჩემი პენსია ახლა მინდა, თორემ რომ მოვკვდები მერე ხომ აღარ მოვთხოვ მთავრობას კუთვნილ თანხას”, – ამბობს “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას თბილისელი პენსიონერი მარიამ კაჭკაჭიშვილი.

თეა გულარიძე, გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”

Back to top button