
“აღორძინება” და “მრეწველები” ბეიკერის გეგმის წინააღმდეგ
ბეიკერის საარჩევნო გეგმის განხორციელებას საფრთხე დაემუქრა მას შემდეგ რაც ორმა ოპოზიციურმა პარტიამ – “მრეწველებმა” და “აღორძინებამ” საარჩევნო კომისიებში ერთზე მეტი ადგილი მოითხოვეს. 11 ივნისს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი “ბეიკერის გეგმის” რეალიზაციას შეუდგა. ოპოზიციის პრეზიდენტთან შეხვედრისას პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ საარჩევნო ადმინისტრაციების შემადგენლობის ფორმულაზე. თუმცა გარკვეული დისონანსი მიღწეულ შეთანხმებაში “მრეწველებმა” პრეზიდენტთან შეხვედრის დროსვე შეიტანეს. ინტერფრაქციული ჯგუფის დახურულ სხდომაზე “მრეწველები” კომისიებში დაჟინებით მოითხოვდნენ 2 ადგილს, როგორც წინა საპარლამენტო არჩევნებში 7%-იან ბარიერგადალახული პარტია. “ჩვენ არც არავის მივუწვევივართ ბეიკერთან შეხვედრაზე და არც ვაპირებთ მის დანაბარების აღსრულებაზე ვიზრუნოთ. არ ვიზიარებთ ბეიკერის ვარიანტს და ჩვენ კუთვნილ 2 ადგილს ვითხოვთ კომისიებში”, აცხადებს “მრეწველთა” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე. ე.წ. “ბეიკერის ვარიანტით” 5 წევრი ყველა დონის საარჩევნო კომისიებში, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, ხელისუფლების დანიშნული, 9 წევრი კი ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება. კომისიების თავმჯდომარეებს კი ეუთო დანიშნავს. “მრეწველების” მოთხოვნას შეუერთდნენ “აღორძინების” წარმომადგენლები, რომელთაც კომისიებში 4 ადგილი მოინდომეს. “აღორძინების” წევრის, დეპუტატ სანდრო ბრეგაძის თქმით, იგი “არ გამორიცხავს, რომ თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა “აღორძინებამ” შესაძლოა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს.” ეს კი იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა გამოუცხადებს ბოიკოტს, რამაც შესაძლოა მთელი არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენოს. “ახალი მემარჯვენეები”, “გაერთიანებული დემოკრატები” და “ნაციონალური” მოძრაობა მოითხოვს შეთანხმების პირობების დაცვას. მათ მიერ შემოთავაზებული ვარიანტით ოპოზიციის 9 ადგილი თანაბრად უნდა გადანაწილდეს ყველა იმ პარტიაზე ვინც ადგილობრივ არჩევნებში სოლიდური შედეგი აჩვენა. ეს პარტიებია ლეიბორისტები, ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, აღორძინება, მრეწველები, ერთობა. ასევე ამ პარტიებს უნდა დაემატოს ყოფილი უზენაესი საბაჟოს ე.წ. ზვიადისტური ფრთის ერთი წარმომადგენელი და ტრადიციონალისტების ერთი წევრი. “მრეწველებს” განსხვავებული შეხედულებები აქვთ საუბნო და საოლქო კომისიების ფორმირების წესზეც. ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ქვედა დონის კომისიები უნდა დაკომპლექტდეს ადგილობრივ არჩევნებში რაიონებში მიღწეული შედეგების მიხედვით. “მრეწველების” ეს მოსაზრებაც შეუსაბამობაში მოდის ბეიკერის ვარიანტთან. “ჯერ განვსაზღვროთ საუბნო და საოლქო კომისიების ფორმირების წესი და შემდეგ ვისაუბროთ ცსკ-ოზე. რაიონებში მხოლოდ თბილისის არჩევნების მთავარ კრიტერიუმად აღება არ იქნება სამართლიანი”, აცხადებს ტყემალაძე. სამთავრობო ფრაქციები, რომელთაც შეთანხმების მიხედვით 5 ადგილი გარანტირებული აქვთ კომისიებში, მშვიდად ადევნებენ თვალს ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პროცესებს. “ჩვენ ამ სხდომაზე ფაქტიურად დამკვირვებლის სტატუსით ვიმყოფებით, რადგან ჩვენი მხრიდან შესათანხმებელი არაფერი დარჩა”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სახელისუფლებო ბლოკის წევრმა “სოციალისტმა” ირაკლი მინდელმა ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ. “ჩვენ ველოდებით ოპოზიციის გადაწყვეტილებას, დავეთანხმებით იმ ვარიანტს, რომელსაც ოპოზიცია დამოუკიდებლად გადაწყვეტს 9 ადგილის გარშემო”, აცხადებს სახელისუფლებო ფრაქციების საპარლამენტო კოორდინატორი ელგუჯა მეძმარიაშვილი. თუმცა ოპოზიცია შიშობს, რომ შესაძლოა “აღორძინება” და “მრეწველები” ხელისუფლების ფარული მხარდაჭერით მოქმედებენ, რათა არ მოხდეს შეთანხმების განხორციელება. “ახალი მემარჯვენეებს,” “გაერთიანებულ დემოკრატებსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” “მრეწველები” და “აღორძინება” ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში არა ერთხელ დაუდანაშაულებიათ. “როგორც კი მოხდება ბეიკერის ვარიანტის რევიზია, სახელისუფლებო ძალები გააპროტესტებენ ამ ფაქტს და ადგილიდან თითქოს დაძრული პროცესი კვლავ ჩიხში შევა”, აცხადებს “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე. როგორც ყოველდღიური გაზეთი “24 საათი” სახელისუფლებო ბლოკის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, “პრეზიდენტის მხარდამჭერ პარტიებს “აღორძინებისა” და “მრეწველების” სახით საარჩევნო კომისიებში ლოიალური ფიგურები ეყოლებათ.” კონსულტაციები სადაო საკითხების ირგვლივ ოპოზიციის შიგნით რიგგარეშე სესიის მოწვევამდე გაგრძელდება. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ სესიაზე ისეთი ვარიანტით წარდგებიან, რომელიც ყველა მხარეს მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილებს. შეთანხმების მოუღწევლობის შემთხვევაშიც კი “ბეიკერის ვარიანტის” პარლამენტის მიერ დამტკიცების თეორიული შანსი არსებობს. თუ მრეწველები და აღორძინება დათმობებზე არ წავლენ, დანარჩენ ოპოზიციას სახელისუფლებო ფრაქციებთან ერთად 118 საჭირო ხმის მოგროვება არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ “აღორძინების” მუქარას ბოიკოტის შესახებ, შესაძლოა სახელისუფლებო ფრაქციებმა ბეიკერის გეგმას არ დაუჭირონ მხარი. თუმცა მეორეს მხრივ ხელისუფლებას ჭირდება ოპოზიციის ხმები, რათა დამტკიცდეს ბიუჯეტის ხარჯების შემცირება, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ითხოვს. ასე, რომ, როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომამდე მიმდინარე კულუარული მოლაპარაკებები პარტიებს შორის გადაწყვეტენ საარჩევნო კოდექსის ბედს. ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
აშშ საქართველოს საარჩევნო რეკომენდაციებს სთავაზობს
ბეიკერის შემოთავაზება მიღებულია