ახალი ამბები

ბეიკერის შემოთავაზება მიღებულია

8 ივლისს პრეზიდენტ შევარდნაძესა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, შეასრულონ აშშ-ის პრეზიდენტის წარგზავნილის ჯეიმს ბეიკერის მიერ შემოთავაზებული წინადადებები, რაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ისახავს მიზნად. 

ბეიკერის მიერ დატოვებული ერთ-ერთი დოკუმენტი უშუალოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვით კომისიის 9 წევრს ოპოზიციური პარტიები დანიშნავენ, 5-ს კი პრეზიდენტის მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიები. რეკომენდაციის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარეს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია დანიშნავს.

“ჩვენ შევხვდით ქვეყნის პრეზიდენტს და სახელისუფლებო ბლოკის თავმჯდომარეს ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც თანხმობა განაცხადა ბეიკერის პროექტის მიხედვით არჩევნების ჩატარების, რაც ჩვენთვის მისაღებია. ეს პროცესი თავისთავად მისასალმებელია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წელიწადზე მეტია ვერ მოხერხდა კონსესუსის მიღწევა მხარეებს შორის” – აცხადებდა “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

“შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია, ორივე მხარისთვის მისაღებია ე.წ. ბეიკერის პროექტის მიხედვით არჩევნების წარმართვა. დღეისათვის სადაო საკითხი არ არსებობს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

“ხელისუფლებამ უკან დაიხია, ეს ოპოზიციის სერიოზული გამარჯვებაა” – ასეთ განცხადებას აკეთებდა “ერთიანი ნაციონალური” პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი.

შეხვედრაზე ოპოზიციამ და ედუარდ შევარდნაძემ ასევე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ასეთ შეხვედრებს არჩევნებამდე სისტემატური ხასიათი ექნება და მხარეები შემდგომშიც დეტალურად იმსჯელებენ არჩევნების თემაზე. 

“ბეიკერის პროექტი იქნა მიღებული, როგორც ძირითადი სამუშაო გეგმა ახლა კი ვიმუშავებთ მის გარშემო უფრო დეტალურად” – განაცხადა “სახალხო პარტიის” თავმჯდომარემ მამუკა გიორგაძემ.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებ ბეიკერის პროექტის ტექნიკურ და იურიდიულ მხარეზე, რომლის წარდგენა უკვე ერთ კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოხდება.

“ჯერ-ჯერობით პრეზიდენტს არ მიუღია გადაწყვეტილება თუ როდის დაინიშნება რიგგარეშე სხდომა, თუმცა ამის პრობლემა არ არსებობს, მთავარია რომ შეთანხმება მოხდა” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კახა იმნაძემ.

“ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთანხმდებით თუ როგორ მოხდება ცსკო-ს დაკომპლექტება, რაც მთავარია ორივე მხარე ეთანხმება ბეიკერის პროექტის მიხედვით კომისიის დაკომპლექტებას 5 წევრი ხელისუფლებიდან, 9 კი ოპოზიციიდან” – განაცხადა “ქრისტიანულ-დემოკრატიული” კავშირის ლიდერმა ვაჟა ლორთქიფანიძემ, რომელიც პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდა.

განსაკუთრებით დადებითად აფასებენ ეუთოს მხრიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიების თავმჯდომარის დანიშვნას, რომლებიც იქნებიან ქართველი, ნეიტრალურ პოზიციაზე მყოფი პიროვნებები. ოპოზიცია ჯერ ვერ ასახელებს იმ სავარაუდო კანდიდატებს ვინც ამ პოსტებს დაიკავებენ.

“ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მოხდება პიროვნებების წარდგენა, რომელსაც რეკომენდაციებს პრეზიდენტი და ჩვენც გავუწევთ, ხოლო ეუთო დანიშნავს, მჯერა ამით დაბრუნდება რწმენა კომისიების მიმართ” – განაცხადა დავით გამყრელიძემ.

თუმცა ჯერ-ჯერობით ბუნდოვანი რჩება ეუთოს პოზიცია ბეიკერის დოკუმენტთან დაკავშირებით. საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთოს გენერალური მდივანი იან კუბიში თავს იკავებს კომენტარი გაუკეთოს აშშ-ის საარჩევნო წინადადებებს.

“ამჟამად მე არ შემიძლია პასუხი გავცე ამ საკითხთან დაკავშირებით. ეუთო დაეხმარება საქართველოს არჩევნების ჩატარებაში. მაგრამ ეს საქართველოს არჩევნებია და საქართველომ თავად უნდა აგოს მათზე პასუხი” – განაცხადა იან კუბიშმა 7 ივლისს პრეზიდენტ შევარდნაძესთან გამართული შეხვედრისას.

თუმცა ეუთო-ს გაურკვეველი როლი არ არის ის ერთადერთი მიზეზი, რამაც შესაძლოა ბეიკერის წინადადებების განხორციელებას შეუშალოს ხელი. პრობლემა თავად ოპოზიციურ პარტიებშიც არსებობს. აშშ-ის ინიციატივით ყველაზე უკმაყოფილო “მრეწველები” დარჩნენ, რომლებიც საარჩევნო კომისიებში ორი წევრის ყოლას მოითხოვენ.

“ჩვენ ისვე იმ ჩვენ პოზიციაზე ვართ რასაც აქამდე ვითხოვდით, იმის გამო, რომ წინა არჩევნებზე პარტიამ 7%-იანი ბარიერი გადალახა, კომისიაში ორი წევრი უნდა ყავდეს” – აცხადებს გოგი თოფაძემ.
 
კანცელარიაში პრეზიდენტთან შეხვედრას საერთოდ არ ესწრებოდა “ლეიბორისტული” და “დემოკრატიული აღორძინების” პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც შეხვედრაზე დასწრებაზე უარი ჯერ კიდევ ორი დღით ადრე განაცხადეს.

“ეს შეხვედრა ცერემონიულ ხასიათს ატარებს და რაიმე გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი არ არის. ამასთანავე პრეზიდენტთან შეხვედრით მოსახლეობაში ჩემი რეპუტაცია შეირყეოდა, ხალხი არ არის მიჩვეული ჩემს შევარდნაძესთან შეხვედრებს” – განაცხადა 8 ივლისს შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტს მხოლოდ 2 ნოემბრის შემდეგ შეხვდება, ისიც თუ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას შეუწყობს ხელს და მის გარანტად მოევლინება. 

წინააღმდეგობების მიუხედავად, საქართველოში ჯეიმს ბეიკერის ვიზიტმა სიტუაცია შეცვალა და პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული კონსულტაციების დაწყებას შეუწყო ხელი. ახლა უკვე ჯერი თავად ქართველ პოლიტიკოსებზეა, რომლებმაც მიღწეული შეთანხმების შესრულება უნდა უზრუნველყონ.

“ბეიკერის ვიზიტი და რეზოლუციები რადიკალურად არაფერს ცვლის თუ არ მოხდა შიდა პოლიტიკური ვითარების შეცვლა და ამ საკითხისადმი სერიოზული მიდგომა, მხარეებს შორის უნდა მოხდეს ამ რეკომენდაციების შესრულება” – განაცხადა “სივილ ჯორჯიას” იურისტმა დავით უსუფაშვილმა.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
აშშ საქართველოს საარჩევნო რეკომენდაციებს სთავაზობს

Back to top button