ახალი ამბები

ბურჯანაძის ვიზიტი ჰოლანდიაში

(თბილისი, 7 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ჰოლანდიაში, როტერდამში ვიზიტის დროს, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-12 საერთაშორისო სესიას ესწრება, შეხვდა ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის სპიკერს ფრანს ვაისგლასს და საგარეო საქმეთა მინისტრის პირად წარმომადგენელს ეუთოში დაან ევერსს.

შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო თანამშრომლობას, ნოემბერში საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და კონფლიქტების დარეგულირებაში ეუთო-ს როლის გააქტიურების საკითხებს.

ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის გადაჭრაში საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის ეუთო-ს საქმიანობა უფრო გააქტიურდება.

ფრანს ვაისგლასი და დაან ევერსი დაინერესდნენ საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებით. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად სამართლიანად ჩატარება მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ასევე დიდი დაინტერესებაა არჩევნების შემდეგ საქართველოში სტაბილურობის და საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნების და ქვეყნის სათავეში იმ ხელისუფლების მოსვლის აუცილებლობა, რომელიც მზად იქნება ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებისთვის. 

დაან ევერსმა მხარი დაუჭირა ბურჯანაძის მოთხოვნას დამკვირვებლების გამოგზავნის თაობაზე. ნიდერლანდების პარლამენტი მზად არის თავისი დამკვირვებლები გამოგზავნოს საქართველოში 6-8 კვირით ადრე არჩევნებამდე. მან ხაზი გაუსვა საპარლამენტო არჩევნების ღიად და საჯაროდ ჩატარების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველოს რეპუტაციის და საერთაშორისო მხარდაჭერისთვის. ამაში კი დიდ როლს შეასრულებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი.

ნინო ბურჯანაძე ასევე შეხვდა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს როგელიო ფირტერს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს დახმარება შესთავაზა ქართველის სპეციალისტების მომზადებაში და კანონმდებლობის დახვეწაში კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ. ნინო ბურჯანაძე ჰოლანდიაში 10 ივლისამდე დარჩება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button