
აშშ საქართველოს საარჩევნო რეკომენდაციებს სთავაზობს
აშშ-ის წინადადებებს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტის წარგზავნილი ჯეიმს ბეიკერი თბილისში 5 ივლისს ჩამოვიდა, რათა საქართველოს პრეზიდენტთან და ოპოზიციის ლიდერებთან 2 ნოემბერს დაგეგმილი არჩევნების სამართლიანად ჩატარების საკითხი განეხილა. “ამერიკელებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები საქართველოში დემოკრატიულად ჩატარდეს,” განაცხადა ჯეიმს ბეიკერმა 6 ივლისს თბილისიდან გამგზავრებამდე გამართულ ბრიფინგზე. ბეიკერის მიერ დატოვებული ერთი დოკუმენტი უშუალოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვით კომისიის 9 წევრს ოპოზიციური პარტიები დანიშნავენ, 5-ს კი პრეზიდენტის მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიები. რეკომენდაციის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარეს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია დანიშნავს. მეორე დოკუმენტი, რომელიც 10 პუნქტისგან შედგება საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს 2 აგვისტომდე მოხდეს ახალი საარჩევნო კოდექსი მიღება. 1 აგვისტომდე პოლიტიკური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაზე უნდა შეთანხმდნენ. 1 სექტემბრამდე კი მთავრობამ უნდა მოახდინოს ამომრჩეველთა ზუსტი სიების შედგენა და ინტერნეტში განთავსება. ასევე დოკუმენტში ასახულია თუ როგორ უნდა მოხდეს წინა საარჩევნო კამპანიის წარმართვა თითოეული პარტიის მხრიდან, კერძოდ არ უნდა მოხდეს მათი მხრიდან ამომრჩეველთა დაშინება და მოსყიდვა. ოპოზიცია ამერიკის წინადადებას მიესალმა, ისევე როგორც სახელისუფლებო პარტიები. “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ აშშ-ს პრეზიდენტს და მთავრობას, საქართველოში მოახლოებული არჩევნებისადმი დიდი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. “კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტით, ვინაიდან დელიკატური ფორმით მოხდა ჩარევა აშშ-ს მხრიდან ამ საკითხში, რათა არც ერთი მხარის გაღიზიანება არ მოჰყოლოდა. ამ მიზნით შერჩეული იქნა შევარდნაძის პირადი მეგობარი ჯეიმს ბეიკერი” – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 6 ივლისს გამართულ ბრიფინგზე. თუმცა ოპოზიცია შიშობს, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ამ რეკომენდაციების განხორციელებაზე უარი განაცხადოს. “რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის განხორციელების მიზნით საქართველოში დარჩა სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ელიზაბეტ ჯონსი, რომელიც თან ახლდა ჯეიმს ბეიკერს,” განაცხადა ზურაბ ჟვანიამ. ბეიკერის თბილისიდან გამგზავრების შემდეგ საგანგებო თათბირი გაიმართა სახელმწიფო კანცელარიაში, სადაც სახელისუფლებო ბლოკი ბეიკერის მიერ დატოვებული რეკომენდაციები განიხილა. “ეს დოკუმენტი მართალია აღტაცებას არ იწვევს, მაგრამ მისი შესწავლა მიმდინარეობს, ჩვენი მიზანია გაყალბების გარეშე ჩატარდეს ეს არჩევნები” – განაცხადა სახელისუფლებო ბლოკში შემავალი “სოციალისტური პარტიის” თავმჯდომარემ ვახტანგ რჩეულიშვილმა. “სახელისუფლებო ბლოკი იზიარებს აშშ-ის მიერ წარმოდგენილ ვარიანტს. თუმცა ჩემთვის გაუგებარი რჩება ის მექანიზმი, თუ როგორ უნდა მოხდეს ეუთო-ს მხრიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა,” განაცხადა სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ. საპარლამენტო არჩევნებში ეუთო-ს როლის დეტალების გარკვევა შესაძლოა მოხდეს, ამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის იან კუბიშის საქართველოში ვიზიტის დროს, რომელიც თბილისში 6 ივლისს ჩამოვიდა. არჩევნების გარდა ბეიკერმა პრეზიდენტ შევარდნაძესთან გამართული შეხვედრის დროს სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილა, მათ შორის ორ ქვეყანას შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა, უსაფრთხოების პრობლემები და აფხაზეთის კონფლიქტი. ჯეიმს ბეიკერმა ედუარდ შევარდნაძეს პირისპირ შეხვედრამდე ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილი გადასცა. პრეზიდენტის და ბეიკერის პირისპირ შეხვედრა სამი საათის მანძილზე გაგრძელდა. შეხვედრიდან გამოსული პრეზიდენტი და ბეიკერი მხოლოდ მოკლე განცხადებებით შემოიფარგლნენ. “ძალიან მოკლედ გეტყვით, ვისაუბრეთ ორ მხრივ ურთიერთობაზე, მან ბუშის წერილი გადმომცა. ის ვიცი, რომ იქ საუბარია აფხაზეთის საკითხზე და ასევე ეხება ენერგეტიკას. ბატონ ბეიკერთან ვისაუბრეთ საინტერესო და პერსპექტიულ წინადადებებზე, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებას ეხებოდა” – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტებთან 5 ივლისს. “ვიზიტის დროს გამოიკვეთა ახალი მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაში, ამერიკა უფრო დიდ ინტერესს იჩენს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში” – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ. თუ რა როლს შეასრულებს ამერიკა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში ამის თაობაზე ჯერ-ჯერობით არც ერთი მხარე არ საუბრობს, თუმცა ბეიკერის ვიზიტის მთავარი თემა მაინც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება იყო, რასაც ოპოზიციასთან მისი შეხვედრა და 6 ივლისს ხელისუფლებისთვის დატოვებული რეკომენდაციებიც ადასტურებს. ჯეიმს ბეიკერმა თბილისიდან გამგზავრებამდე უარყო გავრცელებული ხმების იმის თაობაზე, რომ თითქოს მისი ჩამოსვლის მიზანი იყო დაეყოლიებინა საქართველოს პრეზიდენტი დაეტოვებინა თანამდებობა. “ეს სიმართლისგან ძალიან შორს დგას. ედუარდ შევარდნაძე ამერიკის კარგი მეგობარია” – განაცხადა ბეიკერმა 6 ივლისს გამართულ ბრიფინგზე. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯიააშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა ამერიკაში გამგზავრებამდე საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს და მთავრობას ორი დოკუმენტი დაუტოვა, რომელებიც საარჩევნო მზადებას ეხება და დეტალურად გაწერილია სამოქმედო გეგმა.