ახალი ამბები

ინტერვიუ გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელთან ჰაიდი ტალიავინთან

23 ივნისს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ელჩი ჰეიდი ტალიავინი ესაუბრა “სივილ ჯორჯიას” აფხაზური კონფლიქტთან დაკავშირებით მიმდინარე სამშვიდობო პროცესის საკითხებზე. ინტერვიუს წინ უძღვოდა მოსკოვში 16-17 ივნისს გამართული მოლაპარაკებები ქართულ და რუსულ მხარეებს შორის. ამდენად, საუბრის მთავარი თემა იყო შესაძლო კომპრომისები აფხაზურ კონფლიქტში და იძულებით გადაადგილებულ პირთა გალში უსაფრთხო დაბრუნების მექანიზმები. ელჩმა ასევე კომენტარი გააკეთა კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებელთა გატაცების შედეგების თაობაზეც.

შეიძლება თუ არა ითქვას, რომ 16-17 ივნისის შეხვედრა მოსკოვში საერთო ჯამში კონსტრუქციული იყო და საქართველო და რუსეთი უახლოვდებიან რეალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ? მოსალოდნელია თუ არა გაეროს როლის ზრდა იმ შემთხვევაში თუ მხარეები შეთანხმდებიან ასეთ გეგმაზე?

გაერო თავმჯდომარეობდა 2003 წლის 19-20 თებერვლის “გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის” მაღალი რანგის წარმომადგენელთა თათბირს ჟენევაში, რომლის დროსაც განხილულ იქნა ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პროცესის პერსპექტივები და პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის გზები.

“მეგობართა ჯგუფმა” დაადასტურა, რომ ის ხელმძღვანელობს [კონფლიქტის] პოლიტიკური გზით დარეგულირების არსებული პრინციპებით და პროცესის ხელშეწყობის მიზნით რეკომენდაცია გაუწია სპეციალური ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლებიც იმუშავებენ ეკონომიკურ, ლტოლვილთა დაბრუნების, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე. 6-7 მარტს სოჭში გამართული სამიტისას საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პროცესის მსვლელობა განიხილეს. სხვა საკითხებს შორის მათ გადაწყვიტეს ჩამოაყალიბონ სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ დევნილთა დაბრუნების, სოჭი-თბილისის რკინიგზის აღდგენისა და ენგურჰესის მოდერნიზაციის საკითხებზე.

როგორც ხედავთ, სოჭის შეხვედრა საკმაოდ დადებითი წვლილი გახდა ჟენევის რეკომენდაციების შესრულების საქმეში და გაერო მიწვეულ იქნა მონაწილეობა მიიღოს სოჭის სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მხარეებს მათ მუშაობაში სოჭის შეხვედრის ჩარჩოს ფარგლებში და ამჟამად სწორედ ასეც ხდება.

დევნილთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა 16 ივნისს გაიმართა მოსკოვში. შეხვედრამ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა და ორივე მხარეს ესმოდა დევნილთა დაბრუნების აუცილებლობა. ამჟამად მიმდინარეობს დევნილთა დაბრუნების გეგმების შეგროვება და მალე ჩვენ ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ.

რაც შეეხება გაეროს როლს დევნილთა დაბრუნების საქმეში, ეს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური ფუნქციაა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებში ყოველთვის მოწინავე სტრუქტურაა. თუმცა გაეროს მიერ წარმართულ ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პროცესში მოწინავე როლი გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს აქვს, ხოლო ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მჭიდრო თანამშრომლობას ახორციელებს. იმის მიუხედავად თუ რა ფორმით მოხდება დევნილთა დაბრუნება, ჟენევის პროცესის თუ სოჭის შეთანხმების ფარგლებში, გაეროს ეკისრება უზრუნველყოს უმთავრესი პირობა – დევნილთა მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნება.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს განხორციელდა უსაფრთხოების პირობების შემსწავლელი მისია, რომელმაც შეიმუშავა რეკომენდაციები გალის რეგიონში წესრიგის გაუმჯობესების მიზნით. თუ ეს რეკომენდაციები მიღებულ იქნება მხარეების მიერ, ჩვენ შეგვეძლება მათი გატანა განსახილველად უშიშროების საბჭოს სხდომაზე ივლისის ბოლოს და შემდეგ ჩამოვაყალიბოთ ადგილობრივი სამოქალაქო პოლიცია, რომელიც განახორციელებს ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების კონსულტირებას, წვრთნას და მონიტორინგს.

სამოქალაქო პოლიცია არ იდგება გალის ქუჩებში და სამართალდამცავების მაგივრად საქმეს არ გააკეთებს. ეს პოლიციელები ადგილობრივ ხელისუფლებას მისცემენ შესაბამის რჩევებს, განახორციელებენ მათ წვრთნას, დაეხმარებიან შესაბამისი პირების სამსახურში აყვანაში და განახორციელებენ მათი საქმიანობის მონიტორინგს. ეს იქნება საერთაშორისო სამოქალაქო პოლიცია, საკმაოდ მცირერიცხოვანი კონტიგენტით, თუმცა ანალოგიური საქმიანობის კარგი გამოცდილებით ბოსნიაში, კოსოვოში და ა.შ. თუმცა ეს ჯერ კიდევ სამომავლო გეგმაა, რომელიც განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნება უშიშროების საბჭოს მიერ. სამოქალაქო პოლიციის მისია განხორციელდება გალისა და ზუგდიდის რეგიონებში, რადგან ეს ტერიტორიები შედის საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატში. გარდა ამისა გალის უსაფრთხოება ზუგდიდის უსაფრთხოებას ნიშნავს და პირიქით.

ზოგადი პოლიტიკური შეთანხმების გარეშე დევნილთა დაბრუნება ძალიან რთულია. მაგალითად, ბოსნიაში ყველაფერი გაცილებით უფრო ადვილად წარიმართა მას შემდეგ რაც მიღწეულ იქნა პოლიტიკური შეთანხმება, თუმცა დასაწყისში გარკვეული წინააღმდეგობებიც იყო.

დევნილები უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ როდესაც არ არსებობს პოლიტიკური შეთანხმება, მათი დაბრუნებისათვის საჭირო პირობები საკმაოდ არამყარია. საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიისა და ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიზანია ხელი შეუწყონ დევნილთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რა მასშტაბით შეძლებს უმაღლესი კომისარიატი ამ პროცესის ხელის შეწყობას იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ-ჯერობით არ არსებობს სათანადო პოლიტიკური შეთანხმება. ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და შეუქცევადი დაბრუნების პროცესის უზრუნველსაყოფად საჭიროა დოკუმენტი, რომლის მონაწილე სულ მცირე ორი მხარე იქნება. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით საქმიანობას.

ჩვენ ასევე უნდა ვიზრუნოთ ამ რეგიონის ეკონომიკურ რეაბილიტაციაზეც. სწორედ ამ სფეროში დამკვირვებელთა მისიას შეუძლია გაეროს განვითარების პროგრამის ჩართვა რათა შესწავლილ იქნას უპირველესი ეკონომიკური მოთხოვნილებები, რომლებიც აუცილებელია დევნილთა დაბრუნებისათვის. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამ გეგმების განხორციელება, ვიდრე არ მივიღებთ სათანადო სიგნალს პროცესში ჩართული მხარეებისაგან.

ჩვენ უკვე დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა კონკრეტულ ამოცანებზე მოგვიწევს უშუალოდ მუშაობა. ძალიან კარგი ნიშანია, რომ სამუშაო ჯგუფები იკრიბებიან თბილისსა და მოსკოვში და ამასთან ერთად ხორციელდება კონსულტაციები სოხუმის მხარესთანაც. 

ივლისის მესამე კვირას ჩატარდება ჟენევის მეორე შეხვედრა, რომლის დროსაც “მეგობართა ჯგუფს” უნდა მოვახსენოთ თუ რა გაკეთდა დღემდე. რუსეთის მხარე ისაუბრებს იმაზე, თუ რა გაკეთდა მათ მიერ.

თუ შეიძლება გაგვიზიარეთ თქვენი აზრი იმ მექანიზმების თაობაზე, რომლებითაც მხარეებმა უნდა უზრუნველყონ დევნილთა უსაფრთხო დაბრუნება.

2001 წლის იალტის დეკლარაციით ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა სთხოვეს გაეროს, მეგობართა ჯგუფს, ეუთო-ს და დსთ-ს გარანტად დამდგარიყვნენ შუღლის გაღვივების არდაშვებისა და ლტოლვილთა და დევნილთა უწყვეტი და უსაფრთხო დაბრუნებისა თავდაპირველად გალის რეგიონში ძველი საზღვრების ფარგლებში, ხოლო შემდეგ კი მხარეებთან ერთად შეიმუშავონ ამ გარანტიების შესრულების მექანიზმები. გარანტიების საკითხს სათანადო რეაქცია სჭირდება. იმედი მაქვს, რომ ჟენევის რეკომენდაციების კუთხით ორივე მხარე დროულად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია, რადგან ამით გამოჩნდება თუ რამდენად მზად არიან მხარეები დაბრუნების უზრუნველყოფისათვის.

ზოგადად ჩვენ ვიმუშავებთ იმ გამოცდილებით, რომელიც დაგროვდა მსოფლიოში გარანტიებთან დაკავშირებით. ამჟამად არის გარანტიების რამოდენიმე მოდელი, რომელიც საერთაშორისო დონეზე გამოიყენება. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა იქნება აღქმული როგორც გარანტია ქართული და აფხაზური მხარეების მიერ. ამის შემდეგ საქმეს შევუდგებით მთელი საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით.

ნამდვილად არ მინდა განვიხილო უარყოფითი გარანტიები. მაგალითად პირობა იმისა, რომ თუ არ შესრულდება გარკვეული მოთხოვნა, შემოყვანილი იქნებიან ნატო-ს ძალები, ან უშიშროების საბჭო გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. მე მსურს შეიქმნას დადებითი მექანიზმი, რომელიც თავიდან აგვაცილებდა შეთანხმების დარღვევას.

ჩვენ არ შეგვიძლია ავიღოთ რაიმე აბსტრაქტული საკითხი და ვთქვათ რომ “თუ თქვენ არ გააკეთებთ ამას, შემოვა ნატო-ს ჯარი” ან “თუ თქვენ არ შეასრულებთ ამას, უშიშროების საბჭო ასსეტ და ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს”. ჩვენ გვჭირდება ყველა მხარის თანხმობა.

როგორია გაერო-ს პოზიცია ქართული მხარის ინიციატივაზე გალის რეგიონში გაერო-ს ეგიდით ქართულ-აფხაზური ერთობლივი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების შესახებ?

გაერო მზად არის შეასრულოს ნებისმიერი როლი, რომელსაც მას შესთავაზებენ ადმინისტრირების სახით. ჩვენ ველით ქართული და სხვა მხარის წინადადებებს. ამჯერად არ შემიძლია ვთქვა როგორი სახის ადმინისტრაცია იქნება ეს, მაგრამ მზად ვართ ჩავერთოთ საქმეში ყოველთვის, როდესაც ჩვენი მონაწილეობას დადებითი შედეგის მოტანა შეეძლება.

ჩვენ ვცდილობთ შევიმუშაოთ წინადადება, რომელიც მისაღები იქნება ყოველი მხარისათვის. ამჟამად არ შემიძლია ვთქვა როგორი ტიპის იქნება გალის ადმინისტრაცია. ეს საკითხი უფრო ნათელი გახდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ ივლისში შედგება. პირადად მე მოველი ნამდვილად დადებით შედეგებს.

რა კონკრეტული გავლენა ქონდა კოდორის ხეობაში გაერო-ს დამკვირვებელთა გატაცებას საქართველოში გაერო-ს დამკვირვებელთა მისიის საქმიანობაზე?

ჩვენ დროებით შევწყვიტეთ პატრულირება. მაგრამ პატრულირების შეწყვეტა უკავშირდება სათანადო გამოძიების ჩატარების აუცილებლობას. ჩვენ უნდა ჩავატაროთ შიდა გამოძიება რათა ვიცოდეთ, გავაკეთეთ თუ არა ყველაფერი უსაფრთხო პატრულირებისათვის, დავუშვით თუ არა შეცდომები. ეს პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს. იმედი მაქვს მას დიდი დრო არ დასჭირდება. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა განვაახლოთ ხეობის მონიტორინგი რაც შეიძლება მალე.

პირადად მე არ ვარ მომხრე, რომ გავაგზავნო ჩემი თანამშრომლები უსაფრთხოების სათანადო რეკომენდაციების გარეშე, რადგან [მისიაში] 23 სახელმწიფოს წარმომადგენელი მუშაობს და თითოეული მათგანი საკუთარ ხელმძღვანელობას ჰკითხავს, თუ რა ზომები იქნა მიღებული მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ასევე უნდა დაველოდოთ დსთ-ს სამშვიდობო ძალების დასკვნებს გატაცების ამ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გვჭირდება პასუხები საქართველოს მთავრობის მხრიდანაც.

მიიღეთ თუ არა რაიმე პასუხი საქართველოს მთავრობისაგან?

საქართველოს მთავრობამ დაგვარწმუნა, რომ ჩატარდება გამოძიება და ნამდვილად დაიწყეს საგამოძიებო საქმიანობა.

კოდორის ხეობა საკმაოდ რთული ადგილია. მე ვცდილობ თავი ავარიდო ნებისმიერ გართულებას. ჩვენი პატრულირება ხორციელდება იმ მიზნით, რომ აღიკვეთოს პროვოკაციების მცდელობები. ჩვენ კარგად უნდა ვიცნობდეთ სიტუაციას, ვიყოთ ახლო კონტაქტში ადგილობრივ მოსახლეობასთან ვიცოდეთ შიშობენ თუ არა ისინი, რომ შეიძლება რამე მოხდეს.

ამდენად პატრულირების შეწყვეტა ნამდვილად არ არის კარგი. დაძაბულობის ხელმეორე ზრდით არავინ დარჩება მოგებული. ამას მხოლოდ კატასტროფა შეიძლება მოყვეს. ამას შეუძლია შეაჩეროს ჩვენი საქმიანობა და სამშვიდობო პროცესი. ასე რომ პროვოკაციისაგან მხოლოდ ძალიან მცირე პოლიტიკური დივიდენდის მიღებაა შესაძლებელი და ორივე მხარემ თავი უნდა შეიკავოს ცალმხრივი ქმედებებისაგან.

ჩვენს მიერ შეთავაზებულ იქნა რიგი უსაფრთხოების ზომებისა, რომლებსაც შეუძლიათ კოდორში დაძაბულობის შემცირება. მაგრამ ისინი მიღებული უნდა იქნენ ორივე მხარის მიერ და ორივე მხარეს უნდა სჯეროდეს, რომ ეს ზომები კარგია. ამას დრო სჭირდება. ალბათ ახლა უკეთესი შანსები გვაქვს.

მსგავსი/Related

Back to top button