ახალი ამბები

დიპლომატები ოპოზიციას და ხელისუფლებას შეთანხმებისკენ მოუწოდებენ

30 ივნისს დახურულ კარს მიღმა გამართული სამსაათიანი დაძაბული მოლაპარაკებებისას დასავლეთის სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 14 ელჩი შეეცადა დაერწმუნებინა საპარლამენტო ფრაქციათა ლიდერები საარჩევნო კოდექსის თაობაზე კომპრომისების აუცილებლობაში.

მოლაპარაკებების მიზეზი გახდა ჩიხი, რომელშიც მოექცნენ ოპოზიცია და ხელისუფლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედგენის წესებთან დაკავშირებით. 2 ნოემბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციაც და სახელისუფლებო პარტიებიც ცდილობენ მაქსიმალური გავლენა მოიპოვონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

“შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ დიპლომატებმა დაგვანახეს მათი შეშფოთება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შექმნილი გამოუვალი სიტუაციის გამო” – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის შემდგეგ.

“ჩემი აზრით ეს იყო ძალზედ სასარგებლო და საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა. საქართველოს პარლამენტი მრავალპარტიულია და შესაბამისად ყველას განსხვავებული აზრი გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ გააკეთონ სათანადო კომპრომისები პროცესის წარმატებით დასრულებისთვის” – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა და დასძინა, რომ კომპრომისის მიღწევა “ძალიან რთული” იქნება.

შეხვედრის შემდეგ დიპლომატებმა აღიარეს, რომ სიტუაცია “რთულია” და მოუწოდეს ქართველ პოლიტიკოსებს მიაღწიონ შეთანხმებას რაც შეიძლება მოკლე ვადაში. ამერიკელმა, ბრიტანელმა, ფრანგმა, გერმანელმა, თურქმა, ჰოლანდიელმა, იტალიელმა, ბერძენმა, ებრაელმა, ჩეხმა და რუმინელმა დიპლომატებმა, ასევე ეუთოს, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს წარუდგინეს რეკომენდაციათა სია, რომელთა შესრულება გადამწყვეტი იქნება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

პარლამენტისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანა ვერ შეძლებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, საქართველო დაკარგავს საერთაშორისო თანამეგობრობის არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ მხარდაჭერასაც და “პასუხისმგებელი იქნება საქართველოს როგორც პარლამენტი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება.”

“ჩვენ გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი შეშფოთება იმის გამო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებისთვის ძალზედ ცოტა დრო რჩება. ამ მიზნის მიღწევაში მთავრობასაც და ოპოზიციასაც თანაბარი  პასუხისმგებლობა აკისრიათ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს თავიანთი შეშფოთება ცსკო-ს ფორმირებასთან დაკავშირებით” – განუცხადა ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის ელჩმა დებორა ჯონსმა შეხვედრის შემდეგ.

დიპლომატებმა განაცხადეს, რომ დასავლეთი მზად არის აღმოუჩინოს საქართველოს ყველანაირი ტექნიკური დახმარება დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, იმ შემთხვევაში თუკი ქართველი პოლიტიკოსები კონსენსუსს მიაღწევენ. ტექნიკური დახმარება გულისხმობს ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაციას, საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვასა და მომზადებას, ასევე საარჩევნო პროცესზე დამკვირვებლების გამოგზავნას.

“ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ და რჩევები მოგცეთ, მაგრამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მთლიანად თქვენი ვალდებულებაა და ჩვენ თქვენს მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება არ შეგვიძლია” – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.

შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის 30 ივლისს განცხადება. ორშაბათის რადიოინტერვიუში შევარდნაძემ აღნიშნა, რომ “არსებული საარჩევნო კოდექსით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იქნება დიდი ტრაგედია”. ოპოზიციამ ეს განცხადება აღიქვა როგორც მინიშნება იმაზე, რომ მთავრობა არ აპირებს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას და მომავალი არჩევნებისათვის ახალი კომისიის ჩამოყალიბებას.

“აუცილებლად უნდა შევხვდე პრეზიდენტს, განსაკუთრებით ამ განცხადების შემდეგ. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: სახელისუფლებო ალიანსს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების გარეშე ცსკო-ს თაობაზე კომპრომისის მიღწევა შეუძლებელი იქნება. დღევანდელი საარჩევნო კომისია იმდენად არის დისკრედიტირებული, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაშიც კი შედეგები ეჭვს გამოიწვევს” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას სურს არჩევნების ჩატარება დღევანდელი ცსკო-ს მეშვეობით, რადგან მის შემადგენლობაში მხოლოდ სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლები არიან. ცსკო ყველა ოპოზიციურმა წევრმა, კომისიის თავმჯდომარესთან ერთად დატოვა, გარდა “აღორძინების” წარმომადგენლისა, მას შემდეგ, რაც თბილისში 3 ივნისს საპროტესტო გამოსვლების შედგა, რომლის დროსაც მოსახლეობა ცსკო-ს დაშლას ითხოვდა. ამ მომენტისათვის კომისიის შემადგენლობაში მხოლოდ სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლები რჩებიან.

“დღევანდელი კომისიის შენარჩუნება ნამდვილად არ იქნება ტრაგედია პრეზიდენტისათვის, მაგრამ ჩვენთვის ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. ვფიქრობ, უცხოელი დიპლომატები ჩვენ აზრს ეთანხმებიან” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ნაციონალური მოძრაობის წევრია დეპუტატმა კოტე კემულარიამ.

“საარჩევნო კოდექსის თაობაზე შეთანხმების მიღწევა პრეზიდენტსა და მთავრობაზეა დამოკიდებული. ჩვენ გვინდა, რომ ცსკო-ს დაკომპლექტდეს პარიტეტულ საწყისებზე, ანუ იმ პარტიათა წარმომადგენლებით, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის ადგილობრივ არჩევნებში” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “ახალ მემარჯვენეთა” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ.

1 ივლისს ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს პროექტის 15 წევრიანი ცსკო-ს შექმნის თაობაზე. ამ პროექტის მიხედვით, 10 წევრი ოპოზიციური პარტიებიდან იქნება, ხოლო 5 – შევარდნაძის მხარდამჭერი.

“ჩვენ პროექტს პრეზიდენტს წარვუდგენთ. იმედი მაქვს რომ შეხვედრა ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის უახლოეს მომავალში შედგება” – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ 1 ივლისს ოპოზიციურ პარტიებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ.

გიორგი სეფაშვილი, ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

Back to top button