
ხელისუფლება “კმარას” კმარათი პასუხობს
“დაუმორჩილებლობის და დაუოკელბლობის იდეა, ეს არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი მოძრაობით დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის აზრს გამოვხატავთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტმა და “კმარას” აქტივისტმა ლევან ეხვაიამ. პირველად ახალგაზრდულ მოძრაობას საფუძველი 2001 წლის ნოემბრის თვეში ჩაეყარა, როდესაც ოპოზიცია და მოსახლეობა სიტყვის თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ და საპროტესტო აქციებს აწყობდნენ. მათ აქტიურად მხარში ახალგაზრდობაც დაუდგა. მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მაშინ ხელისუფლებიდან ოდიოზური ფიგურების წასვლა მოჰყვა. “მაშინ ჩვენ შევძელით გამარჯვების მოპოვება და მიზნის მიღწევა, ახლაც მჯერა, რომ თუ ერთად დავდგებით ახალგაზრდები გამარჯვება გარდუვალი იქნება” – აცხადებენ “კმარას” წევრები. თავად მოძრაობა “კმარას” იდეაც, როგორც თავად მისი წევრები აცხადებენ სტუდენტებს ეკუთვნის. “მივხვდით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რაღაც ახალი, ისეთი სახელწოდების მოძრაობა უნდა შეგვექმნა, სადაც ლაკონურად იქნებოდა მთელი ჩვენი მოთხოვნა დაფიქსირებული, ასეთი კი “კმარაა” – განაცხადა ლევან ეხვაიამ. მისის თქმით, ისინი არ აპირებენ რაიმე სტრუქტურის შექმნას. მოძრაობის წევრებმა საკუთარი პოზიციის გამოსახატად აირჩიეს მეთოდი, რომელმაც მოსახლეობაში არა ერთგვაროვანი აზრი გამოიწვია. ყოველ დილით ქუჩაში გამოსულ თბილისელებს სამთავრობო დაწესებულებების კედლებზე და ქუჩებში დიდი ასოებით შესრულებული წარწერები – “კმარა” ხვდებოდათ. ბოლო დროს კი ამგვარი წარწერები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამოჩნდა. “ამ ხელისუფლების მომხრე არ ვარ მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად სხვა მუხტი და მეთოდებია საჭირო” – უთხრა “სივილ ჯორჯიას” თბილისელმა გივი ბაკურაძემ. თავდაპირველად ხელისუფლების პასუხი “კმარას” ამგვარ ქმედებებზე უბრალოდ წარწერების წაშლაში გამოიხატებოდა. თუმცა როდესაც მოძრაობის წევრები 11 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას მიადგნენ და მისი კედლების საღებავებით აჭრელება დაიწყეს, პოლიციას მოთმინების ფიალა აევსო. “ეს ხულიგნობაა. დააკავეთ ესენი” – უბრძანა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც უყურებდნენ, როგორც წერდნენ ახალგაზრდები სამინისტროს კედლებზე კმარას. “კმარას” 9 აქტივისტი პოლიციამ შვიდი საათის შემდეგ გაათავისუფლა ისე, რომ ბრალიც არ წაუყენებია. “უამრავი სატელევიზიო კამერის წინ მინისტრმა გასცა ბრძანება და ახალგაზრდები სრულიად უკანონოდ დააკავეს, წარმოიდგინეთ რა უკანონობა შეიძლება მოხდეს სამართალდამცველ სტრუქტურებში მაშინ, როდესაც ამხელა ყურადღება არ არის მათ მიმართ მიპყრობილი” – აცხადებს “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ. თუმცა, როგორც ჩანს სამართალდამცველები მეტის მოთმენას აღარ აპირებენ. “ყველა ქმედება პოლიციის წინააღმდეგ ჩადენილს, ჩვენი მხრიდან მკაცრი შეფასება მიეცემა. ეს აქციები პოლიციის დემორალიზაციისკენ და ხელისუფლების დისკრედიციისკენ არის მიმართული, რასაც არ დაუშვებთ” – განაცხადა 14 ივნისის მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა. პოლიციასა და “კმარას” შორის ეს პირველი ინციდენტი არ ყოფილა. 8 ივნისს, საგარეჯოში, როდესაც მოძრაობის აქტივისტები ადგილობრივი პოლიციის განყოფილების კედლები “მოხატეს,” პოლიციამ ახალგაზრდებს მათივე საღებავები გადაასხა. ოპონენტები აცხადებენ, რომ “კმარა” ოპოზიციური პარტიების მიერ იმართებიან და ახალგაზრდებს დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყენებენ. “როდესაც ახალგაზრდებს პროვოკაციისთვის იყენებენ და სხვისი აზრის გამტარებლად გვევლინებიან ეს არის დამღუპველი. არავისთვის დაფარული არ არის, რომ ისინი უცხოური გრანტით ფინანსდებიან და ოპოზიციური პარტიები იყენებენ მათ. ოპოზიცია ცდილობს ახალგაზრდების და ხელისუფლების დაპირისპირებას და ამით დესტაბილიზაციის მოწყობას” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა. “კმარას” დაფინანსების საკითხს გაკვრით პრეზიდენტი შევარდნაძე თავის ერთ-ერთ რადიოინტერვიუში შეეხო, როდესაც განაცხადა, რომ “ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობას აფინანსებს, რაც შიდა საქმეებში ჩარევაა.” თავად “კმარას” აქტივისტები ოპოზიციისადმი სიმპათიებს არ უარყოფენ. “გვჯერა რომ ოპოზიციასთან ერთად ყოფნით გავიმარჯვებთ და ეს ხელისუფლება იძულებული იქნება წავიდეს, მაგრამ ჩვენ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის დროსაც სადარაჯოზე ვიდგებით და მათი მხრიდან რაიმე უკანონობის ჩადენასაც ისევ გამოვეხმაურებით როგორც ახლა” – აცხადებენ “კმარას” წევრები. თუმცა “კმარას” წევრები უარყოფენ მათი სხვადასხვა ორგანიზაციებთან კავშირისა და მათი მხრიდან დაფინანსებას. “რასაც ჩვენ ვაკეთებთ – საღებავების ყიდვას და კმარას დაწერას, ამას დიდი თანხები არ სჭირდება, ამას ჩვენი სახსრებითაც ვახერხებთ” – აცხადებს ლევან ეხვაიამ. ბოლო დროს, ხელისუფლების, ისევე როგორც პრეზიდენტისადმი ლოიალურად განწყობილი ინტელიგენციის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გაისმის მოწოდებები სტუდენტობისადმი, რომ დაკავდნენ მათი უშუალო საქმით – სწავლით. “ხელისუფლებას რატომღაც ავიწყდება, რომ ჩვენ სრულწლოვანი ადამიანები ვართ და გვაქვს უფლება ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, გამოვხატოთ ჩვენი აზრი. დღეისათვის ახალგაზრდების მიზანია უკეთეს პირობებში ცხოვრება და საქმის კეთება, სტუდენტები მხოლოდ სწავლით არ უნდა ვიყოთ დაკავებული, როგორც ამას უფროსი თაობა მიიჩნევს. ახალგაზრდები მზად ვართ ჩვენ თითონ გავიკვალოთ ცხოვრების გზა და არა ფულიანი მამების წყალობით. ამის საშუალება კი არ არის” – აცხადებენ “კმარას” წევრები. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯიათბილისის ქუჩებში მომრავლებულმა წარწერებმა – “კმარა” ხელისუფლების უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია, რასაც 11 ივნისს წარწერების ავტორების, ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” წევრების შვიდსაათიანი დაპატიმრება მოჰყვა.
“კმარას” ეგიდით პირველი საპროტესტო აქცია 14 აპრილს კანცელარიის შენობის წინ მოეწყო როდესაც რამოდენიმე ასეულმა ახალგაზრდამ პრეზიდენტის ოფისის წინ შევარდნაძისა და სხვა სახელისუფლებო პარტიების ლიდერების სურათები დაწვეს. “კმარას” აქტივისტები ასევე აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას 3 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო დემონსტრაციაშიც, რასაც ოპონენტების მხრიდან ბრალდებები მოჰყვა, რომ მოძრაობა “ოპოზიციური პარტიების მხრიდან იმართება და მათ დანამატს წარმოადგენს.”