
ქუვეითთან ხელშეკრულება ქართული ასეულის ერაყში განთავსებას შეუწყობს ხელს
ამ კვირას პარლამენტი განიხილავს შეთანხმებას საქართველოსა და ქუვეითს შორის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის სტატუსის შესახებ. ამ ხელშეკრულების რატიფიკაციის შემთხვევაში მომზადდება საკანონმდებლო ბაზა ქართული ასეულის ერაყის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად. ამ ეტაპზე ხელშეკრულების პროექტი სამართლებრივ პროცედურებს გადის კანცელარიასა და პარლამენტში. 10 ივნისს შედგა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი განხილვა. კომიტეტმა დადებითი შეფასება მისცა ხელშეკრულების პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა. შეთანხმებას რატიფიცირება, როგორც კომიტეტში აცხადებენ, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში აუცილებლად უნდა მოახდინოს საქართველოს პარლამენტმა. “საქართველო ანტიერაყულ კოალიციაში მოიაზრება. მას შემდეგ რაც ჰუსეინის რეჟიმი დაემხო, პოსტერაყული კონფლიქტის სტაბილიზაციის პროცესში საქართველოსაც სურს შეიტანოს საკუთარი წვლილი. ასეთ მისიას აზერბაიჯანის ასეული უკვე ახორციელებენ ქერბალაში და მოსულში. ჯერ-ჯერობით საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები არ ახმაურებენ ქართული კონტიგენტის მიზნების შესახებ, თუმცა, ვფიქრობ, ქუვეითთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში იდება შეთანხმება, როგორც ტრანზიტულ ქვეყანასთან ერაყის მიმართულებით”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სამხედრო ექსპერტმა კობა ლიკლიკაძემ. “ამ პროცესის დადებითად გადაწყვეტისთანავე თავდაცვის სამინისტრო მზად იქნება დაუყოვნებლივ გააგზავნოს დაახლოებით ოთხმოცკაციანი ქართული კონტინგენტი ქუვეითში”, განუცხადა სივილ ჯორჯიას გელა ბეჟუაშვილმა. ქუვეითთან დადებული ხელშეკრულება აშშ-საქართველოს შორის სამხედრო სფეროში დადებული ხელშეკრულების ტიპისაა. საქართველოს შეიარაღებული ძალები ქუვეითის ტერიტორიაზე სარგებლობენ საელჩოს ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, შეუძლიათ შევიდნენ და დატოვონ ქუვეითი სამხედრო ან საქართველოს მთავრობის დამადასტურებელი ბარათებით. ხელშეკრულებით საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებული მანქანები, გემები და საჰაერო ხომალდები არ ექვემდებარება ლიცენზირებასა და რეგისტრაციას. ასევე სამხედრო ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ აეროდრომის საშუალებები გადასახადის გარეშე და შეიტანონ ოპერაციებისთვის საჭირო აღჭურვილობა და მოწყობილობები საბაჟო თუ სხვა მოსაკრებლების გადახდის გარეშე. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთ-ერთი მხარის სურვილის შემთხვევაში საქართველოს ძალების ქუვეითიდან გაყვანის საკითხს. შეთანხმება დადებულია 12 თვის ვადით და ავტომატურად განახლდება იგივე პერიოდით. ქართველი სამხედრო კონტინგენტის დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირებას და მოსამზადებელი სამუშაოს ხარჯებს მთლიანად საქართველოს მხარე დაფარავს. ხოლო ქუვეითში განთავსების შემდეგ ყველა ხარჯებს, მათ შორის კვების და ერაყში, ან ქუვეითში ასეული გადაადგილებას ამერიკული მხარე დააფინანსებს. “მართალია ამისთვის საჭირო თანხები ჯერ არ არსებობს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოინახოს” – აცხადებს გელა ბეჟუაშვილი. ბეჟუაშვილი ვერ ასახელებს თუ რა რაოდენობის თანხაა საჭირო ამისთვის, თუმცა აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს გაანგარიშება. ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია
კონტინგენტი იქნება შერეული ტიპის და მის შემადგენლობაში შევა ერთი ოცეული კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადიდან და ასევე სამოქალაქო პერსონალი საინჟინრო და სამედიცინო სფეროდან. მათი შერჩევის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ქართული კონტინგენტი განთავსდება ქუვეითში განლაგებულ ერთ-ერთ ამერიკულ ბაზაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი, თუ კონკრეტულად რომელ ბაზაზე განლაგდებიან ქართული ძალები. განიხილება რამდენიმე ვარიანტი ამ მიმართულებით.