
ენერგოკრიზისი მწვავე დაპირისპირების მიზეზი ხდება
(თბილისი, 26 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის რიგგარეშე სხდომა დღეს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრ დავით მირცხულავასა და “ეი-ი-ეს თელასის” გენერალურ მენეჯერ იგნასიო ირიბარენს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მირცხულავამ კომპანიის ხელმძღვანელობას ბრალი დასდო დღეს “ეი-ი-ეს მტკვარის” მე-9 ენერგობლოკის უკანონოდ გათიშვაში. მან ირიბარენისგან ითხოვა ზუსტი მონაცემები საბითუმო ბაზრის დავალიანების თაობაზე. ამჟამად კომპანიის დავალიანება საბითუმო ბაზრის მიმართ დაახლოებით 35 მლნ ლარია, ხოლო, თავის მხრივ, საბითუმო ბაზარს “ეი-იეს მტკვარის” 55 მლნ დავალიანება გააჩნია.
“ამ ვალების ურთიერთჩარიცხვაც რომ მომხდარიყო, დარჩენილი ვალის მიუხედავად, არსებული ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას უფლება არ ჰქონდა ბლოკის გათიშვისა, ვინაიდან ეს ვალი არ აღწევს 80 მლნ, რომლის დაგროვების დროსაც შეიძლება ბლოკის გათიშვა. აქედან გამომდინარე, მე-9 ბლოკი უკანონოდ გაითიშა”, – განაცხადა მირცხულავამ.
იგნასიო ირიბარენი მე-9 ბლოკის გათიშვას საბითუმო ბაზრის მიერ 900 ათასი ლარის გადაუხდელობით ხსნის და აცხადებს, რომ საბითუმო ბაზარმა ვერ შეძლო დაპირების აღსრულება და ამ თანხის ჩარიცხვა.
თავად საბითუმო ბაზრის დირექტორი ალბერტო სოლისი თანხის გადაუხდელობას ფინანსების უქონლობით ხსნის.
მე-9 ბლოკის გათიშვით ენერგოსისტემას დაახლოებით 120-140 მგვტ ენერგია დააკლდა, რის გამოც ვერ მოხერხდა თბილისის სრულად დაკმაყოფილება. ბლოკის გათიშვა დღეს დილის საათებში მოხდა.
“ეი-იე-ს მტკვარსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით კომპანია უფლებამოსილია გათიშოს ბლოკი თუ საბითუმო ბაზრის მხრიდან დავალიანება თითო ბლოკზე 40 მლნ დოლარს გადააჭარბებს
დღესვე სახელმწიფო მინიტრის მოადგილე მამუკა ნიკოლეიშვილი ამ საკითხის მოსაგვარებლად “ეი-იე-ს მტკვარის” ხელმძღვანელებთან შესახვედრად გარდაბანში გაემგზავრა.
“თუ რატომ არ მოხდა ამ თანხის გადარიცხვა, არ ვიცი, ერთადერთი რაც ჩემთვის ცნობილია სახელმწიფომ საკუთარი მოვალეობა კომპანიის მიმართ შეასრულა და მთლიანად გადარიცხა 2 მლნ ლარი, რაც გასულ თვეებში მოითხოვა ბლოკის ასამუშავებლად”, – აცნობა “სივილ ჯორჯიას” მამუკა ნიკოლაიშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე “ეი-ი-ეს თელასმა” საბითუმო ბაზარიც და ენერგოკომპანიებიც არასაკმარისი ენერგიის მიწოდებაში დაადანაშაულა, რასაც ასახელებს დედაქალაქის მოსახლეობის ელექტროენერგიით დაკმაყოფილების შესაძლებლობის არქონის მიზეზად.
როგორც შეხვედრაზე გაირკვა, კომპანიის სადისპეჩერო ზუსტ ჩათვლებს არ აკეთებს საბითუმო ბაზრის მიმართ, თუ რა რაოდენობის ენერგია ესაჭიროება დედაქალაქის 24 საათით ენერგომომარაგებისათვის. ამისი მიზეზი განმარტებული არ იქნა.
ამ დროისათვის აღდგენილია 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი “კავკასიონი” და რუსეთიდან 300-400 მგვტ ენერგია შემოედინება. აქედან “ეი-ი-ეს თელასს” 200 მგვტ მიეწოდება, ასევე ჟინვალჰესიდან – 15 მგვტ, ხრამჰესიდან – 60, ორთაჭალჰესიდან – 25. დეფიციტის საერთო მაჩვენებელი კი 100-140 მგვტ-ია.
სემეკი უკანონოდ მიიჩნევს მეცხრე ენერგობლოკის გათიშვას და სხვადასხვა მიზეზებთან ერთად ასახელებს იმასაც, რომ კომისია მოსალოდნელი გათიშვის შესახებ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული.