
განათლების სისტემის რეფორმის ახალი პროექტის პრეზენტაცია
(თბილისი, 24 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში განათლების პოლიტიკის, დაგეგმარებისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს განათლების სისტემის რეფორმის ახალი პროექტი.
“ვფიქრობ, რომ განათლების სისტების მართვის დემოკრატიზაციისათვის აუცილებელია რეალური დეცენტრალიზაცია და არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პროექტის დირექტორმა ალუდა გოგლიჩიძემ.
მისი თქმით, პროექტის გამოცდამ საქართვლოს 31 სკოლაში წარმატებულად ჩაიარა. ის, ძირითადად, საკრებულოს მიერ შემუშავებულ პროექტს ეფუძნება.
პროექტის ერთ-ერთი პუნქტი სკოლებში დირექტორების მოხსნა-დანიშვნას ეხება, რისი უფლებამოსილებაც სკოლებში პედაგოგებისა და მშობლების მიერ შექმნილ მეურვეთა სამკაციან საბჭოს ენიჭება.
დღევანდელ შეხვედრაზე გარკვეული დაპირისპირება მოხდა სამინისტროს, პროექტის წარმომადგენლებსა და დამსწრე ექსპერტებს შორის.
პარლამენტის წევრმა ვასილ მაღლაფერიძემ სამინისტროს ბრალი დასდო არჩევნების დროს დირექტორებისთვის სამინისტროს ხელმძღვანელობის აზრების მოხვევაში.
“არჩევენების წინ სწორედ დირექტორების დაბარება ხდება და მათთან საქმეების ჩაწყობა და ხმების უმრავლესობის მოხვეჭა, ამიტომ არის სამინისტრო ამ პრივილეგიის ჩამოცილების წინააღმდეგი”, – განაცხადა მაღლაფერიძემ. დავით გოჩაშვილმა ეს მოსაზრება უარყო.
განათლების სამინისტროს მიერ მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლში შეტანილი სარჩელის გამო დროებით შეჩერდა თბილისის საკრებულოსა და მთავრობის ერთობლივი დებულების ამოქმედება მუნიციპალური სკოლების საქმიანობის შესახებ.
“სკოლის დირექტორების დანიშვნა, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, 2005 წლის 1 მარტს უნდა მოხდეს, მანამდე კი ამ საბჭოს უფლება აქვს დააყენოს დირექტორის მოხსნის საკითხი, ოფიციალურ დანიშვნამდე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს ქალაქის პრემიერმა, რაც არ არის მართებული”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა დავით გოჩაშვილმა.
მისი თქმით, სამინისტრომ სარჩელი, ძირითადად, ამ მოტივით შეიტანა.
დღევანდელ შეხვედრაზე პროექტის ინიციატორებმა დაასკვნეს, რომ მუშაობას გააგრძელებენ და განათლების სისტემას მთლიანად ჩამოაცილებენ პოლიტიკას.