ახალი ამბები

საერთაშორისო სასამართლო, აშშ-ის პოზიცია, თუ პუტინთან შეთანხმება

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება საქართველოს პარლამენტისგან საერთაშორისო სისხლის სამართლის კონვენციის დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ რატიფიცირებას მოითხოვს, რათა ჰააგის სასამართლოში შესაძლებელი გახდეს აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის გენოციდის ამსახველი დოკუმენტაციის განხილვა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

დელეგაცია აფხაზეთის იუსტიციის მინისტრის პაატა დავითაიას, აფხაზეთის უმაღლესი სამჭოს თავმჯდომარის თანაშემწის მურმან ომანიძის, საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო განყოფილების უფროსის ლევან ბოძაშვილის შემადგენლობით ჰააგაში 10-15 მარტს იმყოფებოდა. მათ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში წარადგინეს განაცხადი 1992-93 წლეში აფხაზეთის ომის დროს და მის შემდგომ ქართველი ხალხის გენოციდდთან დაკავშირებით.

“ქართველების გენოციდი და ეთნოწმენდა ახლაც მიმდინარეობს. ამის ამსახველი მოკლე დოკუმენტაცია უკვე წარვადგინეთ სასამართლოში, რომელსაც დახვრეტილ ქართველთა სიაც ერთვოდა, ამან მათი აღშფოთება და შოკი გამოიწვია” – განაცხადა დავითაიამ.

დავითაიას განცხადებით ჰააგის სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ ქართველი დელეგაციის მიერ წარმოდგენლილი განაცხადი წარმოებნაში უკვე მიიღო.

თუმცა სამართლის დოქტორი, იუსტიციის ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილე კოტე კუბლაშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ ეს პროცესი სწრაფი ტემპებით წარიმართება. “რამდენად მოხდება სარჩელის განხილვა და როგორ წარიმართება პროცესი ცოტა საეჭვოა და ბევრ კითხვებს ბადებს” – განუცხადა კოტე კუბლაშვილმა “სივილ ჯორჯიას”.

სასამართლო ამ სარჩელს ვერ განიხილავს, სანამ საქართველო რატიფიცირებას არ გაუკეთებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ რომის სტატუს, რომესაც საქართველომ ხელი ჯერ კიდევ 1998 წელს მოაწერა.

აფხაზეთის იუსტიციის მინისტრის პაატა დავითაიას განცხადებით, იმისათვის რომ საქართველოზე საერთაშორისო სამართლის იურისდიქცია გავრცელდეს რამდენიმე გზა არსებობს, პირველი – გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის გენოციდი და დაავალოს ჰააგის სასამართლოს სარჩელის განხილვა. მეორე – სახელმწიფოს პირველმა პირმა პირდაპირ აღიაროს სასამართლოს იურისდიქცია. მესამე – დოკუმენტის პარლამენტის მიერ რატიფიცირება.

დავითაიას ინფორმაციით ამ ეტაპზე მათთვის უფრო მისაღებია პარლამენტის მიერ დოკუმენტის რატიფიცირება, ვინაიდან ეს უფრო რეალურია. ამ საკითხის განხილვა გასულ კვირას პარლამენტის წინაშე უკვე მოითხოვა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა.

“პარლამენტი ამ დოკუმენტის რატიფიცირებას თუ არ მოახდენს, მაშინ სარჩელის აღძვრა ვერ მოხერხდება, ვინაიდან საქართველოზე ჯერ არ ვრცელდება საერთაშორისო სამართლის იურისდიქცია. ამის გამო მოვითხოვთ პარლემენტისგან ამ დოკუმენტის სასწრაფოდ რატიფიცირებას” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აფხაზეთის იუსტიციის მინისტრმა პაატა დავითაიამ.

აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტში სარატიფიკაციოდ დაახზლოებით 2 წლის წინ შევიდა, რომლის განხილვაც შედგა და მხოლოდ მისი რატიფიცირება იყო საჭირო, თუმცა ვერ მოხერხდა.

ამის ერთ-ერთ მიზეზად სამართლის დოქტორი კოტე კუბლაშვილი აშშ-ს პოზიციას ასახელებს. მისი ინფორმაციით, აშშ ყველა თავის მოკავშირე სახელმწიფოს ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებს, რომლის მიხედვით არ მოხდება საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ცნობა, განსაკუთრებით ამერიკის მოქალაქეებზე. აშშ-მ ამ სახის ხელშეკრულება საქართველოსთან 10 თებერვალს დადო, რომელიც დაკავებული მოქალაქეების მესამე ქვეყნისთვის ან საერთაშორისო სასამართლოსთვის არგაცემას ითვალისწინებს.

“ასეთია ამერიკის დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს თუ რა პოლიტიკას აირჩევს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას კოტე კუბლაშვილმა.

ამის გარდა არსებობს კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი – პრეზიდენტ შევარდნაძის პოზიცია, რომელიც, როგორც ჩანს პუტინთან 6-7 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ინიციატივისგან განდგომას ამჯობინებს.

“ეს არის აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელობის პოზიცია. ჩვენ არ შეგვიძლია ავუკრძალოთ მათ ჰქონდეთ საკუთარი აზრი და მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა პრობლემის გადაწყვეტის პროცესში საკუთარი სიტყვა თქვან” – აცხადებს შევარდნაძე.

პრეზიდენტს ეს პროცესი უსაფუძვლოდ მიაჩნია იმ შემთხვევაში თუ სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პურინთან შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმების განხორციელება დაიწყება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის პარალელურად დევნილების დაბრუნება უნდა დაიწყოს. “ასეთ შემთხვევაში ჰააგის ტრიბუნალის საკითხი ავტომატურად მოიხსნება” – აცხადებს პრეზიდენტი.

ამის მიუხედავად, აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს.

საქმის განხილვის დასაჩქარებლად და დამატებითი მასალების წარსადგენად შესაძლოა ჰააგაში თავად აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეც თამაზ ნადარეიშვილიც გაემგზავროს. მისი განცხადებით, იგი მზად არის პირადად ჩაერთოს ამ საქმეში და ჰააგის სასამართლოს წარუდგინოს  200 ტომიანი გენოციდის ამსახველი დოკუმენტაცია, კონკრეტული ფაქტები და ფოტომასალა, რომელიც უკვე მომზადებულია და გენერალურ პროკურატურაშია წარმოდგენილი.

“თუ ქართველები, რომლებსაც არ სურთ აფხაზეთის კონფლიქტის მოგავრება და მომხდარი ფაქტების შეფასება, ხელს არ შეგვიშლიან მჯერა, რომ საწადელს მივაღწევთ და ხანგრძლივი პროცესის მიუხედავად დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას თამაზ ნადარეიშვილმა.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button