skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა მინიმალური ხელფასების გაზრდის კანონპროექტს ვეტო დაადო

(თბილისი, 20 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს სახელმწიფო კანცელარიიდან პარლამენტში დააბრუნეს კანონპროექტი მინიმალური ხელფასების გაზრდის თაობაზე გარკვეული შენიშვნებით მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ მას ვეტო დაადო იმ პირობით, რომ კანონი ძალაში შევა მხოლოდ 2005 წლის 1 ივლისს.

თუ პარლამენტი პრეზიდენტის წინადადებას გაიზიარებს, მაშინ ამ წინადადების დასამტკიცებლად საკმარისი იქნება 79 ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საჭირო იქნება, რომ “გაერთიანებული დემოკრატების” მიერ წარდგენილ კანონპროექტს 140 დეპუტატმა დაუჭიროს მხარი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, რის შემდეგაც კანონს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე და ის ძალაში შევა.

პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს, რომ გაიზიარონ მისი წინადადება მიმდინარე წელს მინიმალური ხელფასების 35 ლარამდე გაზრდის თაობაზე, 2004 წელს ხელფასების 60 ლარამდე გაზრდისა და 2005 წლის 1 იანვარს 100 ლარამდე გაზრდის თაობაზე, 1 ივლისიდან კი ამოქმედდეს კანონი მინიმალური ხელფასების 115 ლარამდე გაზრდის თაობაზე.

28 თებერვალს პარლამენტმა გამარტივებული წესით პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა “გაერთიანებული დემოკრატების” მიერ შემუშავებული კანონპროექტი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმამდე გაზრდის თაობაზე. პრეზიდენტი, მთავრობა და სახელისუფლებო ფრაქციები ამ კანონის ამოქმედების წინააღმდეგნი არიან, რადგან მათი აზრით, ეს ინფლაციასა და ეკონომიკასი ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს.

ამ თემის გარშემო გაერთიანებულმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახელისუფლებო ფრაქციებს განმეორებითი კენჭისყრა არ ჩაეტარებინათ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა დაასკვნა, რომ 28 თებერვალს კენჭისყრა საპროცედურო დარღვევებით ჩატარდა.

ამ საკითხის გარშემო ამტყდარი დავისა და დისკუსიების გამო პარლამენტმა წინა სასესიო კვირაზე და პრეზიდენტის მიერ დანიშნული საგანგებო სესიის ორი დღის განმავლობაში მუშაობის დაწყება ვერ შეძლო, რის გამოც ამ კანონპროექტის გარდა გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული სხვა მნიშვნელოვან საკითხებთანაც დაკავშირებით, როგორებიცაა საქართველო-ამერიკის ხელშეკრულება თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე და აფხაზეთის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button