ახალი ამბები

პატარა საქართველოს დიდი არჩევანი არ ქონია

ერაყში მოახლოებული ომი ქართველ პოლიტიკოსებში შიშს იწვევს რადგან ამ პროცესებით დაკავებულმა საერთაშორისო თანამეგობრობამ შესაძლოა საქართველო დაივიწყოს. თუმცა წამყვანი პოლიტიკური ძალების უმრავლესობა საქართველოს პარტნიორის – აშშ-ის პოლიტიკის კრიტიკისგან თავს იკავებს.

“არ მნიდა რომ ომი დაიწყოს არც ერაყში და არც ერთ ქვეყანაში, ეს აუცილებლად უარყოფით შედეგებს იქონიებს, როგორც საქართველოსთვის ისე მთელი მსოფლიოსთვის,” უთხრა “სივილ ჯორჯიას” თბილისელმა დალი გაბუნია. ასეთი განწყობა მოსახლეობაში ხშირად შეგხვდებათ, მაგრამ ოფიციალური თბილისმა სხვაგვარად გადაწყვიტა. საქართველომ აშშ-ს ერაყის წინააღმდეგ ომში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

გაეროს უშიშროების საბჭოში 12 მარტს გამართულ დისკუსიაზე გაეროში საქართველოს წარმომადგენლობის უფროსმა მრჩეველმა გოჩა ლორთქიფანიძემ  ერაყს “მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე” უწოდა.

მისი თქმით, “ბოლო 12 წლის განმავლობაში ერაყი სერიოზულად არღვევდა გაეროს რეზოლუციებს”. არავის აქვს უფლება, რომ გაეროს რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულოს, – დასძინა საქართველოს წარმომადგენელმა.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ საქართველოს ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არც ქონია და ეს სრულიად პრაგმატული ნაბიჯი იყო. ოფიციალური თბილისი აშშ ხომ თავის მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს, რომელმაც ქართველი ჯარისკაცების გაწვრთნისათვის და აღჭურვისთვის 64 მილიონი დოლარი გამოყო, რაც საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს ორჯელ აღემატება.

“საქართველოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერის დადებითი ეფექტი ის იქნება, რომ შესაძლოა ამ ნაბიჯის გამო ამერიკამ უფრო დიდი დაინტერესება გამოიჩინოს საქართველოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა დადებითად იმოქმედებს საქართველოზე,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ნოდიამ.

პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ ვაშინგტონისადმი გამოხატულ მხარადეჭერას საქართველოს წამყვანი პოლიტიკური ძალებიც, მათ შორის ოპოზიციაც უჭერს მხარს, გამონაკლის “აღორძინება” წარმოადგენს.

მართალია ქართველი პოლიტიკოსებისთვის საგარეო პოლიტიკა ერეყის კრიზისის გამო ბოლო დროს აქტუალური გახდა, მაგრამ როგორც ჩანს ამ თემამ შიდა პოლიტიკური ამბები საქართველოში მაინც ვერ დარჩრდილა. მაშინ როდესაც თითქმის ყველა გავლენიანი პოლიტიკური ძალა ერთხმად ემხრობა აშშ პოლიტიკას ერაყთან მიმართებაში, კვლავაც რატიფიკაციის გარეშე რჩება, მოახლოებული ომის პირობებში ისეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, როგორსაც აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენს.

შეთანხმების თანხმად, აშშ-ს მთავრობას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლია დაიკავოს საქართველოს ტერიტორიები და შენობები, რომლებიც გამოყენებულ იქნება აშშ-ს მთავრობის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის და სატრანსპორტო საშუალებების, ხომალდების და საფრენი აპარატების სხვადსხვა საქმიანობებისათვის.

როგორც ჩანს, პარლამენტში გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, რომ ეს საკითხი საციცოცხლო მინშვნელობისაა საქართველოსთვის და რომ ამ ხელშეკრულების რატიფიკაციის გაჭიანურება ოფიციალურ თბილისს ამერიკელი პარტნიორების წინაშე უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს, აშკარაა, რომ შიდა პოლიტიკური საკითხები მაინც პირველ პლანზე რჩება. პარლამენტის მიერ ხელშეკრულების რატიფიკაციის გაჭიანურება, მინიმალური ხელფასის გაზრდის თაობაზე პარლამენტში არსებულმა დაპირისპირებამ და დებატებმა გამოიწვია.

როგორც ჩანს პოლიტიკოსების მსგავსად უბრალო მოსახლეობისთვისაც ამჟამად შიდა პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერაყის ომის შესაძლო გავლენა საქართველოზე. ეს თბილისში პაცეფისტების მიერ ჩატარებულმა ომის საწინააღმდეგო აქციამაც დაადასტურა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში ორი ამგვარი აქცია ჩატარდა, რომლებმაც მოსახლეობის დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია. 17 მარტს თბილისის ცენტრში გამართულ აქციაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პაცეფისტების მხოლოდ 30-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

რაც შეეხება მოსალოდნელი ომის გავლენას საქართველოზე აქ ჩვეულებრივი მოსახლეობა, პოლიტიკოსები და ექსპერტები სხვადასხვა ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას. 

“ომმა ერაყში შესაძლოა ცუდი ზეგავლენა იქონიოს საქართველოზე. ბოლოს და ბოლოს მუსლიმანური სამყაროს მეზობლად ვიმყოფებით და ეს მე მგონი კიდევ უფრო ართულებს ვითარებას,” ამბობოს თბილისელი ნოდარ ვარამაშვილი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს პოზიციამ შესაძლო ზოგიერთი ჩვენი მეზობელი, განსაკუთრებით კი რუსეთის კიდევ უფრო გაანაწყენოს. გია ნოდიას განცხადებით, “ოფიციალური თბილისის აშშ-სადმი მხარდაჭერამ შესაძლოა საქართველოსადმი სხვა ქვეყნების უარყოფითი განწყობა გამოიწვიოს, მათ შორის რუსეთის, რაც კარგი ნამდვილად არ იქნება.”

როდესაც საქართველოზე ომის უარყოფით გავლენაზეა საუბარი მრავალი პოლიტიკოსი ამ საკითხს სხვა ასპექტში განიხილავს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ომი ერაყში ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაშინ ეს საქართველოზე ცუდ გავლენას იქონებს.

“ხანგრლივი ომის შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოსთვის არ ეცლება, იმ შემთხვევაში, თუ აქ ცუდი პროცესები განვითარდა, რისი საფრთხეც აშკარაა” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით თუ აშშ უმოკლეს დროში მიაღწევს წარმატებას ერაყში, მაშინ “რა თქმა უნდა ეს საქართველოზე დადებითად იმოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი და მოკავშირე ამ რეგიონში უფრო გაიმყარებს პოზიციებს, რაც საქართველოზე დადებითად იმოქმედებს.”

უბრალო მოქალაქეები მაინც იმედოვნებენ, რომ სხვისი ომი საქართველოზე დიდ გავლენას ვერ იქონებს და რომც იქონიოს, პატარა სახელმწიფო ვერც ვერაფერს შეცვლის რათა სიტუაცია გააუმჯობესოს.

გიორგი სეპაშვილი, სივილ ჯორჯია

Back to top button