ახალი ამბები

ოპოზიცია და ხელისუფლება გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან

პარლამენტი მინიმალური ხელფასის საკითხმა ჩიხში მოაქცია

14 მარტს უმცირესობაში მყოფმა, მაგრამ კარგად ორგანიზებულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ წარმატებას მიაღწია და 28 თებერვალს პარლამენტის მიერ მიღებული “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივა მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის შესახებ ძალაში დატოვა. არაორგანიზებულმა და მოუმზადებელმა სახელისუფლებო ფრაქციებმა კი რაოდენობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და ინიციატივის გაუქმება ვერ შეძლეს.

დამკვირვლებლები აღნიშნავენ, რომ გასულმა სასესიო კვირამ ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოავლინა – შევარდნაძეს მყარი დასაყრდენი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მის ინტერესებს დაიცავს, აღარ ყავს.

ოთხი დღის განმავლობაში სახელისუფლებო ფრაქციები ინტენსიურად ცდილობდნენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის გაუქმებას იმ დასკვინ საფუძველზე, რომელიც პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მოამზადა. დასკვნის მიხედვით პარლამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება პროცედურების დარღვევით მიიღო, შესაბამისად გადაწყვეტილება ბათილად უნდა ცნობილიყო, რასაც “გაერთიანებული დემოკრატების” გარშემო გაერთიანეუბლი ოპოზოზიცია ეწინააღმდეგებოდა.

უმცირესოაში მყოფი ოპოზიცია ოთხი დღის განმავლობაში ყველა კანონიერ ხერხს მიმართავდა, რაც კი პარლამენტის პროცედურით არის გათვალისწინებული, რათა დრო გაეწელათ და საკითხი კენჭისყრაზე არ დამდგარიყო. მათ მიზანს მიაღწიეს. 14 მარტის პარლამენტის სხდომა ისე დასრულდა, რომ გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

გასული კვირის წარმატების მიუხედავად, ოპოზიციას გადამწყვეტი ბრძოლო ჯერ კიდევ ელის. კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომელიც საბოლო გადაწყვეტილების მიღებისგან ყველანაირად თავს იკავებდა, 20 მარტამდე ან ხელი უნდა მოაწეროს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ან ვეტო დაადოს. თუმცა მან მესამე გზა არჩია. შევარდნაძე “გაერთიანებული დემოკრატების” ინიცატივის პარლამენტის ხელით დაბლოკვის მცდელობას აგრძელებს. 18 მარტს მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია.

“მე რიგგარშე სხდომა მოვიწვიე. ზოგიერთებს სურთ, რომ ამ კანონპროექტს ვეტო დავადო, რათა შემდეგ თქვან “პრეზიდენტი ხელფასების გაზრდის წინააღმდეგიაო.” ეს უსუსური ეშმაკობაა,” განაცხადა შევარდნაძემ 17 მარტის რადიოინტერვიუში.

“ხელისუფლებას და პრეზიდენტს არ გააჩნიათ რეალური არგუმენტები ამ ინიციატივის წინააღმდეგ. ამიტომ არის, რომ იგი [პრეზიდენტი] ყველანაირად ცდილობს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის ხელითვე დაბლოკოს,” განაცხადა 14 მარტს “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ.

ამ მოსაზრებას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც ეთანხმება, რომელიც მისსივე თქმით გასული სასესიო კვირის განმავლობაში “როგორც ოპოზიციის, ასევე სამთავრობო ფრაქციების ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.” “მე არ მესმის, რატომ არ იყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას. ამით პარლამენტი ჩიხიდან გამოვიდოდა,” განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 14 მარტის სხდომაზე.

“გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივა მინიმალური ხელფასისი საარსებო მინიმუმთან დაახლოების შესახებ, რომელიც ბოლო ოთხი თვის განმავლოაში ქართული პოლიტიკის მთავარ თემად იქცა, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული მოსახლეობისთვის 2003 წლის 1 ივლისიდან ყოფელთვიური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. ეს კი ხელისუფლებას ავალდებულებს წლევანდელ ბიუჯეტში დამატებითი 116 მილიონი ლარი გამოძებნოს, რაც შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პირველ კვარტალში უკვე 40 მილიონიანი გარღვევაა.

“გაერთიანებული დემოკრატების” წარმოამდგენლები ოთხი დღის განმავლობაში პარლამენტის სხდომაზე თითქმის ყოველი გამოსვლისას აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებდა ამ ინიციატივის შესრულებას.

“ამიტომ ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის. ნუ იქნება 115 ლარამდე ხელფასის გაზრდა 1 ივლისიდან. ჩვენ თანახმანი ვართ მოხდეს ზრდა ეტაპობრივად თუნდაც შემოდგომიდან და თუნდაც არა 115 ლარით, არამედ 50-60 ლარით,” აცხადებდა ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე, თუმცა სახელისუფლებო ფრაქციები, რომელთა კოორდინაციას ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარე ვიტალი ხაზარაძე ცდილობდა, არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდნენ. მათი ერთადერთი მიზანი 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება იყო.

“გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივის გარშემო ოთხდღიანმა დებატებმა პარლამენტში რამოდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა. პირველად დიდი ხნის განმავლობაში მოხდა მთელი საპარლამენტო ოპოზიციის ერთი საკითხის გარშემო გაერთიანება და ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოსვლა. ამის მიუხედავად მრავალი დამკვირვებელი ოპოზიციის ერთიანობისადმი მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი.

“ოპოზიციის ერთად დგომა, ჩემი აზრით, ეპიზოდური იყო. ხვალ სხვა თემაზე მათი ერთობა არა მყარი აღმოჩნდება,” განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას იურისტმა დავით უსუფაშვილმა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ერთიანობა “გაერთიანეუბლი დემოკრატების” ინიციატივის მოსახლეობაში პოპულარობამ განაპირობა, რადგან ოპოზიციაში არავის სურს მოახლოებული არჩევნების წინ ხელფასების მომატების წინააღმდეგ გამოვიდეს.

დამკვირვებლების თქმით საპარლამენტო დებატებმა აშკარა გახადა, რომ პრეზიდენტს რეალური დასაყრდენი პარლამენტში, რომლის სრული იმედიც ექნება, აღარ ყავს. ამას გარდა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სახელისუფლებო ფრაქციებში ლიდერობისთვის ბრძოლო ჯერ მხოლოდ იწყება, რამაც შესაძლოა ამ ჯგუფის დანაწევრება გამოიწვიოს.

“გამოკვეთილი ლიდერის გარეშე დარჩენილ ჯგუფში, ბუნებრივია, იკვეთება რამოდენიმე პიროვნება, ხაზარაძე, რჩეულიშვილი, რომელთაგან ვერც ერთი ვერ ახერხებს ჭეშმარიტ ლიდერობას და სხვებისთვის გარკვეული როლების გამოძებნას და ეს ტენდენცია ჩემი აზრით კვლავ გაგრძელდება. შესაბამისად გაგრძელდება ამ ჯგუფის ფრანგმენტაციაც,” აცხადებს დავით უსუფაშვილი.

მისი თქმით აშკარა გახდა, რომ პრეზიდენტს ისეთი მყარი დასაყრდენი პარლამენტში აღარ ყავს, როგორიც წლების განმავლობაში ერთიანი “მოქალაქეთა კავშირი” წარმოადგენდა, რომელიც უფრო ორგანიზებულიც და პროგნოზირებადიც იყო.

“არ არის გამორიცხული, რომ მან პარლამენტში მომხდარი მოვლენები ტესტისთვისაც გამოიყენა – ვის რა შესაძლებლობა აქვს. რადგან მას ჭირდება ხალხი, რომლებიც დასახული მიზნის მიღწევას შეძლებენ. შევარდნაძე ასეთ ლიდერს ეძებს, მაგრამ მე მგონია რომ ჯერ უშედეგოდ,” ამბობს დავით უსუფაშვილი.

გასული კვირას მიღწეული წარმატების მიუხედავად ოპოზიციას კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლა მოუწევს. მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო უმცირესობა კვლავაც დროის გაწელვის პოლიტიკას მიმართავს და შეეცდება მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით დებატები 20 მარტამდე გაჭიმონ, რაც პრეზიდენტის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადას წარმოადგენს.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

Back to top button