
პრეზიდენტი კვლავ თავს იკავებს ვეტოს უფლების გამოყენებისგან
(თბილისი, 17 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამ ეტაპზე უარს აცხადებს სახელფასო მინიმუმის 115 ლარამდე გაზრდის კანონპროექტის მიმართ ვეტოს უფლების გამოყენებაზე და პარლამენტს რიგგარეშე სესიის მოწვევას თანხმდება.
“ჩემთვის გაუგებარია, რატომ სურთ ჩემი მხრიდან ამ კანომპროექტზე ვეტოს დადება, ეს ხომ უკიდურესი ზომა იქნება, განსაკუთრებით ისეთი შემადგენლობის პარლამენტისთვის, როგორიც ახლაა. ვინც ამას მოითხოვს, მისი მხრიდან პატარა, უსუსური ეშმაკობაა, თითქოს პრეზიდენტს არ სურს ხელფასების ზრდა. მართალია, კონსტიტუციით მაქვს ვეტოს დადების უფლება, მაგრამ შემდგომში მისი გადალახვა შეუძლებელი იქნება. ამავდროულად, ბოლო წლებში ვუფრთხილდები პარლამენტთან დამოკიდებულებას”, – განაცხადა დღეს ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ჯერ კიდევ კანონპროექტად რჩება. შევარდნაძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ კანონპროექტის მიღება პარლამენტის მხრიდან პროცედურების გარკვეული დარღვევით მოხდა.
პრეზიდენტი სახელფასო მინიმუმის გაზრდას 115 ლარამდე ამ ეტაპზე კვლავ უსაფუძვლოდ მიიჩვევს და ამის დასადასტურებლად სპეციალისტების და სავალუტო ფონდის რეკომენდაციები მოჰყავს.
“ეს ჩვენი ეკონომიკის დანგრევას გამოიწვევს და საჭირო გახდება 2003 წლის ბიუჯეტის ხელახალი გადაანგარიშება. სავალუტო ფონდის განცხადებითაც, თუ ხელისუფლება არ შეეწინააღმდეგება ასეთ პოპულისტურ და ფეთქებად პროექტს, შესაძლოა, გაწყვიტონ საქართველოსთან თანამშრომლობა, რაც სახელმწიფოს გაკოტრების წინაშე დაააყენებს”, – აცხადებს პრეზიდენტი.
მისი განცხადებით, ამ პროექტის ინიციატორები საპარლამენტო არჩევნებისთვის ქულების დაწერას და ხმების მოპოვებას ცდილობენ, მაგრამ არ უნდა დაივიწყონ. რომ გამარჯვების შემთხვევაში მათ მოუწევთ ამ პროექტის განხორციელება.
“ამ პროექტის განხორციელება შოკი იქნება თერაპიის გარეშე”, – თქვა შევარდნაძემ. იგი პარლამენტს სთავაზობს მის მიერ წარდგენილი პროექტის “ახალი პროექტი, ახალი საქართველოსათვის” განხილვას, რომელიც ხელფასების ზრდას წელს 20-დან 35 ლარამდე, ხოლო 2004 წელს – 60-მდე და 2005 წელს – 100 ლარამდე ითვალისწინებს. იგი აცხადებს, რომ ხელფასების გაზრდამდე ჯერ პენსიონერების დავალიანებები უნდა იქნას გასტუმრებული.
პრეზიდენტი ასევე ითოვს პარლამენტისგან უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. მათ შორის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას და აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას.