ახალი ამბები

ჩეჩენთა საქმე კვლავ უზენაეს სასამართლოს უბრუნდება

მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მესაზღვრეების მიერ გასული წლის აგვისტოში დაკავებული სამი ჩეჩენიდან ორი რუსეთს უნდა გადაეცეს, ხოლო ერთის ექსტრადიცია უკანონოა. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩნენ როგორც დაცვის, ასევე პროკურატურის წარმომადგენლები. ისინი გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

სამი ჩეჩენი იმ ცამეტკაციან ჯგუფში შედიოდა, რომელიც ქართველმა მესაზღვრეებმა 2002 წლის 3-5 აგვისტოს დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო და რომელთა ექსტრადიციას რუსეთი კატეგორიულად მოითხოვს.

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა ჰუსეინ ალხანოვის ექსტრადაციის საკითხი უსაფუძვლოდ სცნო იმ მოტივით, რომ მას ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული. მოსამართლემ უსაფუძვლოდ მიიჩნია შს სამინისტროს მიერ 2002 წლის 20 ნოემბერს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ გაგზავნილი გრიფით “საიდუმლო” წერილი, რომლის საფუძველზეც ალხანოვს ლტოლვილის სტატუსი მოეხსნა. დანარჩენი ორი ჩეჩენის – რუსტამ ელხაჯიევის და რუსლან გელოგაევის თხოვნა რუსეთისათვის გადაცემის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე მოსამართლემ არ დააკამყოფილა.

“სასამართლოს უფლება არ აქვს, მოახდინოს ადამიანის ექსტრადაცია ისეთ ქვეყანაში, სადაც მოქმედებს სიკვდილით დასჯა, რუსეთში კი ეს კანონი ჯერ კიდევ მოქმედებს. ამის გამო ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს უფლებას და 10 დღის ვადაში უზენაესს სასამართლოში გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ჩეჩნების ერთ-ერთმა ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ.

სასამართლოს მიერ ასეთი დადგენილების გამოტანას საქართველოს ჩეჩენური დიასპორისა და რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლთა უკმაყოფილება მოჰყვა. მათ ერთობლივი საპროტესტო აქცია სასამართლოს შენობის წინ.

“სასამართლოს დადგენილება უსაფუძვლო და უკანონოა, არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანების გადაცემა ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგისა და მტერის – რუსეთისთვის” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას”, – აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მექა ხანგოშვილმა.

მისი თქმით, ისინი მხარს უჭერენ სასამართლოს დადგენილების გასაჩივრების და იმედოვნებენ, რომ უზენაესი სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

მოსამართლის მიერ გამოტანილ ვედიქტს აპროტესტებენ პროკურორებიც, რომლებიც ამ პროცესზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენდნენ. პროკურორ პაატა მსხილაძის განცხადებით, ისინი არამართებულად მიიჩნევენ ალხანოვთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მისი საქართველოში დატოვებისა და აქ გასამართლების შესახებ.

“ჩვენ დეტალურად შევისწავლით სასამართლოს დადგენილებას და ორ-სამ დღეში სარჩელს შევიტანთ უზენაეს სასამართლოში”, – უთხრა “სივილ ჯორჯიას” პაატა მსხილაძემ.

როგორც მოსალოდნელია, უზენაეს სასამართლოში ჩეჩნების ადვოკატები შეეცდებიან სასამართლო დარწმუნებას, რომ დაკავებულთა ექსტრადიციის შემთხვევაში მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. ამას გარდა ადვოკატები შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ კიდევ ერთ დაკავებულს – გელოგაევს ლტოლვილის სტატუსი გააჩნია.

პროცესის მიმდინარეობისას, 10 მარტს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ ყეენიშვილმა სასამართლოს მოახსენა, რომ გელოგაევს ლტოლვილის სტატუსი 2000 წლამდე ჰქონდა. მაგრამ, ერთი წლის შემდეგ მან არ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია, რის გამოც სტატუსი ავტომატურად მოეხსნა.   

ჩეჩნების ადვოკატები ამას აპროტესტებდენ. მათი განცხადებით, სამინისტროში დღემდე არ არსებობს მექანიზმი სტატუსის გაუქმების შესახებ და პირი რომელმაც ერთხელ გაიარა რეგისტრაცია და კვლავ ამ ქვეყანაში იმყოფება, ლტოლვილის სტატუსით სარგებლობს.

“ლტოლვილთა შესახებ კანონის მე-8 მუხლი ითვალისწინებს ლტოლვილთა სტატუსით სარგებლობას იქამდე, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი ამ პირის სამშობლოში დაბრუნება და მშვიდობიან ვითარებაში ცხოვრება, აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა”, – აცნობა “სივილ ჯორჯიას” ადვოკატმა მაკა ძამუკაშვილმა.

სასამართლო პროცესებისა და დაკავებული ჩეჩნების ექსტრადიციის გაჭიანურების გამო რუსეთმა უკვე გამოხატა პროტესტი. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაიჭიანურდეს, რადგან შესაძლოა, უზენაესმა სასამართლომ საქმე ხელახალი განხილვისთვის კვლავ მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს დაუბრუნოს.

ტეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button