ახალი ამბები

ხაზარაძე “ალტერნატიული პარლამენტის” შექმნის ინიციატივით გამოვიდა

(თბილისი, 13 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 13 მარტის სხდომაზე ცხარე დებათების შემდეგ “მოქალაქეთა კავშირის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ვიტალი ხაზარაძემ ე.წ. “თემატურ უმრავლესობაში” შემავალ სახელისუფლებო ფრაქციებს “ალტერნატიული პარლამენტის” შექმნისკენ მოუწოდა.

სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის როსტომ დოლიძის ინფორმაცია მოისმინეს 28 თებერვალს პარლამენტის მიერ მინიმალური ხელფასების გაზრდის თაობაზე კანონპროექტის დამტკიცების არამართებულობის შესახებ.

ოპოზიციური ფრაქციები საპროცედურო კომიტეტის დასკვნასთან დაკავშირებით კენჭისყრის გაჭიანურებას ცდილობენ. კომიტეტმა 7 მარტის სხდომაზე დაასკვნა, რომ კანონპროექტის დამტკიცება საპროცედურო დარღვევებით მოხდა, რის გამოც მართებულად მიიცნია განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება ამ საკითხთან დაკავშირებით.

სახელისუფლებო ფრაქციების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის მხარდაჭერაში და კენჭისყრის პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.

ვიტალი ხაზარაძემ დეპუტატებს “პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცებისა და იმპიჩმენტის პროცედურის გამარტივებისკენ” მოუწოდა, რომ შესაძლებელი გახდეს ნინო ბურჯანაძის თანამდებობიდან გადაყენება. თვით ნინო ბურჯანაძემ ხაზარაძის განცხადებას “ალტერნატიული პარლამენტის” შექმნის თაობაზე და ანტიკონსტიტუციური უწოდა.

მოსალოდნელია, რომ ცხარე დებატები 14 მარტის სხდომაზეც გაგრძელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button