ახალი ამბები

“გაერთიანებულმა დემოკრატებმა” შევარდნაძე დილემის წინაშე დააყენეს

“გაერთიანებული დემოკრატიების” ინიციატივის, მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმამდე გაზრდის თაობაზე, პარლამენტის მიერ დამტკიცებამ ხელისუფლება დილემის წინაშე დააყენა. როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, იმის და მიუხედავად დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი ამ კანონს, ზურაბ ჟვანიას პარტია ნებისმიერ შემთხვევაში, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება.

3 მარტის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ მიანიშნა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს მინიმალური ხელფასის ერბაშად 115 ლარამდე გაზრდას, რაგდან ეს შეუქცევად ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევს.

პარლამენტის მიერ 28 თევერვალს მიღებულ კანონი მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმამდე – 115 ლარამდე გაზრდის შესახებ, რომელიც პარლამენტმა “გაერთიანებული დემოკრატების” სამთვიანი ინტენსიური მცდელობის შედეგად დაამტკიცა, ხელისუფლებას 2003 წლის ბიუჯეტში დამატებით 116 მილიონი ლარის გამოძებნას ავალდებულებს.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყოველ წელს ბიუჯეტი შეუსრულებელი რჩება, ამ კანონის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ეს კი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნბის წინ ხელისუფლების ისედაც დაბალ რეიტინგზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედებს, მაშინ როდესაც სრულიად საწინააღმდეგო გავლენას მოახდენს “გაერთიანებულ დემოკრატებზე.”

“ეს ძალზედ კარგად დაგეგმილი ეშმაკური ნაბიჯი იყო, რასაც “გაერთიანებუი დემოკრატები” ძალიან კარგად გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ. ერთის მხრივ ამ კანონის პარლამენტში გატანა შეუძლებელი ჩანდა, თუმცა მეორეს მხრივ ეს ისეთი ინიციატივა იყო, რომელსაც არჩევნების წინ პოლიტიკური ძალები ვერ დაუპირისპირდებოდნენ,” განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას რადიო თავისუფლების პოლიტიკურმა მიმომხილველმა ია ანთაძემ.

ამიტომ პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობს მოსახლეობა ამ ინიციატივის ეკონომიკურად გაუმართლებლობაში დაარწმუნოს.

“ამას შეიძლება ფეთქებადი, უმართავი ნაბიჯები მოჰყვეს ეკონომოკაში, არ გამოირიცხება ინფლაციაც და ლარის სტაბილურობას ეჭვქვეშ დააყენებს, რამაც შეიძლება კუპონის დროში დაგვაბრუნოს, რაც ჩემში შოკს იწვევს” – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავოს ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში 3 მარტს.

“გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივის ალტერნატივად ხელისუფლება მოსახლეობას მინიმალური ხელფასის ეტაპობრივ ზრდას თავაზობს, რაც პრეზიდენტის განცხადებით სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

“მთელი წლის მანძილზე მე და სახელმწიფო მინისტრი სხვა სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობდით ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება სახელფასო მინიმუმის 20-დან 35-ლარამდე გაზრდის თაობაზე. მართალია, ეს მცირე თანხაა, მაგრამ მერწმუნეთ, უფრო ეფექტურია. მომავალი წლისთვის ხელფასების გაზრდა 60 ლარამდე არის გათვალისწინებული, ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტი ნაბიჯ-ნაბიჯ ითვალისწინებს ხელფასების ზრდას,” განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ 3 მარტს.

ზურაბ ჟვანია კანონის ამოქმედების შემთხვევაში კატეგორიულად გამორიცხავს ინფლაციური პროცესების დაწყება, რადგან “გაერთიანებული დემოკრატები” ხელისუფლებას მინიმალური ხელფასის გაზრდას არა ფულადი ემისიის, არამედ “საბიუჯეტო სახსრების გადამისამართებით” სთავაზობენ.

“2003 წლის ბიუჯეტში 120 მილიონი ლარი სამინისტროების სპეცსახსრებისთვის არის გათვალისწინებული. ეს ის თანხებია, რომლითაც ჩინოვნიკები ძვირადღირებულ მანქანების შესაძენად იყენებენ. მინიმალური ხელფასი 115 ლარი რომ გახდეს საჭიროა ბიუჯეტში გათვალისწინებული სპესახსრები გაზრდილ ხელფასებზე გადანაწილდეს,” განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 3 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

ჟვანიას ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი ეკონომიკის დარგში საქართველოს სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ფონდიდან ვლადიმერ პაპავა. “რა თქმა უნდა თუ გაზრდილი ხელფასებისთვის ფული არა ემისიის, არამედ საბიუჯეტო სახსრების გადანაწილების ხარჯზე მოხდება, ყოველგვარი ინფლიაცია გამორიცხულია,” განაცხადა პაპავამ 4 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტი, როგორც ჩანს ჯერ არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას დაადებს თუ არა კანონს ვეტოს. როგორც ზოგიერთი დამკირვებელი აღნიშნავს, პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას შეეცდება.

“არა მგონია შევარდნაძემ ვეტოს უფლება გამოიყენოს. ეს იქნება დაპირისპირებისა და კონფრონტაციის გზა, რაც პრინციპში პრეზიდენტის სტილი არ არის. ალბათ უფრო სავარაუდოა, რომ იგი არ დაადებს ვეტოს, ხოლო თუ კანონი არ შესრულდა და ხელფასები არ გაიზარდა, რაც ახლავე შიძლება ითქვას რომ ასეც იქნება, პასუხისმგებლობას სხვას გადააბარებს,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” რადიო თავისუფლების მიმომხილველმა ია ანთაძემ.

ამასობაში კი “გაერთიანებული დემოკრატები” კარგად იყენებენ ამ პოპულარულ თემას და თუ უახლოეს მომავალში ხელისუფლებამ საპასუხო ნაბიჯები არ გადადგა, მაშინ მთავრობის მორიგი მარცხის გამო პრეზიდენტის განრისხებას შესაძლოა სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე შეეწიროს.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

Back to top button