
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება პარლამენტში წინააღმდეგობას წააწყდა
ამ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდება და შეეცდება ისინი აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის აუცილებლობაში დაარწმუნოს.
27 თებერვალს პარლამენტმა დაიწყო საქართველოსა და აშშ-ს მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების განხილვა. მაგრამ იმის გამო რომ ხელშეკრულებას დეპუტატებს შორის მრავალი ოპონენტი გამოუჩნდა გადაწყდა საკითხი განხილვიდან მოეხსნათ.
ხელშეკრულების გარკვეულმა მუხლებმა დეპუტატთა ერთი ჯგუფის აღშფოთება გამოიწვია და მას “დისკრიმინაციული” უწოდეს.
შეთანხმებას “საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” ხელი თბილისში 2002 წლის 10 დეკემბერს მოეწერა.
შეთანხმების თანხმად, აშშ-ს მთავრობას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლია დაიკავოს საქართველოს ტერიტორიები და შენობები, რომლებიც გამოყენებულ იქნება აშშ-ს მთავრობის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის და სატრანსპორტო საშუალებების, ხომალდების და საფრენი აპარატების სხვადსხვა საქმიანობებისათვის.
ამას გარდა, აშშ-ს მთავრობის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მისი დატოვება პასპორტებისა და ვიზების გარეშე პირადობის დამადასტურებელი მოწმობით და ინდივიდულაური ან კოლექტიური ბრძანებით. მათ ასევე ენიჭება საელჩოს ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისათვის განსაზღვრული პრივილეგიები და იმუნიტეტები. შეთანხმების თანახმად, აშშ-ს მთავრობის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს შეუძლია იქონიოს და ატაროს იარაღი საქართველოში.
ეს ხელშეკრულების სწორედ ის მუხლებია, რომლებმაც დეპუტატთა ერთი ნაწილის შეშფოთებას იწვევს.
“ხელშეკრულება ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს. როდესაც საუბარია იარაღის ტარების უფლებაზე არ არის განსაზღვრული რა სახის იარაღზეა საუბარი, მეორეც ერთი რატომ უნდა ატარონ იარაღი აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თავისუფლად იარაღი? მე ამის წინააღმდეგი ვარ,” აცხადებს დეპუტატი “აღორძინებიდან” ჰამლეტ ჭიპაშვილი.
“სივილ ჯორჯაისთან” საუბრისას ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ ამას გარდა ხელშეკრულების ამოქმედება საქართველოს ბიუჯეტს ძალზედ დააზარალებს, რადგან “შეთანხმების თანახმად, აშშ-ს პერსონალი არ იხდის არანაირ გადასახადს საქართველოში იმპორტირებული ან საქართველოში შეძენილი ქონების ფლობის, საკუთრების ან სარგებლობისათვის,” განაცხადა ჭიპაშვილმა.
დეპუტატთა ერთი ნაწილის მხრიდან ხელშეკრულებისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ აღმასრულებელი ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია, რადგან ამ დოკუმენტის რატიფიკაციის ჩავარდნის შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” განხორციელება, რომლისთვისაც აშშ ხელისუფლებამ 64 მილიონი დოლარი გამოყო.
“ხელშეკრულების რატიფიცირება არის ის აუცილებლობა, რომელიც პროგრამის სწორად განხორციელებას ხელს შეუწყობს,” განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად მუკბაიანმა.
3 მარტს ორშაბათის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ გააკრიტიკა დეპუტატთა ის ჯგუფი, რომელთა წინააღმდეგობის გამო საკითხის განხილვა გადაიდო.
“ჩემთვის გაუგებარია ზოგიერთი პარლამენტარის დამოკიდებულება საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით. ნუთუ მათ არ ესმით ამ საკითხის მნიშვნელობა. ამერიკასთან, რომელმაც ამდენი დახმარება გაგვიწია და დღესაც აგრძელებს სამხედრო სფეროში ჩვენთან თანამშრომლობას და ფინანსურადაც გვეხმარება, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება”, – განაცხადა პრეზიდენტმა ორშაბათის რადიოინტერვიუში.
27 თებერვალს ხელშეკრულება დასამუშავებლად საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტს დაუბრუნდა. თუმცა ზვიად მუკბანიანის განცხადებით მისთვის გაუგებარია რა უნდა შეიცვალოს დოკუმენტში.
“არ ვემხრობი ხელშეკრულების გადახედვას. ეს არის ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც პარლამენტმა ან უნდა გაიზიაროს ან უნდა უარყოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ზედმეტი დებატების გარეშე, ამ ხელშეკრულებას მომავალ კვირას უპრობლემოდ გაუკეთებს რატიფიცირებას”, ოპტიმისტურად არის განწყობილი ზვიად მუკბანიანი.
ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია