ახალი ამბები

პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს აკრიტიკებს

(თბილისი, 3 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმამდე – 115 ლარამდე გაზრდის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე არ ეთანხმება.

“ყველას ვთხოვ მშვიდად, კომპეტნეტურად და ობიექტურად განვიხილოთ ეს პროექტი. თავად იდეა კეთილშობილურად და გამართლებულად მიმაჩნია, მაგრამ ამაში სიახლეს მე ვერ ვხედავ, ეს მოსაზრება ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩემს პროგრამაში აისახა და ამას საქართველოს კონსტიტუცია და შრომის შესახებ კანონიც ითვალისწინებს. ამიტომ ნურავინ ნუ ჩათვლის თავს ნოვატორდ. თუმცა, მადლობას ვუხდი პარლამენტს და არა რომელიმე პირს, რომ ხალხზე ზრუნავს”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ამ პროექტთან დაკავშირებით შეხვდა მის ინიციატორს, “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერს ზურაბ ჟვანიას, შემდეგ ეკონომისტებს და ფინანსისტებს, რომლებთან ერთად განიხილეს ამ პროექტის რეალურად განხორციელების მექანიზმი.

“ამას შეიძლება ფეთქებადი, უმართავი ნაბიჯები მოჰყვეს ეკონომოკაში, არ გამოირიცხება ინფლაციაც და ლარის სტაბილურობას ეჭვქვეშ დააყენებს, რამაც შეიძლება კუპონის დროში დაგვაბრუნოს, რაც ჩემში შოკს იწვევს”, – განაცხადა შევარდნაძემ.

პრეზიდენტი პროექტის ინიციატორებისგან ითხოვს კონკრეტული პუნქტების დასახელებას, რომლებიც უნდა შეიცვალოს ცენტრალურ ბიუჯეტში, რათა პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი შესრულდეს.

“მთელი წლის მანძილზე მე და სახელმწიფო მინისტრი სხვა სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობდით ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება სახელფასო მინიმუმის 20-დან 35-ლარამდე გაზრდის თაობაზე. მართალია, ეს მცირე თანხაა, მაგრამ მერწმუნეთ, უფრო ეფექტურია. მომავალი წლისთვის ხელფასების გაზრდა 60 ლარამდე არის გათვალისწინებული, ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტი ნაბიჯ-ნაბიჯ ითვალისწინებს ხელფასების ზრდას”, – აცხადებს შევარდნაძე. მისი თქმით, ამ მოსაზრებას ეთანხმებიან საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შევარდნაძე მიმართავს საზოგადოებას და აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში არც საქართველოს ეროვნულ ვალუტას და საბანკო სისტემას საფრთხე არ ემუქრება.

“საქართველოს პრეზიდენტი არ არის უძლური, რომ  ამ კანონზე ვერ მოახდინოს ზეგავლენა და ვიმედოვნებ, რომ პარლამენტიც კრიტიკულად განიხილავს მიღებულ გადაწყვეტილებას და შევძლებთ შეთანხმების მიღწევას და თანამშრომლობას”, – განაცხადა შევარდნაძემ.

პარლამენტმა კანონპროექტი მინიმალური ხელფასების საარსებიო მინიმუმთან გათანაბრების შესახებ 28 თებერვალს განიხილა და დაამტკიცა.

საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, ვეტო დაადოს ამ გადაწყვეტლებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button