ახალი ამბები

უშედეგო მოლაპარაკებები

თბილისი და მოსკოვი სამხედრო საკითხებზე კვლავ ვერ თანხმდებიან

თბილისსა და მოსკოვს შორის სამი წლის წინ დაწყებულ მოლაპარაკებებს, საქართველოში განთავსებული ორი რუსული სამხედრო ბაზებისა და ხუთი სამხედრო ობიექტების საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე დღემდე არანაირი შედეგი არ მოუტანია.

18-19 თებერვალს მოსკოვში მოლაპარაკებათა მერვე რაუნდი გაიმართა და მხარეები კვლავაც ვერ შეთანხმდენენ ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების ლიკვიდაციის თარიღზე, იმის მიუხედავად, რომ სტამბოლის 1999 წლის ეუთო-ს შეთანხმება რუსეთს და საქართველოს ავალდებულებდა ამ ბაზების გაყვანის ვადებზე 2001 წლამდე შეთანხმებულიყვნენ.

მოსკოვი ფინანსების არარსებობის მომიზეზებით, საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზების (ბათუმი, ახალქალი) გასატანად კვლავ 11-წლიან ვადას მითხოვს. საქართველოს მთავრობას კი მიაჩნია, რომ საამისოდ 3 წელიც საკმარისია.

“რუსეთი სტამბულის სამიტის შეთანხმების დარღვევას ფინანსური პრობლემებით ხსნის. ჩვენ ვუთხარით, რომ უცხოელი მეგობრების მეშვეობით ბაზების გატანაში ფინანსურად დავეხმარებოდით. მათ საქართველოში განლაგებული ბაზების სანაცვლოდ თავიანთ ტერიტორიაზე ახლის აშენება მოინდომეს, რასაც 400 მილიონი დოლარი სჭირდება” _ განაცხადა 20 თებერვალს მოსკოვიდან დაბრუნებულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა.

მოლაპარაკებებში ჩიხიდან გამოსვლის მიზნით, როგორც ჩანს საქართველო უკვე მზად არის გარკვეულ დათმობაზე წავიდეს და რუსულ მხარეს ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების გადმოცემის ვადებისადმი საკითხისადმი “დიფერენცირებულ” მიდგომას სთავაზობს. 

“თუ რუსეთი სამ წელისადში ბათუმის სამხედრო ბაზას დახურავს, მაშინ ქართული მხარე ახალქალაქის ბაზის დახურვის ვადებს გადახედავს” _ განაცხადა 21 თებერვალს პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა რევაზ ბეშიძემ.

ახალქალაქისა და  ბათუმის ბაზების გარდა კვლავ პრობლემატური რჩება აფხაზეთში განთავსებული გუდაუთის სამხედრო ბაზის საკითხიც. რუსეთის მტკიცებით აღნიშნული სამხედრო ბაზიდან ეუთოს 1999 წლის შეთანხმების საფუძველზე, უკვე გაყვანილია სამხედრო ტექნიკა და იგი კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსი სამშვიდობო ძალები იყენებენ. თუმცა თბილისი, მოსკოვის ამ განცხადებას ეჭვით ხვდება და იქ საერთაშორისო მონიტორინგის (ქართველი სამხედრო ექსპერტების მონაწილეობით) ჩატარებას მოითხოვს.

“ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ რუსეთს გუდაუთის ბაზაზე მნიშვნელოვანი შეიარაღება აქვს. ეს ბაზა კვლავ რუსეთისა და აფხაზი სეპარისტების დასაყრდენია აფხაზეთში” _ აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელი თამაზ ნადარეიშვილი. 

რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ინსპექტორთა უსაფრთხოებას სთხოვს. ოფიციალური თბილისი მიიჩნევს, რომ რუსეთი კარგად ხედავს, რომ თბილისს, არაკონტროლირებად კონფლიქტურ ტერიტორიაზე ასეთი პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია და ამით პროცესს მის სასარგებლოდ აჭიანურებს.

პარალელურად, სეპარატისტული აფხაზეთის თვითაღიარებული ხელისუფლება გამოხატავს პრეტენზიას გუდაუთის ბაზის გამო. “რუსი სამშვიდობოების გასვლის შემთხვევაში ბაზას ჩვენ დავიკავებთ” _ აცხადებს სოხუმის თვითაღიარებული ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბა.

გუდაუთის, ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზის გარდა, რუსეთს საქართველოში კიდევ ხუთი სხვა სამხედრო ობიექტი გააჩნია, რომლებიც ასევე უნდა გადმოსცეს საქართველოს, თუმცა ამ მხრივაც არანაირი პროგრესი არ შეინიშნება.

საქმე ეხება თბილისის 205-ე საწყობს და აბანოს, ქობულეთის სამხედრო სანატორიუმს, ახალქალაქის სამხედრო ბაზაში შემავალი #1 და #4 სამხედრო ქალაქებს და თბილისში განლაგებულ 142-ე ჯავშანსატანკო ქარხნა.

ექსპერტების განცხადებით ეს უკანასკნელი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. თბილისის 142-ე ჯავშანსატანკო ქარხნაში ხდება სომეთის ტანკების შეკეთება. ეს ფაქტი ექსპერტების მოსაზრებით საქართველოს მეზობლისა და პარტნიორის აზერბაიჯანის უკმაყოფილებას იწვევს.

თბილისში ნაკლებად იმედოვნებენ, რომ ყველა ამ პრობლემატური საკითხის მოგვარებას მხარეები თბილისში აპრილში დაგეგმილ მოლაპარაკებებათა მეცხრე რაუნდის დროს შეძლებენ.  

გოგა ჩანადირი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button