ახალი ამბები

ენერგოსისტემაში არეულობა მოსახლეობას ელექტროენერგიის გარეშე ტოვებს

თბილისის მოსახლეობა ბოლო ორი კვირაა ელექტროენერგიის  შეზღუდვით მიწოდება უჩივის. თუმცა ოფიციალურად გრაფიკის შემოღებას უარყოფს როგორც საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო, ასევე თბილისში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ამერიკული კომპანია “ეი-იე-ს თელასიც”.

“დღეისათვის გრაფიკი თბილისში არ არსებობს. ენერგოსისტემაში არსებული კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად ამაზე საუბარი არც ყოფილა” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნუგზარ უფლისაშვილმა.

ამასვე აცხადებენ “ეი-იე-სის” წარმომნადგენლები. მათი თქმით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ისეთ უბნებს, სადაც საცხოვრებელი ბინებიდან სადარბაზოებში არ არის გატანილი მრიცხველები და იმ აბონენტებს, რომლებიც არ იხდიან მოხმარებული ენერგიის საფასურს.

ელექტროენერგიის მიწოდება თბილისში ბოლო ორი დღეა კიდევ უფრო გართულდა. ენერგეტიკოსების განცხადებით, ელექტროენერგიის მოწოდების შეზღუდვა ძირითადად ერთ-ერთ მძლავრ სადგურზე, ენგურჰესზე წყლის დონის დაწევით და 500 მგვტ-იანი გადამცემი ხაზი “კავკასიონის” გადატვირთვით არის გამოწვეული.

ნუგზარ უფლისაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის გათიშულია “კავკასოიონის” ხაზი, რის გამოც სისტემას რუსეთიდან ინპორტირებული 200 მგვტ-მდე ენერგია მოაკლდა. ენგურჰესის ორი აგრეგატის ჩართვა მხოლოდ პიკის საათებში ხდება. ასევე გათიშულია “ეი-იე-სი მტკვარის მე-9 ენერგობლოკი.

თბილისის მომარაგება მცირე ჰესებიდან და სომხეთიდან 200 მგვტ-იან გადამცემი ხაზი “ალავერდის” საშუალებით შემოდინებული 150 მგვტ-ი ენერგიით ხდება, თუმცა ეს საკამრისი არ არის დედაქალაქის მთლიანად მომარაგებისთვის, რომელსაც დღე-ღამეში 650-750 მგვტი ელექტროენერგია ესაჭიროება.

ენერგეტიკის სამინისტროს პირველი პირების განცხადებით, ამ დროისთვის ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ  ვითარება გამოსწორდეს. “საღამოს საათებში [22 თებერვალი] მოხდება “კავკასიონის” ხაზის ჩართვა და რუსეთიდან განახლდება ელექტროენერგიის იმპორტი” – აცხადებს მინისტრი დავით მირცხულავა.

არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ “ეი-იე-სი” თბილიში ელექტროენერგიაზე შეზღუდვებს შეგნებულად აწესებს, ვინაიდან სისტემაში არსებული ჭარბი ენერგიის ტრანზიტი თურქეთში ხდება, სადაც თანხა პირდაპირ ირიცხება და უფრო მომგებიანიცაა. ამას ამტკიცებდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ენერგოსექტორშია შექმილი და რომლებიც ეი-იე-სის წინააღმდეგ გამოდიან. მათ შორისაა ენერგეტიკოსთა საზოგადოება. ასეთი ბრალდება მათ კომპანიას გასულ წელსაც წაუყენეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც გააჩდათ. 

ამ მოსაზრებას ამჟამად უარყოფს როგორც კომპანია ისე სამინისტრო. ნუგზარ უფლისაშვილის განცხადებით, მართალია კომპანიას დამოუკიდებლად ელექტროენერგიის ტრანზიტის ლიცენზია გააჩნია, მაგრამ სამინისტროს გვერდის ავლით ამის გაკეთება არ შეიძლება.

“ამის გარდა ზედმეტი ენერგია საქართველოს ენერგოსისტემაში არ არის და არც თურქეთის მხრისდან არის ამის მოთხოვნა, ამიტომ ვეჭვობ, რომ ხდება თურქეთისთვის ენერგიის მიწოდება”, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ამასვე ადასტურება თბილისის საკრებულოს წევრი, ენერგოკრიზისის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მინდელი. “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას მან აღნიშნა, რომ “ამ დროისთვის კომპანია არ ახორციელებს ტრანზიტს”.

არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ელექტროენერგიის მოწოდების გაუარესება ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ შედგენილი დოკუმენტის შედეგად ხდემა, რომელიც ელექტროენერგიაზე ტარიფის შესაძლო დაკლებას ითვალისწინებს. ამ დებულების დამტკიცების შემთხვევაში კომპანიის წილი ტარიფში 0,7 თეთრით მცირდება.

ტარიფის კლებას და გრაფიკის შემოღებას ერთმანეთს არ უკავშირებს “ეი-იე-სის” გენერალური მენეჯერი იგნასიო ირიბარენი. “ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა არანაირ კავშირში არ არის ტარიფის კლებასთან. ელექტროენერგია არ მიეწოდება ურჩ გადამხდელებს, მათ შორის გაუმრიცხველინებულ უბნებს და ეს გამართლებულია” – აცხადებს იგნასიო ირიბარენი.

ამ ქმედებას სამართლიანს უწოდებს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიაც. კომისიის წარმომადგენლის თამარ ნოსელიძის განცხადებით, კომპანია ვალდებულია ყველა ურჩ მოსახლეს არ მიაწოდოს ენერგია.

თუმცა ამ შემთხვვეაში გათიშულია არა კონკრეტული ურჩი აბონეენტი, არამედ ხდება მთელი უბინს გამორთვა, რაც არამართებულია, ვინაიდან გამრიცხველიანებულ უბნებში კომპანიას საშუალება აქვს ინდივიდუალურად გათიშოს მომხმარებელი ქსელიდან.

რაც შეეხება გაუმრიცხველიანებულ უბნებს, კომპანიამ საქართველოში შემოსვლის შემდეგ საკუთარი ხარჯებით დაიწყო გამრიცხველიანება და ეს პროცესი ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა დაესრულებინა, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ შეძლო ამის გაკეთება, რაც არსებული  ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის დარღვევაა, თუმცა ამაზე პასუხს არც ერთი უწყება კომპანიას არ სთხოვს.  მათ შორის სემეკი, რომლის პოზიციით ასეთ სემთხვევაში კომისიას მხოლოდ წარმოების ლიცენზიის ჩამორთმევის უფლება აქვს.

“ამის გაკეთება კი “ეი-იე-ს თელასთან” არ შეიძლება, ვინაიდან კომპანია ერდადერთია, რომელიც თბილისს ელექტროენერგიას აწვდის, წინააღმდეგ შემთხვევასი მთელი ქალაქი ჩაბნელდება” – განაცხადა სემეკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ პაატა ვარდოსანიძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას.

ამ უბნებში ელექტროენერგიაზე ოფიციალურად დაწესებულია გრაფიკი და კომპანია ამის გასამართლებლად აცხადებს, რომ ასეთ უბნებში დაბალია მოხმარებული ენერგიის საფასურის ამოღების მაჩვენებელი.

“მანამდე კი მოსახლეობა, რომელიც იხდის გადასახადს, ელექტროენერგიას კვლავ გრაფიკით მიიღებს იმის გამო, რომ კომპანიამ ვერ შეძლო საკუთარი მოვალეობის შესრულება” – აცხადებს საკრებულოს წევრი ზურაბ მინდელი.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button