ახალი ამბები

ახალი მემარჯვენეები – აშშ-ს პოლიტკის მხარდამჭერები და პოლიტიკური ძალადობის მოწინააღმდეგნი

ინტერვიუ დავით გამყრელიძესთან

ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამკრელიძემ “სივილ ჯორჯიასთან” სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად სოციალური პრობლემებისადმი პარტიის შეხედულებებზე, ქვეყნის ეკონომიკურ, შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ისაბურა. მისი განცხადებით “ახალი მემარჯვენეები” მაისში ჩაატარებენ ყრილობას, სადაც დაამტკიცებენ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად დეტალურად იქნება გაწერილი “ახალი მემარჯვენეების” პოზიცია ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით.

რა ძირითადი პრიორიტეტები გააჩნია პარტიას ქვეყანაში შექმნილი სოციალური პრობლემების დაძლევის მხრივ?

სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ძალზედ კომპლექსური საკითხია. თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა იტყვის, რომ თუ მოვედი ხელისუფლებაში სასწრაფოდ მოვაგვარებ სოციალურ პრობლემებსო, ეს არასწორი იქნება. სოციალური პირობების გაუმჯობესება დაკავშირებულია საბიუჯეტო შემოსავლების ზრდასთან. ამის მისაღწევად კი აუცილებელია მთელი რიგი რეფორმების გატარება მთლიანად ეკონომიკურ სექტორში, ასევე სახელმწიფო მართველობით სისტემაში, საგადასახადო კოდექსში, განათლების სისტემაში და ა.შ.

ამ მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანია თუნდაც ქვეყნის თავდაცვის სისტემა. ქვეყანაში სერიოზული უსაფთხოების გარანტიების გარეშე შეუძლებელია სერიუოზულ ინვესტიციებზე საუბარი. იმის გარანტია თუ არა იქნება, რომ ეს სახელმწიფო ხვალ არ დაიბომბება ინვესტორს არ დაესხმებიან, თუ ქვეყანა ვერ შეძლებს თავის დაიცვას გარეშე და შიდა აგრესორისგან, მაშინ სეროზულ ეკონომიკურ წარმატებაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება.

რაც შეეხება კონკრეტულად ეკონომიკურ განვითარებას, მიმაჩნია, რომ კერძო საკუთრება უნდა იყოს უზენაესი და ხელშეუხებელი. თავისუფალ კონკურენციაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის ერთადერთი სწორი მიმართულება, რომელმაც ეკონომიკური წარმატების საწინდარი გახდება.

თავისუფალი კონკურენცია ტყუილად არ მიხსენებია. იქ სადაც არ არსებობს კანონის უზენაესობა, ყვავის კორუფცია არ შეგვიძლია კონკურენციაზე ვისაუბროთ და ამავე დროს ვისაუბროთ ლეგალურ ეკონომიკაზე. დღესდღეობით ეკონომიკის 80% ჩრდილოვანია, იმიტომ რომ ეს აწყობს სახელისუფლებო ძალებს.

მაგრამ მარტო ბრძოლით არაფერი გამოვა, თუ მოტივირებული არ იქნა მეწარმე რომ მან ორმაგი ბუღალტერიით არ იმუშაოს. რომ მან ყველა თავისი გადასახადი ღიად აჩვენოს. ამისთვის კი აუცილებელია გადასახადების ლიბერალიზაცია, რაშიც ვგულისხმობ მეწარმეობის დაწყების პროცედურების გამარტივებას, ასევე გადასახადების შემცირებასა და საგადასახადო კოდექსის გამარტივებაზე. რათა ჩვენ მოტივაცია გავუზარდოთ და სტიმულირება მოვახდინოთ თითოეული მეწარმის.

როდესაც საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციაზე საუბრობთ, ხომ არ გულისხმობთ, რომ აუცილებელია ადგილობრივი ბიზნესისთვის უპირატესობის მინიჭებას უცხოურთან მიმართებაში?

მე არასოდეს ვიტყვი, რომ აუცილებელია უცხოელ ინვესტორს განსაკუთრებული პირობები მივანაჭოთ. მე ძალიან კარგად ვიცი უცხოური ბიზნესის პირობები. მე თვითონ გამოცდილება მაქვს ბიზნესში საქმიანობის. ათი წლის განმავლობაში სადაზღვევო ბიზნესს ვედექი თავში, მთელი ეს წლები უცხოელებთან ვიმუშავე, მაგრამ ვიცი რომ გამსაზღვრელი უნდა იყოს ადგილობრივი რესურსი, ადგილობრივი ინვესტორი.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ლიბერალიზაციაზე, კორუფციის დაძლევაზე აი აქ უმნიშვნელოვანესია ადმინისტრირების გაუმჯობესება. უნდა შევამციროთ სახელმწიფო რეკეტი, მე აღარ ვლაპარაკობ კრიმინალებზე, თუმცა ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ კრიმინალური რეკეტისგან გავწმინდოთ ქვეყანა, იმისთვის რომ სახელმწიფო რეკეტი შევამციროთ და მეწარმეობა არასაშიშ საქმიანობად გავხადოთ აუცილებელია მოვახდინოთ სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმიზაცია, შემცირება, ხელისუფლების მაქსიმალური დეცენტრალიზაცია და რაც მთავარია შევქმნათ სახელმწიფო მოხელის ინსტიტუტი, უნდა შევქმნათ ფენა ბიუროკრატიის (კარგი გაგებით), რომელიც იქნება უზრუნველყოფილი ფინანსურად, სოციალური გარანტიებით რათა მას ქონდეს მოტივაცია იმუშაოს წესიერად იყოს პატიოსანი და არაკორუმპირებული ამისთვის აუცილებელია ბიუროკრატიის შემცირება და სახელმწიფო მოხელეების რაოდენობის შემცირებას.

აი ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ საბიუჯეტო შემოსავლების სერიოზულ ზრდაზე და ჯანსაღ და გამჭვირვალე ეკონომიკაზე, რაც საშუალებას მოგვცემს მოვაგვაროდ ყველა ის სოციალური პრობლემა რაც ასე მრავლად დაგროვდა.

ჩვენ არ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე სოციალური ვალდებულებები. ეს არის მეორე ეტაპი იმ პოლიტიკისა რომელიც ჩვენ გვაქვს გასატარებელი.

კონკრეტულად თუ გაგაჩნიათ წინადადებები საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით?

მე არ მინდა წინასწარ გავაჟღერო. ჩვენ მაისის პირველ რიცხვებში გვექნება პარტიის დიდი ყრილობა სადაც დავამტკიცებთ პარტიის საარჩევნო პროგრამას, სადაც იქნება ზუსტად გაწერილი და გამოჩნდება თუ რას ვთავაზობთ ჩვენ ამომრჩეველს, კონკრეტულად როგორი უნდა იყოს საგადასახადო სისტემა და რომელ გადასახადს რა პროცენტული განაკვეთი ექნება. მე ამ ყველაფრის წინასწარ გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ, თუმცა კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ეს ყველაფერი იქნება მიმართული მეწარმეობისა და გადასახადების გადახდის სტიმულირებისაკენ. 

როგორ შეაფასებდით აშშ ადმინისტრაციის პოლიტიკას ერაყთან მიმართებაში, რამდენად გამართლებული იყო პრეზიდენტის მხრიდან აშშ ღია მხარდაჭერა ერაყთან მიმართებაში და რამდენად რეალურად გესახებათ საქართველოს რაიმე კუთხით მონაწილეობა შესაძლო ომში?

11 სექტემბრის შემდეგ ამერიკელები დარწმუნდნენ რომ არ არსებობს არცერთი კუთხე, რომელიც შეიძლება ტერორიზმისგან და მასობრივი განადგურების იარაღისგან სრულად იყოს დაცული. აშშ, სამხედრო და ფინანსური შესაძლებლობებით, არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ებრძოლოს ამ საფრთხეებს, ბევრი სხვა სახელმწიფოსგან განსხვავებით, რომლებსაც შესაძლებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამის სურვილიც კი არ გააჩნიათ.

აქედან გამომდინარე მე სრულიად ვიზიარებ აშშ შეშფოთებას და მთლიანად ვემხრობი ვაშინგტონის პოლიტიკას ერაყთან მიმართებაში. ჩემთვის ასევე გასაგებია ის შეშფოთება, რომელსაც აშშ ხშირად გამოხატავს მსოფლიოში უკონტროლო ტერიტორიების არსებობასთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოშიც, კერძოდ კი პანკისში. თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო რომ ასეთივე უკონტროლო ტერიტორიაა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც, სადაც შესანიშნავია გარემოა შექმნილი ტერორისტების საქმიანობისთვის და მათი მომზადებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს, რომ ჰუსეინი, ბინლადენი და მათი მსგავსნი არა მხოლოდ აშშ-თვის არის საფრთხის შემქმნელი. იგივე საფრთხე ემუქრება მათი სახით ევროპასაც. ერაყი ბევრად უფრო საშიშია მის მეზობლად მყოფი სახელმწიფოებისთვის იგივე საქართველოსთვის და ევროპისთვის, ვიდრე აშშ-სთვის.

მიუხედავად იმისა რომ ჩვენი პარტია პრეზიდენტ შევარდნაძის პოლიტიკას აკრიტიკებს, უნდა განვაცხადა რომ შევარდნაძის მიერ აშშ-სადმი გამოხატული მხარდაჭერა ერაყთან მიმართებაში იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ბევრი დიდი სახელმწიფო, იგივე საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი გამოდის ერაყის წინააღმდეგ ომისა, რომლებიც არა თუ მხარს არ უჭერენ არამემ, პირდაპირ ვთქვათ ხელს უშლის ამერიკის მცდელობას გაანიარაღოს სადამ ჰუსეინი.

ამ წინააღდეგობის ფონზე მიმაჩნია, რომ საქართველოს მხარდაჭერა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, აშშ-სთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

საქართველო ყველანაირად რაც კი შეუძლია უნდა დაეხმაროს აშშ-ს, იქნება ეს საჰაერო სივრცისა თუ ბაზების გამოყენება. ამით უნდა დავამტკიცოთ რომ ჩვენ ვიცი პარტნიორობა და ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ იმიტომ რომ ამერიკელები ჩვენი მეგობრები არიან, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგნი ვიქნებით ისეთი რეჟიმებისა, რომელსაც ჰუსეინი წარმოადგენს.

რამდენად რეალურია ჩვენი ბაზების გამოყენება ამაზე მე ვერაფერზე ვიტყვი, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დახმარებისთვის და საჭირო გახდება თუ არა ჩვენი ბაზები ამას პენტაგონი თავად განსაზღვრავს.

რითი აიხსენბა ბოლო დროს პოლიტიკური ძალადობის ზრდა საქართველოში და რამდენად ემუქრება ეს მოვლენა მოახლოეუბლ საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას?

ყველაზე პრობლემატური საკითხი, რაზეც სხვათა შორის განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე დეკემბერში ჩემი ვაშინგტონში ვიზიტისას, არის ის რომ ერთადერთი შანსი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის არის მყარი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა. რადგან მხოლოდ დემოკრატიის პირობებში არის ეკონომიკის ეფექტური განვითარება შესაძლებელი.

არჩევნები სწორედ დემოკრატიის ყველაზე დიდი გამოცდა იქნება საქართველოში, მისი მნიშვნელობა კი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას იქნება ისტორიული, რადგან ქვეყანა პოსტშევარდნაძისტული ეპოქისთვის ემზადება. საპარლამენტო არჩევნები დიდად განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს.

ამავე დროს დღევანდელი პრეზიდნეტის ჩათვლით ხელისუფლება არის უაღრესად არაპოპულარული. აქედან გამომდინარე თავისულფალი, დემოკრატიული არჩევნები იქნება სასიკვდილო განაჩენი ამ ხელისუფლებისთვის, მოქალაქეთა კავშირისთვის და ყველა იმ პარტიისთვის, რომელიც სახელისუფლებო ორბიტაზე ბრუნავს. არადა ამ ადამიანებს არაფრით არ ეთმობათ ხელისუფლების დატოვება, თავიანთი შემოსავლები და თანამდებობები.

ამიტომ ხელისუფლება ცდილობს ძალადობის, კრიმინალის, ყაჩაღების, შეიარაღებული დაჯგუფებების, იგივე ძალოვანი სტრუქტურების მეშევეობით მოახდინონ, ოპოზიციური ძალების დაშინება, დაშანტაჟება, დისკრედიტაცია, გახლეჩვა. ფაქტია, რომ ძალოვანი სტრუქტურები, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც არსებობს იმიტომ რომ ებრძოლოს დანაშაულს, გადაიქცა პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური შევიწროებისა და შანტაჟის ორგანოდ.

თუ ჩვენ საზოგადოებას არ დავანახეთ ამის საშიშროება ხელისუფლება მიაჩვევს ყველას იმას რომ შესაძლებელია პოლიტიკურ პარტიას თავს დაესხა, შესაძლებელია, რომ ვიღაცა დაარბიო, შესაძლებელი, რომ დეპუტატი ცემო და შექმნა წარმოდგენა, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი არის კრიმინალური, და უთხრან საზოგადოებას და დასავლელ პარტინიორებს, რომ ერთადერთი ძალა რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას არის არსებული ხელისუფლება. და შემდგომ ეს ყველაფერი მიიყვანონ იქამდე, რომ მოიპოვონ დასავლეთის ჩუმი თანხმობა არჩევნების გაყალბებაზე.

ის შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან, რომელსაც ხელისუფლება საარჩევნო სისტემის დახვეწის მიზნით ატარებს არის მოჩვენებითი. რეალურად ხელისუფლებას სურს რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დააკომპლექტონ ისეთი ადამიანებით, რომლებიც მიცემთ საშუალებას, რომ პირდაპირ კანცელარიაში დაიწეროს არჩევნების მათთვის სასურველი შედეგები.

მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში ჩვენ პოლიტიკურ პარტიას არაფერი დარჩენია თუ არა მშვიდობიანი ქუჩის აქციები და მანიფესტაციები, რადგან ასეთი საარჩევნო სისტემის, ასეთი ძალადობის პირობებში არჩევნებში მონაწილეობას არანაირი აზრი არ ექნება, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიის არსებობს.

ამიტომ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ, რათა მოხდეს ერთიანი ძალებით პოლიტიკური ძალადობის აღმოფხვრა. ეს კონსულტაციები არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არჩევნებში რომელიმე პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკში გავერთიანდებით, ჩვენ ვაპირებთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას. ოპოზიცია ერთიანდება ერთადერთი მიზნის გარშემო – ვუზრუნველყოთ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, ყოველგვარი ძალადობის გარეშე.

მსგავსი/Related

Back to top button