ახალი ამბები

სახელმწიფო რელიგიურ უმცირესობებს ბოდიშს უხდის

18 თებერვალს ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს პრეზიდენტის სახელით ბოდიში მოუხადა იმ გახშირებული თავდასხმების გამო, რომელიც მათ წინააღმდეგ ხდება.

შეხვედრა იმ ადგილას გაიმართა სადაც 24 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილმა ბასილ მკალავიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ევანგელისტურ-ბაბტისტურ ეკლესიაში შეკრებილ ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენელების ეკუმენური ლოცვა დაარბია.

“ჩვენ ვწუხვართ რელიგიური უმცირესობების დევნის გამო. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. პრეზიდენტის სახელით გიხდით ბოდიშს და თქვენთან სათანამშრომლოდ მზადყოფნას ვაცხადებთ. ქართველი ხალხი რელიგიური უმცირესობების მიმართ ყოველთვის შემწყნარებელი იყო” _ განუცხადა სახელმწიფო მინისტრმა რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს 18 თებერვალს  ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში შეხვედრისას.

შეხვედრის შემდეგ ყველამ მშვიდობის სანთელი დაანთო. რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები ჯორბენაძესთან შეხვედრას დადებითად აფასებენ და იმედოვნებ, რომ სახელმწიფო მათ უფლებებს უფრო აქტიურად დაიცავს.

“ის, რომ სახელმწიფო მინისტრმა პრეზიდეტის სახელით ბოდიში მოიხადა, უკვე რაღაცას ნიშნავს. იმედი მაქვს, ჩვენს მიმართ დევნა შეწყდება” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლმა მალხაზ სონღულაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის ნაბიჯს დადებითად აფასებენ ადამიანის უფლებათა დამცავი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა წარმომადგენლები ასევე ესწრებოდნენ 18 თებერვლის შეხვედრას.

“ჯობდა, სახელმწიფო უფრო ადრე დაინტერესებულიყო რელიგიურ უმცირესობათა საკითხებით. ბოდიშის მოხდა ერთგვარად სიმბოლური და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ამის შემდეგ პოლიტიკური სპექტრი უფრო სოლიდარული იქნება” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა ლევან რამიშვილმა.

4 წლის მანძილზე სხვა და სხვა რელიგიური მიმდინარეობა, განსაკუთრებით კი იეღოვას მოწმეები, მკალავიშვილისა და მისი მომხრეებისგან დევნას განიცდიდნენ. მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გარდა ამისა, რელიგიურ უმცირესობს ზოგიერთ შემთხვევაში (გორის, მარნეულის რაიონებში) შეკრებების საშუალებას არ აძლევდნენ.

ადამიანის უფლებების დამცავი ორგანიზაციები ამ მხრივ განსაკუთრებით პოლიციას აკრიტიკებენ, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც ძალადობის აღსაკვეთად სამართალდმცველები არაფერს აკეთებდა და შორიდან მაყურებლის როლს ასრულებდანენ.

“პოლიციაში წესრიგის დამცველები კი არა, ბანდიტები მუშაობენ. ისინი მკალავიშვილსა და მის მომხრეებს რელიგიურ უმცირესობათა დარბევაში ხელს უწყობდნენ. მე თვითონ ვარ მომსწრე, ისინი დარბევას როგორ ადევნებდნენ თვალს შორიდან” _ განაცხადა შეხვედრაზე დეპუტატმა მიხეილ ნანეიშვილმა.

რელიგიურ უმცირესობათა დევნის გამო არაერთხელ გამოუხატია შეშფოთება როგორც ევროპის საბჭოს, შეერთებული შტატების ადმინისტრაციას. მათ მიერ გაკეთებულ ყოველწლიურ მოხსენებებში მუდმივად არის აქცენტი გაკეთებული რელიგიური უფლებების დამრღვევთა დასჯის აუცილებლობაზე.

ამჟამად ბასილ მკალავიშვილის წინააღმდეგ რელიგიური უმცირესობების, განსაკუთრებით კი იეღოვას მოწმეთა დარბევების გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სასამართლომ მას პროცესის დასრულებამდე აღმკვეთი ღონისძიების სახით ქალაქიდან გაუსვლელობა შეუფარდა. თუმცა ამ გარემოებას არ შეუშლია მისთვის ხელი განეხორციელებინა 24 იანვრის თავდასხმა.

გოგა ჩანადირი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button