ახალი ამბები

უშიშროების სამინისტრო სამოქალაქო უფლებებს ემუქრება

კანონპროექტი ხელისუფლების ჭეშმარიტ ზრახვებს ავლენს

2003 წლის 18 იანვარს, საქართველოს უშიშროების სამინისტროს ინიციატივით, გავრცელდა კანონპროექტი “ექსტრემისტულ და უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა და გაერთაინებათა საქმიანობის შეჩერების, მათი ლიკვიდაციის და აკრძალვის შესახებ”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დამოუკიდებელ ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელიც ასევე მოიცავს გაერთიანების უფლებას და სიტყვის თავისუფლებას.

საია-ს გამგეობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ეს კანონპროექტი ხელისუფლების მხრიდან, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ სიტყვის თავისუფლების კონტროლის გაძლიერების მცდელობაა.

კანონპროექტზე დაყრდნობით, ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერების, აკრძალვის ან ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება იყოს “უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა”, რომელსაც ავტორები ასე განმარტავენ:

მუხლი მე-3: “უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა – ისეთი ორგანიზაციის ან პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობაა, რომელიც უცხო სახელმწიფოსაგან, უცხოეთის ან საერთაშორისო ორგანიზაციისაგან ან მათი წარმომადგენლისაგან, ანდა კერძო პირისაგან ითხოვს ან ღებულობს, ფინანსურ შემოწირულობებს, სესხებს ან ნებისმიერი სახის დახმარებას, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ანდა აქვს ურთიერთობა უცხო სახელმწიფოსთან, უცხოეთის ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანდა კერძო პირთან; ასევე ისეთი ორგანიზაციის ან პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა, რომლის პოლიტიკა და საქმიანობა განისაზღვრება ან შემუშავდება უცხო სახელმწიფოსთან, უცხოეთის ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან, ანდა კერძო პირთან თანამშრომლობით, თუ აღნიშნული ქმედებები მიმართულია საქართველოს ინტერესების საზიანოდ;”

სამწუხაროდ, კანონპროექტი არ განსაზღვრავს თუ რას წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, და რა ობიექტური კრიტერიუმებით, ან ვის მიერ განისაზღვრება ეს უკანასკნელი.

კანონ-პროექტი მიუთითებს, რომ რეგისტრირებული ორგანიზაციის საქმიანობა შეიძლება შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუმცა იქვე მიგვანიშნებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ასეთი წესი ქვეყანაში არ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოს, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. გასაჩივრების ერთადერთ საშუალებად რჩება სტრასბურგის ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლო.

აღნიშნული მუხლი ბადებს ეჭვს, რომ კანონი მიმართული საპარლამენტო არჩევნების წინ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობის შესაჩერებლად, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვა და საქმის განხილვა გარკვეულ დროს მოითხოვს.

მანამდე კი ორგანიზაციას აეკრძალებათ საქმიანობა, საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა, ყრილობების, მიტინგების, დემონსტრაციების, მსვლელობების, პიკეტირებების ან სხვა მასობრივი აქციების მოწყობა და ჩატარება, ასევე არჩევნებში და რეფერენდუმში მონაწილეობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობა (მუხლი 8.8).

ორგანიზაციის ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას (მუხლი 8.9). ეს ყოველივე უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ გაუქმდება აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი (მუხლი 11.2). თუმცა, კანონპროექტი არ განსაზღვრავს ანაზღაურების მექანიზმებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზაცია ექვემდებარება აკრძალვას, თუკი მისი ხელმძღვანელი ან წევრი საქვეყნოდ აკეთებს საპროტესტო განცხადებებს.

დღეს, 19 თებერვალს, შედგება საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების შეხვედრას, რათა მათ შეიმუშავონ ერთობლივი განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით.

მსგავსი/Related

Back to top button