ახალი ამბები

შეთქმულება ვის წინაღმდეგ?

“ხავერდოვანი გადატრიალების” შეაძლებლობა ეჭვს ბადებს

“ხავერდოვანი გადატრიალებისა” და შევარდნაძის გადაყენებისათვის მზადების თაობაზე ბოლო ხანს გავრცელებული ხმებით, როგორც ჩანს, შევარდნაძემ მხოლოდ “ნიადაგი მოსინჯა” და სასურველი შედეგებიც მიიღო.

ამ გაურკვევლობით დაღლილ და შეთქმულებების მოლოდინში მყოფ ქართველებს კი უკვე ძალიან უჭირთ წინასაარჩევნო კამპანიის სიმართლისაგან გარჩევა.

შეთქუმლების მზადების შესახებ პირველად ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 4 თებერვალს განაცხადა. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ტელეკომპანია იუწყებოდა, რომ არაოფიციალურ ვითარებაში შეკრებილი რამოდენიმე უმაღლესი ოფიციალური პირი, მათ შორის სახელმწიფო მინისტრი ავთანდლი ჯორბენაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და მოქალაქეთა კავშირის ზოგიერთი ლიდერი გეგმავდნენ გადატრიალებას, რის შედეგადაც პრეზიდენტ შევარდნაძის ნაცვლად ხელისუფლების სათავეში ჯორბენაძე უნდა მოსულიყო.

საზოგადოებამ ეს ხმები ძალიან სწრაფად აიტაცა, რადგან ოპოზიციის ბევრმა ლიდერმაც დაადასტურეს, რომ გადატრიალება მართლაც შესაძლებელი იყო. ზურაბ ჟვანიამაც და მიხეილ სააკაშვილმაც განაცხადეს, რომ ისინი ასევე ფლობენ ინფორმაციას მსგავსი მოვლენების შესახებ.

შეთქმულების შესახებ ინფორმაციას ახალი ბიძგი 5 თებერვალს “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ მისცა, როდესაც განაცხადა, რომ შეთქმულების მონაწილეებს სურდათ სახელმწიფო მინისტრისადმი თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების პირდაპირი დაქვემდებარებით მისი ძალაუფლების გაფართოება. იმავე ინფორმაციის თანახმად, 3 თებერვალს ახალი მემარჯვენეების ოფისზე თავდასხმა იყო ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის გაღვივების გეგმების ერთ-ერთი ნაწილი.

პრეზიდენტ შევარდნაძის რეაქცია ორაზროვანი იყო. ერთის მხრივ მან განაცხადა, რომ ჭორები ყოვლად უსაფუძვლოა, მაგრამ ამავე დროს დასძინა, რომ გადატრიალებაზე საუბარი ცოლ-შვილის თანდასწრებით “არ არის მიზანშეწონილი”, აშკარად მიუთითა რა ამით იმ “ოჯახურ გარემოზე”, რომელშიც თითქოს კონსპირატორთა შეხვედრა მოხდა. ამასთან ერთად, პრეზიდენტმა გენერალურ პროკურორს საქმის გამოძიება დაავალა.

მიუხედავად დამადასტურებელი ფაქტების სიმცირისა, ჯორბენაძის “გადატრიალებაზე” საუბრები ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა.

საკვირველია, როგორ ვერ მიაღწია ხმებმა შევარდნაძის ყურამდე, თუკი ოპოზიციის ყველა ლიდერმა “გაიგო ჭორები” ამ “საიდუმლო სერობის” შესახებ, რომელიც თითქოსდა საახალწლო არდადეგებისას მოხდა.

რომც დავიჯეროთ, რომ შევარდნაძე ერთგვარი იზოლირებული პატრიარქია, მაინც არის მრავალი სამთავრობო პირი, რომელიც ვალდებული იქნებოდა ცოდნოდა ამ გეგმების არსებობა და სათანადოდაც ემოქმედა.

ეს მოსაზრება განსაკუთრებით მართებულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ შევარდნაძის წინააღმდეგ “დიდ შეთქმულებაში” ყველა ოფიციალურ პირს არ დებენ ბრალს. თუ ახალ მემარჯვენეებს დავუჯერებთ, რომლებიც “შეთქმულების” დეტალებს ყველა დანარჩენზე მეტად იცნობენ, გადატრიალების დაგეგმვაში მონაწილეობას არ იღებდნენ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, დაზვერვის უფროსი ავთანდილ იოსელიანი და სასაზღვრო ძალების მეთაური ვალერი ჩხეიძე.

მეორეს მხრივ, ავთანდილ ჯორბენაძე არ არის იმდენად პოპულარული პოლიტიკოსი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გადატრიალების შემდეგ ფართო მხარდაჭერის მოპოვების იმედი. 2002 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვებისას, რესპონდენტთა 57,2%-მა ჯორბენაძე უარყოფითად დაახასიათა. სახელმწიფო მინისტრი მხოლოდ პრეზიდენტს ჩამორჩა, რომლის არაპოპულარულობის დონე 65,8% იყო.

თუკი სადმე შესძლო ჯორბენაძემ თავისი გავლენის გაძლიერება, ეს მხოლოდ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ სახელმწიფო კანცელარია და “მოქალაქეთა კავშირშია”. ალბათ აქ არის იმის ახსნა, თუ რატომ რჩება გადატრიალების საკითხი ასე დიდ ხანს დღის წესრიგში.

გასული თვეების მანძილზე, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ხშირად გამოდიოდა ჭორები, რომ შევარდნაძე სულ უფრო და უფრო უკმაყოფილოა ჯორბენაძის საქმიანობით, რადგან მან გააძლიერა თავისი ძალაუფლება კულუარებში, იმის მაგივრად რომ თავის თავზე აეღო პრეზიდენტზე მიმართული კრიტიკის ქარ-ცეცხლი.

ჯერ კიდევ 2002 წლის 30 ივნისს სმკ-ს ყრილობაზე შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ჯორბენაძე შეიძლება გახდეს მისი “მემკვიდრე” 2005 წელს. მაგრამ ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა ამით სახელმწიფო მინისტრი მხოლოდ ოპოზიციისა და ხელისუფალთა ინტრიგების წნეხის ქვეშ მოაყოლა, მისი მზარდი ძალაუფლების დასაბალანსებლად.

სწორედ ასევე ჩაუგდო შევარდნაძემ 2001 წელს მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია მოწინააღმდეგეებს კლანჭებში, როდესაც წინასწარ შესთავაზა მას ჯერ კიდევ არ არსებული პრემიერ-მინისტრის პოსტი.

ამავე დროს ოპოზიციას ძალიან ეშინოდა, რომ ჯორბენაძე შესძლებდა პრო-პრეზიდენტული “მოქალაქეთა კავშირის” აღორძინებას, რადგან პარტიას აქვს საშუალება ადგილობრივი ადმინისტრაციების მხარდაჭერით გააყალბოს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

ამჟამად ჯორბენაძე პირადად ხელმძღვანელობს შემუშავებას ახალი საარჩევნო კანონმდებლობისა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპოზიციური ძალებისათვის კარზე მომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინ.

როგორც ჩანს, სახელმწიფო მინისტრისადმი ამ მწარე დარტყმის მიყენებით სახელმწიფო კანცელარიაში ჯორბენაძისათვის სასურველი ბალანსის დარღვევა პრეზიდენტისა და ოპოზიციური ძალების საერთო ინტერესებში აღმოჩნდა.

მოვლენათა შემდეგი განვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ნაბიჯს გადადგავს ჯორბენაძე ამ ვითარებაში როგორც საჯაროდ, ასევე კულუარებში. ჯერ-ჯერობით მან ჩუმად ყოფნა არჩია, თუმცა ამოვარდნილი ქარიშხლის გასაჩერებლად მას დაუყოვნებლივ მოქმედება მოუწევს.

ჯაბა დევდარიანი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button