ახალი ამბები

საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2003 წლის ოქტომბრშია დაგეგმილი, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას აყენებს.

10 თებერვალს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა განკარგულებას სპეციალური ქვეკომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც ახალი საარჩევნო კოდექსის შეიმუშავებს.

“ახალი საარჩევნო კოდექსი საზოგადოებრივ კონსენსუს უნდა ეფუძნებოდეს. სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს” _ განაცხადა 10 თებერვლის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა. მისი თქმით, ამ ქვეკომისიაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად არასამთავრობო სექტორიც უნდა იყოს წარმოდგენილი.

ქვეკომისიამ პირველი სხდომა 12 თებერვალს უკვე ჩაატარა. არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ორი ძირითად საკითხს აყენებენ: ზუსტი საარჩევნო სიების შედგენა და ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნა.

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა საჭირო მართლაც იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე კოდექსის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. თუმცა, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ საერთო ენის გამონახვა ადვილი არ იქნება.

მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას – მოქალაქეთა კავშირს სამი ვარიანტი აქვს შემუშავებული. მათგან ერთ-ერთს ოპოზიციის დიდი პროტესტი და შეშფოთება უკვე მოჰყვა, რადგან იგი, პრაქტიკულად, ოპოზიციური პარტიების ცენტრალურ საარჩევნო კომისაში შეყვანას გამორიცხავს.

პარტიები ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავებების ძირითადათ მიზეზად არსებულის “სრულიად უვარგისობას” ასახელებენ. მათი ძირითადი უკმაყოფილება საარჩევნო კომისიების, განსაკუთრებით კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) დაკომპლექტების წესს შეეხება. მთავარი პრობლემა, რაც ყოველთვის ოპოზიციის გულისწყრომას იწვევდა, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების შედეგების გაყალბება იყო.

პარლამენტარებმა გიორგი თარგამაძემა და ვალერი გელბახიანმა 7 თებერვალს საზოგადოებას საარჩევნო კანონის საკუთარი პროექტი გააცნეს. პროექტში გათვალისწინებულია ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც ცსკო-ს მუშაობას უკავშირდება. პროექტში, მას ბევრი, მათ შორის ხმების დათვლის ფუნქცია აქვს ჩამორთმეული. ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფაზე (ორგანიზაციულ საკითხებზე), რაც, უპირველესად, საოლქო და საუბნო კომისიების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას გულისხმობს.

პროექტით, საარჩევნო ხმები არა საუბნო-საოლქო კომისიებში, არამედ საოლქო სასამართლოებში უნდა დაითვალოს და მას აუცილებლად საოლქოს მოსამართლე უნდა ესწრებოდეს, ხოლო მდივნად ნოტარიუსია მიწვეული, რაც ასევე სიახლეა.

“საარჩევნო პროცესებში სასამართლოების მონაწილეობის პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყნებში (იტალიაში), გვხვდება. ჩვენს ვარიანტში ეს ფაქტორი იმიტომ გავითვალისწინეთ, რომ, რეფორმის შემდეგ სასამართლოს უფრო მაღალი ნდობა აქვს საზოგადოებაში” _ აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას პროექტის ერთ-ერთი ავტორი, იურისტი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი. 

სასამართლოების როლი ცსკო-ს დაკომპლექტების საკითხში სხვა პარტიების საარჩევნო კოდექსის პროექტებშიც არის გათვალისწინებული. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და სახელისუფლებო პარტიის _ სმკ-ს სამივე ვარიანტში უზენაეს სასამართლოს უფლება ეძლევა ცსკ-ში თავისი წარმომადგენლები შეიყვანოს. ზოგიერთ პროექტში ის პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად სამ-სამ წევრს წარადგენს ცს კომისიაში, ზოგიერთში კი – თითო-თითოს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსის თითქმის ყველა ვარიანტში გათვალისწინებულია არასამთავრობო სექტორის როლიც, რასაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიესალმებიან.

“უკვე რაღაცას ნიშნავს, რომ პროექტებში საზოგადოებისთვისაც არის ადგილი გათვალისწინებული. თუმცა, თუ მონაწილეობაზეა ლაპარაკი, პარიტეტიც დაცული უნდა იყოს, სადაც არასამთავრობოებსა და პოლიტიკურ თუ სამთავრობო სუბიექტებს თანაბარი უფლებები ექნებათ. _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა ნუგზარ კუპრეიშვილმა.

უახლოეს მომავალში ახალი საარჩევნო კოდექსის მომრავლებულ ვარიანტებს დაემატება კიდევ ერთი, რომელზეც ახლახანს ოპოზიციური პარტიის “ახალი მემარჯვენეების” ინიციატივით შექმნილი პარტიათაშორისი კოალიცია ამუშავებს.

საარჩევნო კოდექსის ახალი ვარიანტების სიმრავლე პოლიტიკურ ძალთა შორის კონსესუსის მიღწევას გაართულებს, თუმცა ყველა აღიარებს, რომ მთავარი კონსენსუსი _ არსებულის აუცილებლად შეცვალა, უკვე მიღწეულია.

“ყველამ ვიცით, რომ ყველას პროექტი ვერ დამტკიცდება. იმისთვის, რომ საერთო გამოინახოს, ვარიანტები კონსულტაციების შედეგად უნდა შეჯერდეს” _ ამბობს ვალერი გელბახიანი.

გოგა ჩანადირი

მსგავსი/Related

Back to top button