ახალი ამბები

თბილისსა და სოხუმში მილიტარისტული განწყობა მატულობს

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების ყოფნის საკითხი, შევარნაძე-პუტინის შეხვედრისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის მიუხედავად კვლავაც ბუნდოვანი რჩება. ამასობაში კი როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხარეები სამშვიდობო ძალების გაყვანის შემთხვევაში კონფლიქტის ზონაში შეიარაღების გაძლიერებას აპირებენ.

“თუ რუსი სამშვიდობოები აფხაზეთიდან წავლენ, მაშინ ჩვენ ენგურის ხიდთან პოზიციებს დავიკავებთ. აფხაზეთს შესწევს ძალა, დაიცვას თავისი რესპუბლიკა,” _ განაცხადა 5 თებერვალს სეპარატისტული სოხუმის თვითაღიარებული ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუბალბამ.

თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამშვიდობოების გასვლის შემთხვევაში ენგურის გასწვრივ საქართველოს შეიარაღებული ძალები პოზიციებს გაამაგრებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 3 თებერვლს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები ვერ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და “სამწუხაროდ ამ ფაქტს გაეროს უშიშროების საბჭო სათანადო ყურადღებას არ აქცევს.”

“სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში რა თქმა უნდა საქართველო საზღვარს გააძლიერებს. გააძლიერდება საზღვაო აკვატორიასაც, რათა მათ [სეპარატისტებმა] კონფორტულად არ იგრძნონ თავი,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 3 თებერვალს. თუმცა იქვე დასძენს, რომ კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიან გზას “ალტერნატივა არ გაჩნია”

გაეროში საქართველოს ელჩი რევაზ ადამია უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, “როდესაც აფხაზური მხარე პრაქტიკულად უარს აცხადებს პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმართვაზე, ვფიქრობთ დროა გაეროს წესდების VII თავით გათვალისწინებული ზომების განხილვაც.”

საქართველოს ხელისუფლებაში მილიტარისტული განწყობის მატება ექსპერტთა ერთი ნაწილის დიდ შეშფოთებას იწვევს. აფხაზეთის პრობლემისადმი მიძღვნილ დისკუსიისას, რომელიც თბილისში 4 თებერვლას გაიმართა, პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა რომ გაეროს VII მუხლის ამოქმედება, რომელიც ძალით მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს, აბსურდულია.

ზაქარეიშვილის განცხადებით გაეროსთვის აფხაზეთში ამჟამად მშვიდობაა და ერთადერთი ძალა, რომელიც რეგიონში მშვიდობას ემუქრება “ეს ქართველი პარტიზანები არიან.” ზაქარეიშვილის განცხადებით თბილისმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო რიტორიკა და უარი თქვას პარტიზანების დახმარებაზე. პოლიტოლოგის განცხადებით აუცილებელია თბილისი გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

ამასობაში კი ოფიციალური თბილისი დსთ-ის სამშვიდობო ძალების მანდატთან დაკავშირებით მოსკოვთან კონსულტაციებს იწყებს, რაზედაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები 28 იანვრის კიევის დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე შეხვედრისას შეთანხმდნენ. 6 თებერვალს მოსკოვში საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე გაემგზავრნენ.

საქართველო სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელების სანაცვლოთ სამ პირობას აყენებს: სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის გაუქმება, პასპორტიზაციის პროცესის შეჩერება და სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაფართოება მთელი გალის რაიონის ტერიტორიაზე, რათა დევნილებმა გალში მაინც შეძლონ დაბრუნება.

თბილისი ასევე მოითხოვს გალის რაიონში საერთაშორისო ადმინისტრაციის ამოქმედებას.

“ეს უნდა იყოს ქართულ-აფხაზური ადმინისტრაცია, რომელიც საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ გალის რაიონს უხელმძღვანელებს,” _ აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე. 

მალხაზ კაკაბაძის თქმით, ქართულ მხარეს აფხაზეთთან დაკავშირებით რამდენიმე სამუშაო ვარიანტი აქვს. მასვე იმედი აქვს, რომ საქართველო და რუსეთი საბოლოოდ მიაღწევენ შეთანხმებას. პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით უკარაინამ და უზბეკეთმა აფხაზეთში სამშვიდობო მისიისის შესრულების სურვილი გამოთქვეს. საქართველოს პრეზიდენტს აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში ევროკავშირის დიდი იმედიც აქვს.

“ევროკავშირში ფიქრობენ, რომ თუ ევროპაში მშვიდობა არ იქნება, კონტინენტი ვერ განვითარდება. აფხაზეთის კონფლიქტი ევროპისთვის მუდმივ საშიშროებას წარმოადგენს, ამიტომ იქ ამ და მსგავსი პრობლემის მოგვარებით უკვე სერიოზულად ინტერესდებიან” _ აცხადებს ედუარდ შევარდნაძე.

ყოველივე ეს გრძელვადიანი პერსპექტივებია, მანადმე კი საქართველო დროშია შეზღუდული და სამშვიდობოებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 15 თებერვლამდე უნდა მიიღოს.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 30 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში, რომლითაც მანდატი გაუგრძელდა კონფლიქტის ზონაში მოქმედ გაეროს დამკვირვებელთა მისიას, ნათქვამია, რომ მანდატის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გადაისინჯოს იმ შემთხვევაში თუ დსთ-ის სამშვიდობოების მანდატის პრობლემა 15 თებერვლამდე არ გადაწყდა.

მოსალოდნელია, რომ საქართველოს მხრიდან რუსი სამშვიდობოებისთვის მანდატის შეწყვეტა ავტომატურად გამოიწვევს გაეროს დამკვირვებელთა მისიის საქმიანობის შეწყვეტას. მოვლენათა ამგვარი განვითარება კი, თუ გავითვალისწინებთ სოხუმისა და თბილისის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ მილიტარისტულ განცხადებებს კონფლიქტის ზონაში ფეთქებად საშიშ ვითარებას შექმნის.

გოგა ჩანადირი

Back to top button