
ცხინვალის რეგიონში შეიარაღების ზრდა თბილისის შეშფოთებას იწვევს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხარეს ცხინვალის რეგიონში მძიმე ტექნიკის და იარაღის შეტანაში ადანაშაულებს. როგორც სამინისტროს მიერ 3 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი ეს ეწინააღმდეგება ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღების შესახებ მიღებულ შეთანხმებას. ეუთოში აშშ დელეგაციეს ხელმძღვანელის მოადგილემ დუგლას დავიდსონმა განაცხადა, რომ “აშშ იზიარებს შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში მძიმე შეიარაღების, მათ შორის არტილერიის თავმოყრასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ სამშვიდობო ძალების ოსურ ბატალიონში იქნა შენიშნული.” “შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,” განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით რამდენჯერმე სცადა რუსეთის მხიდან სიტუაციის გარკვევა და მათგან შესაბამისი ზომების მიღება, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს ხელისუფლების ცნობით ცხინვალის რეგიონში მძიმე ტექნიკის შეყვანა და ადგილობრივი ოსური პოლიციის იარაღით აღჭურვა გასულ კვირას დაიწყო. ამ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხში დეპუტატი ვახტანგ რჩეულიშვილიც ადასტურებს. ცხინვალის რეგიონში მძიმე ტექნიკისა და იარაღის რუსეთის ტერიტორიიდან შეტანას კატეგორიულად უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინსტრო. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში კი ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ვახტანგ რჩეულიშვმა “სივილ ჯორჯიას” 4 თებერვალს განუცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში შეიარაღების შეტანა მართლაც რუსეთიდან ხდება და ეს მობილიზება რეგიონში რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატის ანატოლი ჩეხოვის განცხადების შემდეგ დაიწყო, რომელიც საქართველოს მხრიდან შესაძლო აგრესიის დაწყებას ეხებოდა. “სხვა გზა იარაღის და მძიმე ტექნიკის შესატანად ცხინვალის რეგიონში რუსეთის გარდა არც არსებობს. ამას ემატება ისიც, რომ იარაღის და მძიმე ტექნიკის შეტანა დუმის დეპუტატის განცხადების შემდეგ დაიწყო”, – განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას. რჩეულიშვილის განცხადებით რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადება არანაირ რეალურ საფუძველს არ ემყარება. “ქართული მხარისთვის გაუგებარია ამ შინაარსის განცხადების გავრცელება”, – განაცხადა რჩეულიშვილმა. მისივე თქმით, ამ დროისათვის ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას არავითარი საშიშროება არ ემუქრება. ცხინვალის რეგიონში, ბოლო ოთხი თვის მანძილზე დაძაბულობის მატების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. შარშან ოქტომბერში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ პროტესტი გამოთქვა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ შიდა ქართლში დაწყებულ ანტი-კრიმინალურ ოპერაციასთან დაკავშირებით. მრავალი ექსპერტი მიიჩნევს რომ სიტუაცია ცხინვალის რეგიონში სიტუაცია გასული ორი-სამი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ “1997-98 წლებში კონფლიქტი საყოფაცხოვრებო დონეზე პრაქტიკულად მოგვარებული იყო და საჭირო იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა ჩვენ ეს შანსი ხელიდან გავუშვით.” შარშან დეკემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში პირადი წარმომადგენელი – ვახტანგ რჩეულიშვილი დანიშნა, იმ იმედით, რომ მოხდება სამშვიდობო პროცესის დაჩქარება. ვახტანგ რჩეულიშვილი 5 თებერვალს ვლადიკავკაზში ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტს ალექსანდრე ძასოხოვს შეხვდება, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს ცხინვალის რეგიონში რუსული შეიარაღების მობილიზაციის განხილვა დაგეგმილი არ არის. “საუბარი წარიმართება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების თაობაზე,” განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა. “დიდ იმედებს ვამყარებ ამ შეხვედრაზე, მჯერა რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი. ეს წელი ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის დამყარების წლად გამოვაცხადეთ”, – აღნიშმა რჩეულიშვილმა. ვახტანგ რჩეულიშვილი ძასოხოვს პირველად ხვდება მას შემდეგ, რაც დეკემბერში პრეზიდენტმა შევარდნაძემ იგი თავის პირად წარმომადგენლად დაინიშნა. იგი უკვე შეხვდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს. უახლოეს დღეებში რჩეულიშვილი ასევე გეგმავს მოსკოვში გამგზავრებასაც, სადაც ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავს. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯიასაქართველოს ხელისუფლება და აშშ დელეგაცია ეუთოში ცხინვალის რეგიონში მძიმე შეიარაღების მობილიზაციასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ.