
უშიშროების საბჭოსადმი გაეროში საქართველოს ელჩის მიმართვა
30 აინვარი, 2003 გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს თქვენო აღმატებულებავ, რამდენადაც არ მოგვეცა საშუალება უშიშროების საბჭოს 30 იანვრის სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვისას წარმოგვედგინა ჩვენი პოზიცია, საჭირად ჩავთვალეთ წერილობით მოგვეხსენებინა აფხაზეთის სამშვიდობო პროცესის რეალური მიმდინარეობის შესახებ. უკანასკნელი წლების განმავლობაში კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში არსებული სტაგნაცია განპირობებულია იმ მარტივი ჭეშმარიტებით, რომელიც უშიშროების საბჭოს თითქმის ყველა რეზოლუციაშია აღნიშნული – არანაირი პროგრესი პოლიტიკურ საკითხებზე მოლაპარაკებათა პროცესში. გვაქვს თუ არა უფლება ჩვენ, კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეებს, გულგრილად ვაკვირდებოდეთ დღეს არსებულ მდგომარეობას? შეგვიძლია კი ვუწოდოთ `სამშვიდობო პროცესი~ მოვლენათა განვითარებას აფხაზეთში, საქართველო, როდესაც მისი ცენტრალური ელემენტი, – პოლიტიკური მოლაპარაკებები, – პრაქტიკულად არ არსებობს? აფხაზეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებმა რეალური აზრი და მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი თბილისსა და სოხუმს შორის საკონსტიტუციო უფლებამოსილებათა გადანაწილების დოკუმენტს. პრაქტიკულად, `ბოდენის დოკუმენტმა~ გაეროს წინამძღოლობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესი ახალ ჩარჩოში მოაქცია. დოკუმენტის გამოჩენის დღიდანვე ჩემი ქვეყანა გამოხატავდა მზადყოფნას დაწყებულიყო მოლაპარაკებები ამ დოკუმენტში ასახულ პრინციპებზე დაყრდნობით – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აფხაზეთისათვის ფართო ავტონომიის მინიჭება და საერთაშორისო გარანტიები, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო და ღირსეული დაბრუნებისათვის. ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გავიმეორო საქართველოს სრული მხარდაჭერა ამ პრინციპებისადმი, რამეთუ ისინი, როგორც ეს უშიშროების საბჭოსადმი გენერალური მდივნის მოხსენებაშია ნათქვამი, ქმნიან `საკმარის სივრცეს, რათა კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებისათვის მოიძებნოს ორივე მხარის ლეგიტიმური ინტერესების დაკმაყოფილების გზები~. თითქოს გამოჩნდა უნიკალური შესაძლებლობა წინსვლისათვის, მაგრამ, კვლავაც, რიგი მიზეზების გამო, რომლებსაც ქვემოთ შევეხებით, იგი ისევ მიუღწეველი დარჩა. იმისათვის, რომ ნათელი მოვფინოთ ამ მიზეზებს, მოგვიწევს განვიხილოთ აფხაზეთში, საქართველო, უკანასკნელ თვეებში განვითარებული მოვლენები, რამეთუ სწორედ ისინი წარმოადგენენ სამშვიდობო პროცესში ჩართული მხარეების მოქმედებათა განმსაზღვრელს. გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მიერ წლების მანძილზე გაწეული ძალისხმევა, გამყარებული უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, პრაქტიკულად დაიბლოკა აფხაზური მხარის მიერ, რომელიც ბოდენის დოკუმენტს განკითხვის დღესავით უფრთხის. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერი დონის წარმომადგენელი თავის განცხადებაში იმეორებს, რომ `აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა~, ხოლო რეგიონიდან ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მეშვეობით განდევნილი ქართველები `მხოლოდდამხოლოდ აგრესორები არიან~. მათი შეხედულებით, ქართველთა აფხაზეთში, მათ საკუთარ სახლებში, დაბრუნების საკითხის წამოწევის გაფიქრებაც კი დაუშვებელია. გალის რაიონში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ აფხაზური მხარე ყოველგვარი შეფერხების გარეშე ატარებს `დამსჯელ ოპერაციებს~ ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დსთ-ს სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში და მათივე თანდასწრებით. სადამდე შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ ქართველების წინააღმდეგ გაშლილ ამ უპრეცედენტო კამპანიაზე? როდემდე იქნება საერთაშორისო საზოგადოება გულგრილი ამ ხალხის `მეორე კლასის~ ადამიანებად გადაქცევისადმი და თვალს დახუჭავს მათ შეურაცხყოფასა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნების მოსურნე ქართველები არიან! როგორც ჩანს, აფხაზებმა ჯერ კიდევ ვერ დაიკმაყოფილეს ქართველთა ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ჟინი და ახლა მიზანმიმართულად დაიწყეს ქართველი ბავშვებისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომელიც გამიზნულია მათი თვითმყოფადობის საბოლოო განადგურებასათვის. სხვამხრივ წარმოუდგენელია რაიმე რაციონალური ახსნა მოეძებნოს ქართული ენის სწავლების სრულ აკრძალვას. ძნელია მოიძებნოს დედამიწის ზურგზე სხვა ქვეყანა, სადაც მშობლიურ ენაზე სწავლა დანაშაულად იქნებოდა მიჩნეული. ასეთი პოლიტიკა არაფრით არ უთავსდება, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის, როგორც კონფლიქტის მოგვარების ხელშემწყობის მიერ მრავალგზის გაცხადებულ `მრავალეროვნული აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესების დაცვის~ პრინციპს. თუ ეს ეხება ყველას, გარდა ქართველებისა?. ეს ყველაფერი არ შეიძლება განვიხილოთ პოლიტიკური კონტექსტისაგან მოწყვეტით, რომელიც ყველაზე უკეთ ამჟღავნებს სეპარატისტთა ზურგს უკან მდგარ რეალურ ძალებს. ამ თვალსაზრისით უპირველესად აღსანიშნავია რუსეთის ფედერაციის ასოცირებული წევრობის საკითხი, რომელიც სეპარატისტული ხელისუფლების პოლიტიკური ლექსიკონის განუყოფელი ნაწილი გახდა. აფხაზეთის თვით-ჩამოყალიბებული მთავრობის ახალი ხელმძღვანელი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოწიწებით რომ მოიხსენიებს, როგორც `აფხაზეთის პრემიერ მინისტრს~, ისევე, როგორც სეპარატისტთა სხვა ლიდერები გამუდმებით აცხადებენ, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებენ რუსეთის ფედერაციაში ე.წ. ასოცირებული წევრობის მისაღწევად. რა პასუხს სცემს რუსეთის ფედერაცია ამ წინადადებებს? სამწუხაროდ, სრულიად საპირისპიროს, ვიდრე შეიძლება მოელოდე კონფლიქტის მოგვარების `ხელშემწყობისა~ და `მიუკერძოებელი შუამავალისაგან~. როგორც არაერთხელ თქმულა, საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ელემენტარული საფუძვლების საწინააღმდეგოდ რუსეთი კვლავაც ინარჩუნებს ცალმხრივ უვიზო რეჟიმს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან. გუდაუთაში რუსეთი უკანონოდ ინარჩუნებს სამხედრო ბაზას, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს თანხმობის გარეშე და რუსეთის ფედერაციის მიერ სტამბოლის სამიტზე აღებული ვალდებულების საწინააღმდეგოდ. შეგახსენებთ, შეთანხმებისამებრ, ბაზა უნდა დახურულიყო 2001 წელს. ერთადერთი არგუმენტი, რომლითაც რუსეთი თავს იმართლებს არის ის, რომ `აფხაზები ეწინააღმდეგებიან ბაზის დახურვასა და აღჭურვილობის გატანას~. `არაობიექტურ ადამიანს~ შეიძლება მოეჩვენოს კიდეც, რომ ჩეჩნეთში სხვა კანონები მოქმედებს, რამეთუ ჩეჩნეთის მოსახლეობის `შეხედულებების~ მიუხედავად ჩეჩნეთში რუსული იარაღი თავისუფლად შედის, გადის და იყიდება კიდეც. გუდაუთის ბაზის გაყვანის შეუძლებლობის რუსეთისეული განმარტება იმის ფაქტიური აღიარებაცაა, რომ ადამიანთა ნებისმიერ მეტ-ნაკლებად დიდი რაოდენობის ჯგუფს შეუძლია მოახდინოს სამხედრო, მათ შორის ბირთვული, ფორმირებებისა და შეიარაღების ბლოკირება და კონტროლის ხელში ჩაგდება იმ პირობით, თუ ისინი ისეთივე `შეუპოვრები~ იქნებიან, როგორც აფხაზები. რუსეთი განაგრძობს და, უფრო მეტიც, აჩქარებს აფხაზეთის მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქეობის მასობრივ მინიჭებას. ამჟამად, რუსული პასპორტის მიღება პრაქტიკულად აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზეა შესაძლებელი. აფხაზეთის ყველა სეპარატისტი ლიდერი, მათივე განცხადებების თანახმად, უკვე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. უზომო გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ეს უპრეცედენტო ღონისძიება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ აფხაზებს მიეცეს რივიერასა თუ პალმ ბიჩში დასვენების შესაძლებლობა. სინამდვილეში, ეს აქცია მიზნად ისახავს საფუძველი ჩაეყაროს რუსეთის მიერ აფხაზეთზე სრული კონტროლის განხორციელებას იმ საბაბით, რომ `რუსეთის მოქალაქეები~ რუსეთის მიერ იქნენ დაცული `ბარბაროსი~ ქართველებისაგან. ვგონებ, აზრს მოკლებულია კონფლიქტის მოგვარებაზე მსგავსი მოქმედებების პოზიტიური ზეგავლენის შესახებ საუბარი. უფრო მეტიც, რუსეთის ოფიციალურ პირთა ვიზიტები, რომლებიც სეპარატისტებთან ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავენ მიზნად, ცხოვრების ჩვეულებრივ წესად იქცა. თუ წარსულში ეს ოფიციალური პირები ამგვარ ვიზიტებს მორცხვად `კერძოს~ უწოდებდნენ, ეხლა ისინი ღიად საუბრობენ საქართველოს დეზინტეგრაციაზე და აფხაზეთის რუსეთთან მიერთებაზე. შეიძლება გასაკვირიცაა, მაგრამ ასეთივე განცხადებებს აკეთებენ რუსეთის სამშვიდობო ძალების ხშირად ცვლადი მეთაურებიც, რომლებიც, როგორ ჩანს, თვლიან, რომ ეს მიდგომა სრულად ემთხვევა `მიუკერძოებული~ მშვიდობისმყოფელის მანდატს. ამ კონტექსტში, საინტერესოც არის რითია განპირობებული დსთ-ის სამშვიდობოების მიმართ აფხაზების ასეთი `უმწიკვლო სიყვარული~, როდესაც ქართველები სრულიად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ? უკვე ცნობილ პრაქტიკად იქცა, რომ საკმარისია ვინმეს წამოსცდეს რუსეთის სამშვიდობოების გაყვანის იდეა, რომ სეპარატისტული მთავრობა იწყებს ისტერიულად მოთქმას. მჯერა, რომ ამ სიყვარულის მიზეზი რუსეთის სამშვიდობოების მიერ მათი მანდატის ~ობიექტური და მიუკერძოებული~ შესრულებაა. შედეგი ამ ~ობიექტური და მიუკეძოებული~ მოქმედებისა შემზარავია – ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რუსეთის სამშვიდობო ძალების მონიტორინგის ზონაში, 2000 მოკლული ქართველი მშვიდობიანი მოსახლე, მათი დიდი ნაწილი უბრალოდ საკუთარ სახლში დაბრუნებული. ეს ფაქტები ბევრის მეტყველია. მაგრამ, დავუბრუნდეთ აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ასპექტებს. ვისაც აინტერესებს, აშკარად დაინახავს, რომ უკანასკნელ დროს რუსეთმა გააძლიერა ეკონომიკური და ფინანსური კავშირები სოხუმთან. რუსეთის მას-მედიის რიტორიკა აფხაზეთის ეკონომიკაში ინვესტირების აუცილებლობის შესახებ ახლა უკვე რეალობად იქცა:რუსი მეწარმეები და იურიდიული პირები აქტიურად ახორციელებენ აფხაზეთში მიწის და ბუნებრივი რესურსების შესყიდვას. ამ პროცესის ბოლო მოვლენა სოჭსა და სოხუმს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენა გახდა, რომლიც დახურული იყო 1992 წლიდან. და ყველაფერი ეს ხდება არა მარტო საქართველოს პოზიციის მიუხედავად, რომლის შესახებაც კარგად ინფორმირებულია რუსეთის ოფიციალური ისტაბლიშმენტი, არამედ დსთ სახელმწიფოს მეთაურთა გადაწყვეტილებების საწინააღმდეგოდ, რომლებზეც თავად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აქვს ხელი მოწერილი. კიდევ უფრო რთულია მიუსადაგო ეს ქმედება იმ კონტსტრუქციულ განწყობას, რომელიც სუფევდა პრეზიდენტ შევარდნაძის და პრეზიდენტ პუტინის ამასწინდელ შეხვედრაზე და რომლზეც დაფიქსირდა, რომ რკინიგზის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი სინქრონიზირებული იქნება ლტოლვილების დაბრუნების პროცესთან. არ შემიძლია არ დავსვა კითხვა: რატომ ხდება ყველაფერი ეს? რა, რუსეთი გავიდა დსთ-დან? თუ არა, მაშინ რატომ არ იცავს იგი ყოფილი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს და მოქმედი პრეზიდენტის მიერ აღიარებულ პრინციპებს? რა, რუსეთის მხრიდან საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფა მისი ენდემური თვისებაა? თუ სახელმწიფოთა ურთიერთობების ძირითადმა პრინციპმა – კეთილი ნებით დადებული ხელშეკრულებების და მიღწეული შეთანხმებების უპირობო შესრულება – თავად დაკარგა მნიშნველობა? სამწუხაროდ, კვლავ იძულებული ვარ თქვენი ყურადღება მივაპყრო ორმაგი სტანდარტების გამოყენებას:მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მტკიცედ ცხადდება ოფიციალურ განცხადებებში, რეალობაში რუსეთი აგრძელებს საქართველოს დანაწილების პროცესს, მისი ისტორიული ნაწილის, აფხაზეთის, ანექსიას. ამიტომ, არავის უნდა ეწყინოს როდესაც ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა – აფხაზეთში მიმდინარე პროცესი არის მეგობრულად განწყობილი მეზობელი ქვეყნის ნაწილის ანექსია. ასეთი მოქმედება არანაირად არ ეკადრება რუსეთს, რომლის სიდიადისა და მშვენიერების პატივისცემას ჩვენ მიჩვეულნი ვართ. ამავე დროს ვალდებული ვარ მოგახსენოთ, რომ ჩემს ქვეყანაში სჯეროდათ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს შესწევს უნარი შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება-მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რომ იგი არ დაიშურებს ძალისხმევას აფხაზეთში მშვიდობის მისაღწევად. სამწუხაროდ, ახლა ჩვენ ამ რწმენის დაკარგვის სერიოზული საშიშროების წინაშე ვდგავართ. ვფიქრობ, რომ ეს საშიშროება განპირობებულია აფხაზეთში, საქართველო, კონფლიქტის მოგვარების მიმდინარეობით და ზოგადად სამშვიდობო პროცესის არსებული ფორმატით. მე ვგულისხმობ UNOMIG-ისა და დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანდატების ერთმანეთთან მიბმის შედარებით ახალ და საკმაოდ წინააღმდეგობრივ პრაქტიკას. შეიქმნა უნიკალური სიტუაცია, როდესაც რეგულარულად, უშიშროების საბჭოს ზეწოლის ქვეშ საქართველო იძულებულია განაცხადოს თანხმობა დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებაზე – ძალების, რომლებსაც თავად უშიშროების საბჭომ არ მისცა თანხმობა გაეროს სახელით და რწმუნებით მოქმედებისა. კიდევ მეტიც, თავად UNOMIG-ის მანდატი ლიმიტირებულია მხოლოდ 1994 წლის, მოსკოვის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მონიტორინგით, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა მთლიანად არის დაკისრებული დსთ-ის სამშვიდობოებზე. გაეროს მოქმედებების შემოსაზღვრა მხოლოდ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ზოგადი აღწერით, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გაერო აღქმული იქნას კონფლიქტის მოგვარების პროცესში მთავარ მონაწილედ. ამ მიმართებით, არ შემიძლია არ ავღნიშნო გაეროს წარმომადგენლების უშედეგო მცდელობა დაეთანხმებინათ სეპარატისტული რეჟიმი დაეშვა ქართველი გამომძიებლები გაეროს ვერტმფრენის ჩამოგდების ადგილზე მოკვლევის ჩასატარებლად. ორი კვირის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა უშიშრეობის საბჭოს არ მოერიდოს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები. მე მწამს, რომ ეს მიმართვა აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის პროცესსაც გულისხმობს. ცხადია, რომ არსებული სტატუს-ქვო მიუღებელია, და აუცილებელია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა აფხაზეთში, საქართველო, სამშვიდობო პროცესის რეალურად ასამოქმედებლად. კიდევ მეტიც, ამ პირობებში როდესაც აფხაზური მხარე პრაქტიკულად უარს აცხადებს პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმართვაზე, ვფიქრობთ დროა გაეროს წესდების VII თავით გათვალისწინებული ზომების განხილვაც. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებებლი დავიცვათ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტალური პრინციპები, დავიცვათ ადამიანის ძირითადი უფლება იცხოვროს უსაფრთხოდ, და არ დავუშვათ ადამიანების მასიური მსხვერპლი და ტერორი. ეს არის ის ძირეული პრინციპები, რისთვისაც შეიქმნა გაერო. რევაზ ადამია
საქართველო მადლიერია გაეროსი აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის წარმართვისათვის. დსთ-სგან განსხვავებით, რომლის ავტორიტეტი საკუთარი არაეფექტურობის გამო პრაქტიკულად ნულს გაუტოლდა, საქართველოში დიდი პატივისცემით და იმედით უყურებენ გაეროს. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო განმტკიცებულია გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ქ-ნი ტალიავინის დაუღალავი შრომით.
დადგა დრო, უშიშროების საბჭო აქტიურად წაუძღვეს სამშვიდობო პროცესს და არ გახდეს ცივი ომის დროინდელი აზროვნების მსხვერპლი. დროა დღის წესრიგში დადგეს გაეროს ნამდვილი, ეფექტური სამშვიდობო პროცესის დაწყება, კონსტიტუციური უფლებამოსილების გადანაწილების დოკუმენტის საფუძველზე პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყების პარალელურად, და რეალურად განხორციელდეს ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პროცესი.
მუდმივი წარმომადგენელი