ახალი ამბები

საქართველოს შესაძლო როლი ერაყის კამპანიაში

ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამხედროების გაზრდილი აქტიურობა ეჭვს არ ტოვებს, რომ ახალი ომი ერაყში მხოლოდ დროის საკითხად რჩება. ქართველი სამხედრო ხელმძღვანელობა კი ცდილობს გამოიყენოს ეს ვითარება აშშ-სა და ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის განვითარებისათვის.

გაეროს შეიარაღების ექსპერტები გაეროს უშიშროების საბჭოს საბოლოო ანგარიშს იანვრის ბოლოს წარუდგენენ და ან დაადასტურებენ ან უარყოფენ აშშ-ს ბრალდებებს ერაყის მიმართ. თუ კი ეს ანგარიში უარყოფითი იქნება, ან დატოვებს თუნდაც მცირე ადგილს ეჭვისათვის, რომ ერაყს გააჩნია ან აპირებს შეიძინოს მასობრივი განადგურების იარაღი, აშშ-ს და მის მოკავშირეთა სამხედრო ოპერაცია გარდაუვალი გახდება.

ასევე უეჭველია, რომ კამპანიის საწყის ფაზაში ყველაზე ფართოდ საჰაერო ძალა იქნება გამოყენებული. თუმცა, რეგიონში განთავსებული ამერიკული სახმელეთო ძალების რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ პენტაგონელი სტრატეგოსები მოელიან ერაყში “რეჟიმის შეცვლას” და შემდგომ ოპერაციებს მშვიდობის შესანარჩუნებლად ან დასამყარებლად.

როგორც ჩანს, ქართველ პოლიტიკოსებსა და სამხედროებს სურთ მიიღონ გარკვეული მონაწილეობა ამ მოსალოდნელ სამხედრო კამპანიაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სანდო წყაროს ინფორმაციით, ამჟამად ქართულ და ამერიკულ მთავრობებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები ამერიკული სამხედროების მიერ საქართველოში არსებული სამხედრო საჰაერო ბაზის გამოყენების თაობაზე. თუმცა საქართველოს ჯერჯერობით არ მიუღია ოფიციალური თხოვნა სამხედრო ობიექტების ამერიკული ძალების მიერ გამოყენების თაობაზე.

საქართველო ერაყის ჩრდილოეთ საზღვრებიდან 400, ხოლო ქვეყნის ცენტრალური რეგიონებიდან 1000 კილომეტრითაა დაშორებული. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში არსებული სამხედრო ობიექტების, კანსაკუთრებით კი ინჯირლიკის ბაზის გამოყენება გაცილებით უფრო მოსახერხებელია, ამერიკელები ყოველთვის ცდილობენ ჰქონდეთ “სათადარიგო ვარიანტებიც”, განსაკუთრებით ლოგისტიკური უზრუნველყოფის მიზნებისათვის, აღნიშნავს დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი და დასძენს, რომ საქართველოს ტერიტორია შესაძლოა გამოყენებულ იქნას ერაყის ჩრდილოეთში აშშ-ს მოკავშირე ქურთთა მომარაგებისათვის.

ამ მიზნებისათვის საქართველოს სამი ბაზის შეთავაზება შეუძლია. ესენია: ვაზიანის, შირაქისა და მარნეულის ბაზები. მარნეულის ბაზა სულ ახლახანს იქნა აღდგენილი თურქეთის მთავრობის ხელშეწყობით. თუმცა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებისათვის მომსახურებისათვის ყველაზე მეტად შირაქის ბაზა გამოდგება.

როგორც დოქტორმა არიელ კოენმა, რომელიც არის “ჰერითიჯ ფაუნდტიშენ”-ის რუსეთისა და ევრაზიის საკითხების მკვლევარი, განუცხადა “სივილ ჯორჯიას”, რომ “სავსებით შესაძლებელია” საქართველომ შესთავაზოს ამერიკას მისი საჰაერო ბაზების გამოყენება. საქართველოს გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილემ კახა კაციტაძეც ეთანხმება ამ მოსაზრებას, თუმცა აღნიშნავს, რომ “ტექნიკური თვალსაზრისით ქართული ბაზები აშშ-სთვის არ არის ძალიან მნიშვნელოვანი”.

ქართულ სამხედრო წრეებში ასევე საუბრობენ ერაყში ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ქართველი მეომრების მიერ საბრძოლო ან მხარდამჭერი ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობაზე.

ამავე დროს, არიელ კოენს ეს ნაკლებად რეალურად მიაჩნია. “მათი პირველადი ამოცანა არის ქართული მიწის დაცვა და ტერორიზმის რეალურ საფრთხესთან ბრძოლა. და სამწუხაროდ, ასეთი საფრთხეები საქართველოში ძალიან მომრავლდა” – აღნიშნავს კოენი.

ვაშინგტონში არსებული ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უშიშროებისა და ენერგეტიკის პროგრამების დირექტორს ზეინო ბარანს ასევე ნაკლებად მოსალოდნელად მიაჩნია, რომ ქართველი მეომრები ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძოლებენ. როგორც ბარანმა განუცხადა “სივილ ჯორჯიას”, მისი აზრით, მსგავსი სპეკულაციებით ზოგიერთი ქართველი ცდილობს “გაიმყაროს პოზიცია” აშშ-ს ახალი სამხედრო კამპანიის კონტექსტში.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ პენტაგონი გამოთქვამს ქართული საჰაერო ბაზების გამოყენების სურვილს, საჭირო გახდება საქართველოს პარლამენტის ნებართვა. თუმცა, ექსპერტთა უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად არ იქნება ამის წინააღმდეგი.

სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი პროფესორი სტივენ ბლანკი აღინშნავს, რომ არსებობს ერაყში სამხედრო ოპერაციაში საქართველოს აქტიური მონაწილეობის ჰიპოტეთიკური ალბათობა, თუმცა დასძენს, რომ მისი აზრით საქართველოსათვის ეს “არც თუ ისე აუცილებელი და სასურველია”.

მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი პოლიტიკოსები არ კარგავენ იმედს, რომ მიეცემათ საშუალება კიდევ ერთხელ დაამტკიცონ მეკავშირეობა დასავლეთის ძალებთან ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში. როგორც ჩანს, ამ თამაშში “დღევანდელი კვერცხის” ფასი ყველა მოსალოდნელ “ხვალინდელ” უკუეფექტზე უფრო მნიშვნელოვანია.

რეზო ბახტაძე, ჯაბა დევდარიანი

Back to top button