ახალი ამბები

ნორთროპ გრუმანი ქართულ ცაში

7 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა კონტრაქტს ამერიკულ კომპანია “ნორთროპ გრუმანთან” (Northrop Grumman Corp), რომლის მიხედვითაც კომპანია შექმნის საჰაერო მეთვალყურეობის სისტემას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისა და მიმდებარე ტერიტორიების მონიტორინგისათვის.


ნორთროპ გრუმანი არის ერთ-ერთი იმ რამოდენიმე მსხვილი უცხოური კომპანიათაგანი, რომელიც საქართველოში შემოვიდა. ჟურნალ “ფორბსმა” ნორთროპ გრუმანი “წლის კომპანიად” დაასახელა. ჟურნალი “Money” კი მის აქციებს “2003 წელს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ” მიიჩნევს.


მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, კომპანია ცნობილია მისი მაღალტექნოლოგიური სამხედრო და სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების სისტემებით. გრუმანის უპილოტო საჰაერო დაზვერვის სისტემა “გლობალ ჰოუკი” შეიქმნა ცივი ომის დროინდელი პროპაგანდიდან საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისათვის კარგად ცნობილი U-2 მზვერავი თვითმფრინავების შესაცვლელად.


გლობალ ჰოუკის დანიშნულება ჯარისათვის ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაა. ზოგიერთი წყაროს ცნობით კი მას სახმელეთო მიზნებზე ზუსტი დარტყმების განხორციელებაც შეუძლია. ნორთროპ გრუმანი ასევე აწარმოებს უახლეს “B2 spirit” “სტელსის” ტექნოლოგიით შექმნილ ბომბდამშენებს.


კომპანიის ყველაზე ცნობილ პროდუქტებს შორის არის საჰაერო სარადარო სისტემების გაფართოებული სამეთაურო შესაძლებლობებით, საჰაერო სადაზვერვო და თავდაცვითი სისტემები. კომპანიამ ასევე გააუმჯობესა მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული საჰაერო ადრეული შეტყობინების სარადარო სისტემა “AWACS” და შექმნა მისი საკუთარი მოდიფიკაცია “Joint STARS” – დაზვერვისა და მიზანზე დარტყმის ერთიანი სარადარო სისტემა.


როგორც საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაციის პრეზიდენტმა გია ჭანტურიამ განუცხადა “Oil and Gas Journal“-ს, კომპანია საქართველოს მიაწვდის ერთ სარადარო სისტემას. 4,5 მილიონ აშშ დოლარად ღირებული უპილოტო “გლობალ ჰოუკი”, რომლის სამოქმედო არე 7300 კილომეტრია საქართველოში გამოსაყენებლად საუკეთესო არჩევანია. თუმცა, როგორც სამხედრო ექპერტებმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში აღნიშნეს, ამავე მიზნებისათვის შეიძლებოდა ტექნოლოგიურად უფრო მარტივი “AWACS“-ისა და “JSTARS“-ის გამოყენება, რომლებიც ბოინგის ტიპის თვითმფრინავების ბაზაზე ფუნქციონირებდნენ.


საქართველოს მთავრობა ასევე მიიღებს 11 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დასაცავად სპეციალური 400-კაციანი რაზმის შესაქმნელად. ეს დახმარება იქნება მნიშვნელოვანი დანამატი ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამისადმი, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ქართველ ჯარისკაცებს ამზადებენ.


გრუმანის სისტემა ალბათ ასევე გამოყენებული იქნება ქართული ჯარის სამეთაურო ცენტრებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების მიზნითაც.


საქართველოს ამჟამად არ გააჩნია საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობა, რის გამოც ამოუცნობმა თვითმფრინავებმა გასული წლების მანძილზე რამოდენიმეჯერ შეუფერხებლად შესძლეს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა. აქამდე საჰაერო საფრთხის ძირითად წყაროდ რუსეთი მიიჩნეოდა, მაგრამ უკანასკნელ ხანს საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც გაჩნდა შიში, რომ ქვეყანაზე შეტევა შესაძლოა განახორციელონ საერთაშორისო ტერორისტებმაც.

როგორც ცოტა ხნის წინ “Heritage Foundation” იტყობინებოდა, აიამან ალ ზავაჰირიმ, ოსამა ბინ-ლადენის თანამებრძოლმა, განაცხადა, რომ იმოქმედებს აშშ-ს საერთაშორისო ინტერესების, მათ შორის კასპიის ენერგომატარებლების საექსპორტო მილსადენების წინააღმდეგ.

Back to top button