ახალი ამბები

სარკინიგზო ხაზის აღდგენა აფხაზეთის სამშვიდობო პროცეს აფერხებს

რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო ხაზის აღდგენა და რუსეთის აქტიური თანამშრომლობა სხუმის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან მოსკოვსა და თბილის შორის უნდობლობას კიდევ უფრო აღრმავებს.

სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა თბილისსა და სოხუმს შორის მუდმივი ვაჭრობის საგანს წარმოადგენდა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომლის გადაწყვეტას ქართული მხარე მხოლოდ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას უკავშირებდა. რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით ქართულ მხარეს ეს კოზირიც აღარ აქვს.

25 დეკემბერს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მატარებლით სოჭი-სოხუმი-სოჭის პირველი რეისი განხორციელდა, რომელიც სოხუმსა და რუსეთს შორის რეგულარული რეისების აღდგენას ისახავს მიზნად.

აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსული პასპორტების აფხაზებზე გაცემისა და აფხაზური საკურორტო სახლების რუსული კომპანიებისათვის გადაცემის პარალელურად მიმდინარეობს. ახლა, სოხუმს ერთადერთი პოლიტიკური დაპირების შესრულება – რუსეთის ასოცირებული სუბიექტის სტატუსის მიღება – დარჩა.   საქართველოს ხელისუფლება კი სინდისის დასამშვიდებლად განცხადებებს აკეთებს და საერთაშორისო თანამეგობრობის კეთილგანწყობის იმედი აქვს.

1996 წლის 19 იანვარს დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა საბჭოს მოსკოვის სამიტზე აფხაზეთის ბლოკადის შესახებ მიიღეს რეზოლუცია და მას შემდეგ სარკინიგზო მიმოსვლა ჩრდილოეთის მიმართულებით აღარ განხორციელებულა.

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის დარეგულირებაში აქტიურად ჩართული მოსკოვი ყოველთვის მხარს უჭერდა რკინიგზის გახსნას და მას კონფლიქტის მოგვარების ეკონომიკურ მიდგომას უწოდებდა. “მოსკოვი სახელისუფლებო დონეებზე პრიოორიტეტს მაინც ეკონომიკას ანიჭებს. პუტინის ადმინისტრაცია აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის გზას ეკონომიკური პროცესების დაჩქარებაში ხედავს, რაც, მათი აზრით, პოლიტიკური მოწესრიგების წინაპირობა იქნება”, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ მოსკოვიდან დაბრუნებულმა საქართველოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ.

მოსკოვის გარდა, საქართველოზე გარკვეულ ზეწოლას სომხეთიც ახდენდა. ერევანი აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გახსნას სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს, რათა რკინიგზის მეშვეობით სტრატეგიულ მოკავშირე – რუსეთთან ვაჭრობის საშუალება მიეცეს. ოქტომბერში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე არმენ ხაჩატრიანი დაჟინებით მოითხოვდა საქართველოს ხელისიფლებისაგან აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გახსნას, რაზეც მან დიპლომატიური უარი მიიღო. თბილისის აზრით, რკინიგზის გახსნა აფხაზეთის დე ფაქტო დამოუკიდებლობას კიდევ უფრო განამტკიცებს.

25 დეკემბერს რკინიგზის გახსნას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტი და ამ ფაქტს “რუსეთის ფედერაციის მხრიდან სუვერენული ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევა უწოდა”.

თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება ვა-ბანკზე წასვლას არ დაერიდა და ქართულ მხარესთან ფორმალური შეთანხმების გარეშე სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინა. პრინციპში  ეს არც არის გასაკვირი, რადგან რამდენიმე თვის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმამ პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და აფხაზებს რუსეთის მოქალაქეობისა და რუსული1 პასპორტების მიღება გაუიოლა.

აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა რკინიგზის გახსნა სავსებით ლოგიკურად მიიჩნია, განსაკუთრებით, აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ასლან აბაშიძის განცხადებების ფონზე, რომელიც აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

“თუ ისინი დიპლომატიურ დონეზე ანგარიშს არ გაგვიწევენ, ანუ როგორც დაგეგმილი აქვთ, ორშაბათიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებენ, სიტუაცია გამწვავდება არა მარტო აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთთან ურთიერთობებიც დაიძაბება”, – დაიმუქრა ნადარეიშვილი.

როგორც ჩანს, რუსები დიპლომატიურ დონეზე, მართლაც, არ გაგვიწევენ ანგარიშს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ რკინიგზის გახსნა სწორედ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გამომგზავრების დღეს მოხდა. მოსკოვში თედო ჯაფარიძეს შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვოლოშინთან და, ჯაფარიძისავე ინფორმაციით, მათი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებას მიეძღვნა.
 
საქართველოს პროტესტს პირველად საქართველოში გაერო-ს მისია გამოეხმაურა. გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მოადგილემ როზა ოტუნბაევამ განაცხადა, რომ გაერო-ს დამკვირვებელთა მისია საქართველოში რკინიგზის გახსნის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა. მისი თქმით, ამგვარი ცალმხრივი მოქმედებები კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესს აფერხებს.

აღსანიშნავია, რომ აფხაზებისათვის მოქალაქეობის მინიჭების დროსაც და მოგვიანებით საერთაშორისო ფორუმებზე საერთაშორისო საზოგადოებამ პროტესტი გამოთქვა, მაგრამ რეალური შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა.

რკინიგზის აღდგენის პარალელურად აფხაზეთში ოთხდღიანი ვიზიტით მოსკოვის მერიის ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ხელი მოაწერა მოსკოვისათვის რამდენიმე ათეული საკურორტო-დასასვენებლი ობიექტის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებას. ნადარეიშვილის ინფორმაციით, ბიჭვინთაში უკვე დააყენეს კავშირგაბმულობის დიდი ანძა, რომლის მეშვეობითაც აფხაზები საქართველოს გარეშე დამოუკიდებლად შეძლებენ გარესამყაროსთან სატელეფონო კავშირის დამყარებას.

ცოტა ხნის წინ ორიოლის, კრასნოდარისა და სტავროპოლის გუბერნატორებმა აფხაზეთთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები პირდაპირ გააფორმეს, რაც სოხუმის ეკონომიკური კავშირების გაღმავებასა შეუწყობს ხელს.

საქართველოს ხელისუფლება ტრადიციულად საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციის იმედზეა, რადგან მას აფხაზეთსა და რუსეთზე  გავლენის მოსახდენად, რეალურად, არანაირი სხვა ბერკეტი არ გააჩნია. აფხაზეთიდან დევნილმა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვახტანგ ყოლბაიამ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ში მოითხოვს, რომ აფხაზეთის საკითხი ეუთო-ს მომდევნო საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში შევიდეს, რომელიც, ყოლბაიას ცნობით, 2003 წლის თებერვალში გაიმართება.

ვახტანგ ყოლბაიას თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფთან, რათა მათ რუსეთზე შესაბამისი ზეწოლა მოახდინონ.

რევაზ ბახტაძე

Back to top button