ახალი ამბები

საქართველოს “ფულის სამრეცხაოდ” გადაქცევა ემუქრება

ცკანონპროექტი, რომელიც ფულის გათეთრების აღკვეთას ეხება, ანტიკორუფციულმა ბიურომ ეროვნული ბანკის მონაწილეობით მოამზადა. ახალი კანონპროექტი უშიშროების საბჭომ ნოემბერში განიხილა და სავარაუდოდ მას პარლამენტი უკვე 2003 წლის დასაწყისში განიხილავს.

“თუ სასწრაფოდ არ ავამოქმედეთ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონი, საქართველო ფულის სამრეცხაოდ გადაიქცევა. დაგვიანების შემთხვევაში, შავი ფული ქართულ პოლიტიკაზე უკვე სერიოზულ გავლენას მოახდენს. ეს ძალიან კარგი კანონი უნდა იყოს და ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გათვალისწინდეს” – აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დემურ გიორხელიძე.

ახალი კანონპროექტის მიხედვით უნდა შეიქმნას 4-5 კაციანი ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც მხოლოდ ანალიტიკური იქნება და დევნის ფუნქციებით არ აღიჭურვება. ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგობის მიუხედავად გადაწყდა, რომ ეს სამსახური ეროვნულ ბანკს დაექვემდებარება. თუმცა ანტიკორუფციული ბიურო სამსახურის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბების მომხრე იყო.

კანონპროექტით, ფინანსური სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ისეთი ფინანსური გარიგებების შესახებ მიაწოდონ მონაცემები, რომლებიც 30 ათას დოლარს აღემატება. ეს ახალი ვალდებულებები დიდ კომპანიებს კომერციული საიდუმლოების გამჟღავნების შიშს უჩენს.

“ანტიკორუფციულ ბიუროს იმიტომ სურდა, რომ ახალი სტრუქტურა დამოუკიდებელი ყოფილიყო, რათა მან მაქსიმალურად შეინახოს კომპანიების კომერციული საიდუმლოება. ამასთანავე, ის კონსტრუქციული უწყება უნდა იყოს და არა საფრთხობელა” – აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში ამ კანონი-პროექტის ერთ-ერთი შემქნელი, ანტიკორუფციულო ბიუროს იურისტი^კობა ჩეკურიშვილი.

“ეროვნული ბანკს კომერციული საიდუმლოების შენახვის დიდი გამოცდილება აქვს. საბანკო სექტორს მის მიმართ საკმაო დიდი ნდობა ჩამოუყალიბდა,” _ ეუბნება “სივილ ჯორჯიას” ეროვნული ბანკის საზედამხედველო სამსახურის უფროსი მურთაზ კიკორია.

ფულის გათეთრების თემით ხელისუფლებასთან ერთად დამოუკიდებელი ექსპერტებიც დაინტერესდნენ. 2002 წლის ზაფხულიდან საქართველოში მუშაობა დაიწყო ვაშინგტონის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრის პროგრამამ, რომლის მიზანი საქართველოში ფული გათეთრების პრობლემის შესწავლა წარმოადგენს.

პროგრამის კოორდინატორმა ლონდა ესაძემ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონპროექტის მიღება ის ერთ-ერთი აუცილებელი ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს ფულის გათეთრების მხრივ “შავ სიაში” შესვლას ააცილებს.

პროგრამის ფარგლებში მოხდა საქართველოს საკანონმდებლო ბაზის შესწავლა. როგორც ლონდა ესაძე აცხადებს ანალიზმა კანონმდებლობაში “უამრავი ხვრელი დაგვანახა, რომელიც ფულის გათეთრებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.”

ერთადერთი საკანონმდებლო ბაზა რომლის საფუძველზეც ფულის გათეთრების წინააღმდეგ “ბრძოლა” მიმდინარეობს არის სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი სადაც საუბარია “უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე”. აღსანიშნავია, რომ ექსპერტები სისხლის სამართლის კოდექსის ამ ნაწილს “მკვდარ ნორმას” უწოდებენ, რადგან ამ მუხლით საქართველოში ჯერ-ჯერობით არავინ გასამართლებულა.

როგორც პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევა ადასტურებს ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ყველაზე მეტად ფულის გასათეთრებლად სამორინეები და ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ფინანსური სუბიექტები, აგრეთვე, არალეგალური ბიზნესი (იარაღისა და ნარკოტიკების ვაჭრობა) გამიყენება.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში ფულის გასათეთრებლად ექსპორტის საეჭვო ოპერაციებსაც გამოიყენებდნენ. მაგალითად ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით 2002 წელს საქართველოდან ინდოეთში 55 ათასი დოლარის ღირებულების ჩაი გაიგზავნა, ანტარქტიდაში – 19 ათასი დოლარის ღირებულების ფურცლები წიგნების დასამზადებლად, უგანდაში 150 ათასი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატები და ა.შ.

როგორც ლონდა ესაძე აღნიშნავს არსებობს ეჭვი, რომ ამგვარი საეჭვო ოპერაციები კაზინოებთან ერთად ფულის გათეთრების კიდევ ერთი საშუალება იყოს.

არსებული საფრთხის მიუხედავად ექსპერტები ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონპროექტის პარლამენტში დამტკიცებისადმი საკმაოდ პესიმისტურად არიან განწყობილნი. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი კახა უგულავა ფიქრობს, რომ კანონის მიღება ხელისუფლების ზოგიერთი პირის მერკანტილური მიზნები შეაფერხებს.

ქართველ მეწარმეებს, რომელთა ერთი ნაწილი დეპუტატიცაა, საქართველოს ფულის შესაძლო სამრეცხაოდ ქცევაზე მეტად კონტრაბანდა აწუხებთ.

“მთავრობამ ჩრდილოვან ეკონომიკასთან [რომლის წილი ოფიციალური მონაცემებით 50% აღწევს] ბრძოლა კონტრაბანდიდან უნდა  დაიწყოს. ფულის გათეთრების თემა დღეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა” _ ამბობს ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მეწარმე, დეპუტატი გოგი თოფაძე. მის განწყობას იზიარებს “საქართველოს მინისა და მინერალური წყლების” კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძეც.

“ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისას ხშირად მოისმენთ შემდეგ მოსაზრებას: თუ დამნაშავემ იშოვა ფული და მოისურვა მისი გათეთრება, მაგრამ სამაგიეროდ მან ააშეენა ეკლესიები და სკოლები, მერე რა, რა არის ამაში ცუდი? მე მეშინია, რომ ასეთი მსჯელობა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას უშედეგოს გახდის,” აცხაცებს ლონდა ესაძე, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრის მიერ დაფინანსებული საქართველოში ფულის გათეთრების სააღმდეგო პროგრამის კოორდინატორი.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მძლავრი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, რათა მოხდეს არსებული საფთხის საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მიერ უკეთესად გააზრება.

გოგა ჩანადირი, გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button