ახალი ამბები

ადამიანთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში

არის სადღესასწაულო განწყობა?

“საქართველოს ხელისუფლება 21-ე საუკუნეს 130 მოშიმშილე პატიმრით, გადაუხურავი საპატიმროებით და საპოლიციო რეჟიმით ხვდება” – განაცხადეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, 10 დეკემბერს ომბუცმენის ოფისში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშრებულ შეხვედრაზე.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ დარღვევების ჩამდენი ხშირად დაუსჯელი რჩება. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ხშირად ადამიანთა ძირითად უფლბებსაც კი არღვევს.

საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის წარმომადგენლის თინა ხიდაშელის განცხადებით, საჯარო მოხელეების მიერ დარღვეული ადამიანთა უფლებები ყოველდღიური რეალობად იქცა. “საქართველოს ხელისუფლება არასერიოზულად განიხილავს ადამიანთა უფლებების დაცვას” – აცხადებს თინა ხიდაშელი.

ადამიანთა უფლებების დამცველი აქტივისტების მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები ადამინათა უფლებების დაცვის შესახებ ქვეყნისთვის დემოკრატიული საზოგადოების იმიჯის შექმნის მცდელობაა მხოლოდ. თუმცა, ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებები ამ საკითხთან დაკავშირებით მსგავს ოპტიმიზმს მოკლებულია.

ყველაზე ნათლად ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევები ჩანს წინასწარი დაკავების საკნებში; “2001 წელს, წინასწარი დაკავების საკნებში ეჭვმიტანილთა ცემის ფაქტები გახშირდა” – აცხადებს ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის წარმოამდგენელი გიორგი ლაღიძე. მისი მტკიცებით, ყოველი 10 დაკავებულიდან 3-4 ნაცემ მდგომარეობაში მიყავთ წინასწარი დაკავების საკნებში.

მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ადამინათა უფლბები ყველაზე მასიურად ირღვევა, სხვა სფეროებშიც ხშირია ასეთი შემთხვევები. სახალხო დამცველის, ნანა დევდარიანის განცხადებით, “ადამიანის უფლებათა დარღვევაა, როდესაც ხელისუფლება მოსახლეობას ვერ უხდის პენსიებსა და ხელფასებს”.

10 დეკემბერი საქართველოს ყველა მოქალაქესათვის უნდა იყოს იმის გასახსენებელი დღე, რომ ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია იცავს მათ უფლებებს. თავის მხრივ მათ უნდა აიძულონ ხელისუფლება იყოს საკუთარი ქმედებებსადმი ანგარიშვალდებული – აცხადებს ნანა დევდარიანი.

“ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არსებობს წინსვლები ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში, რადგან არსებული არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მასმედია ქვეყნის ხელისუფლების სადარაჯოზე დგანან. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების საფუძველი. შემდგომი ეტეპი უკვე თვითონ სფეროში მიღწეული შედეგები იქნება” – ირწმუნება ნანა დევდარიანი.

ჯული გიორგაძე, მოქალაქეთა დაცვის პროგრამის საინფორმაციო ოფიცერი

Back to top button