
სმკ ალიანსს ქმნის
“სოციალისტები” ხელისუფლების ბანაკში გადადიან ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ორ პარტიას შორის დაახლოება მოულოდნელი არ ყოფილა. რჩეულიშვილის გახშირებული ვიზიტები მთავრობის სხდომებზე, მუქარები პარლამენტის პრეზიდიუმიდან და უმრავლესობის შექმნით ოპოზიციის დაშინება ეს ის ნაბიჯები იყო, რომელმაც მას შევარდნაძის ფრთებქვეშ ადგილი აპოვნინა. “პარტნიორობა მშვიდობისათვის” – ასე შეფასა “სოციალისტთა” ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობის დასაწყისი. ორ პარტიას შორის თანამშრომლობა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის ხელახალი არჩევნების წინ დაიწყო, როდესაც “სოციალისტების” კანდიდატმა “მოქალაქეთა კავშირის” წევრის სასარგებლოდ მოხსნა თავისი კანდიდატურა. მაშინ სახელმწიფო მინისტრმა და “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარემ ავთანდილ ჯორბენაძემ განაცხადა, “არ იქნება სწორი ჩვენი კანდიდატები ერთმანეთს დაუპიურისპირდნენ; ელექტორატი ერთი და იგივე გვყავს. ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები ერთიანი ბლოკის შექმნაზე, სადაც პარტიების გარკვეული ნაწილი მოიყრის თავს, მათ შორის შეიძლება იყვნენ მოძრაობებიც”. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია კიდევ რომელი პარტიები შეიძლება შევიდნენ სახელისუფლებო ალიანში. როგორც ჩანს სახელისუფლებო პარტიას გადაწყვეტილი აქვს კარსმომდგარ საპარლამენტო არჩევნებს მარტო არ დახვდეს. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი სოციალისტებისაკენ გადაიდგა. “კარგია, როცა მსგავსი მსოფლმხედველობის ადამიანები გარკვეულ გაერთიანებაზე თანხმდებიან. სჯობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთოს ვინ დგას ხელისუფლებასთან და ვინ ოპოზიციაშია”, ფიქრობს ოპოზიციური “ახალი მემარჯვენეების” წევრი ფიქრია ჩიხრაძე. “ეს ბუნების კანონია, მსგავსი ადამიანები, რომელთაც ერთანირი მსოფლმხედველობა, მოქმედების კრიტერიუმები და ზნეობრივი ნორმები აქვთ, საბოლოო ჯამში ყოველთვის ერთად დგებიან. მათ კიდევ შეუერთდებიან მსგავსი პოლიტიკური ორიენტაციის ძალები”, აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე “გაერთიანებული დემოკრატებიდან”. აღსანიშნავია, რომ “სოციალისტებმა” ამ მოწვევის პარლამენტში ასლან აბაშიძის მხარდამჭერ “აღონძინებასთან” ალიანსით დაიმკვიდრა ადგილი. 1999 წელს წინაასაარჩევნო კამპანიისას ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი ვახტანგ რჩეულიშვილმა სწორედ პრეზიდენტის მკვეთრი კრიტიკით მოიპოვა. სახელისუფლებო პარტიასთან დაახლოებით “სოციალისტები” “აღორძინებას” საბოლოოდ ჩამოშორდნენ. ფრაქცია “აღორძინების” ლიდერი ჯემალ გოგიტიძე გამორიცხავს მისი ფრაქციის მონაწილეობას უმრავლესობაში, “ეს შეიძლება იმათ მოუვიდეთ აზრად ვინც პოლიტიკური მერყეობით გამოირჩევა. მიხარია, რომ ზედმეტი სიმძიმეები ჩამოგვცილდა “სოციალისტების” სახით”. დღეს პარლამენტში აქტიური კონსულტაციები მიდის ახალი უმრავლესობის შექმნასთან დაკავშირებით. სოციალისტთა ლიდერი არაერთხელ მიუთითებდა უმრავლესობის შექმნის საჭიროებაზე და ამ პოზიციის გასამყარებლად პარლამენტის შრომისუნარიანობის საგრძნობი დაქვეითება მოჰქონდა. პოტენციურად უმრავლესობად მოიაზრება სამი სახელისუფლებო ფრაქცია – “მოქალაქეთა კავშირი”, “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” და “თანადგომა”, ასევე “სოციალისტები”, ფრაქცია “აფხაზეთი”, “მაჟორიტარები” და დამოუკიდებელი დეპუტატები. ამ უმრავლესობას არ არის გამორიცხული ფრაქცია “მრეწველებიც” შეუერთდნენ, რომლის გარეშე გარეშე 118 ხმის მოგროვება შეუძლებელი ხდება. თუმცა თავად “მრეწველები” ასეთ შესაძლებლობას არარეალურად მიიჩნევენ. “გამოვრიცხავ რაიმე ალიანსს Pპარლამეტს შიგნით ან წინასაარჩევნოდ რომელიმე ძალასთან”, აცხადებს ზურაბ ტყემალაძე, რომელსაც ჯორბენაძე-რჩეულიშვილის თანამშრომლობა “უბრალოდ ღიმილს გვრის”. თუმცა რამდენად შეძლებს მრეწველთა პარტია მომავალ არჩევნებში 7%-იანი ბარიერის გადალახვას დამოუკიდებლად საეჭვო რჩება. არაოფიციალურად “მრეწველებს” მყარად აქვთ დამკვიდრებული უმრავლესობაში ადგილი. როგორც ვიტალი ხაზარაძე აცხადებს, “თემატიკის მიხედვით ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად პასუხისმგებლობის აღებაზე ხელისუფლების საქმიანობის კუთხით. ამიტომაც პოლიტიკური უმრავლესობის შექმნის რეალობა ეჭვქვეშ დგას”. “უმრავლესობის შექმნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ თანხას ჩამოურიგებენ მაჟორიტარებს. ისინი ბიუჯეტის დამტკიცების დროს ვაჭრობენ ვითომ საკუთარი რაიონისთვის, სინამდვილეში კი ტრანსფერის დიდი ნაწილი მათ ჯიბეებში მიდის. მრეწველებს კი იმედი აქვთ, რომ მთავრობა ამ წლის თუ არა მომავალ ბიუჯეტში მაინც უსაჩუქრებს 7 მილიონ ლარს. ისინი ხომ შორს არიან პოლიტიკისგან, ჰგონიათ, რომ პოლიტიკა დამხმარე დისციპლინაა მათი ბიზნესის პროტექციონიზმისათვის,” განუცხადა ფრაქცია “ტრადიციონალისტის” წევრმა მაია ნადირაძემ “სივილ ჯორჯიას”. უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში ლიდერის პრობლემა დადგება. “ინდივიდუაალიზმით გამორჩეული ფიგურების რჩეულიშვილის, ხაზარაძის, თოფაძის, გოგელიას ერთი ლიდერის უკან დამწკრივება წარმოუდგენლად მიმაჩნია” ფიქრობს “აღორძინების” წევრი დეპუტატი გიორგი თარგამაძე. თუმცა ხელისუფლებას, პარლამენტის სიჭრელის მიუხედავად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ხმათა საჭირო რაოდენობის შეგროვება არ უჭირს. ბოლო დროს საკონსტიტუციო უმრავლესობის შეკრებაც მოხერხდა, როცა პარლამენტმა კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსი განსაზღვრა და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება დაამტკიცა. როგორც ჩანს პარლამენტში უმრავლესობის ოფიციალურად გაფორმება მხოლოდ პოლიტიკური ნების საკითხია, რადგან წინასაარჩევნოდ, როდესაც ქვეყანაში თითქმის ყველა სფეროში უაღრესად ცუდი ვითარებაა შექმნილი, არაოფიციალურ უმრავლესობას პასუხისმგებლობის აღების სურვილი არ გააჩნია და უმრავლესობის ოფიციალურად გაფორმებაც ამიტომ ჭიანურდება. ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია“სოციალისტებისა” და “მოქალაქეთა კავშირის” პოლიტიკური ალიანსზე საზოგადოებისათვის ოფიციალურად ცნობილი 25 ნოემბერს გახდა. დღემდე პოლიტიკურ არენაზე, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების წინ, ძირითადად ოპოზიციური პარტიები აქტიურობდნენ. მათ კვალდაკვალ ხელისუფლების მხარდამჭერმა პარტიებმაც დაიწყეს თანამშრომლობა და ალიანსების ჩამოყალიბება.
უმრავლესობის არ არსებობა გარკვეულწილად პარლამენტში კანონშემოქმედებით საქმიანობას მართლაც აფერხებს. არაორგანიზებულობა, ქვორუმის შეუკრებლობა, კანონპროექტების ჩაგდება დღეს პარლამენტის მუშაობის წესად იქცა. ქაოტური სიტუაცია კერძო ინტერესების ლობირებისა და საეჭვო გარიგებებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.