
უნდობლობის კედელი
სავიზო რეჟიმი რუსეთ-საქართველოს შორის დისტანციას ზრდის ქალბატონი ნადია რუსეთიდან საქართველოში 20 წლის წინ, დავით მაისურაძეზე დასაქორწინებლად ჩამოვიდა. მათ ორი სკოლადამთავრებული შვილი _ ვალერი და თამარი ჰყავთ. ქალბატონ ნადიას რუსეთთან და მის ქალაქ ტვერთან ნათესაური კავშირები არ დაუკარგავს. თუმცა, სავიზო რეჟიმის გამო, მას თავისი ახლობლების ნახვა უკვე უწინდელივით ადვილად აღარ შეუძლია. საქართველო_რუსეთს შორის სავიზო ურთიერთობა 2002 წლის 5 დეკემბერს, ზუსტად ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. რუსეთი გამოვიდა ბიშკეკის 1992 წლის ხელშეკრულებიდან, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის უვიზო ურთიერთობებს ითვალისწინებდა და უშუალო მეზობელ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა. შემდეგ საქართველომაც შესაბამისი ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში რუსეთის ყოფილმა ელჩმა ფელიქს სტანევსკიმ სავიზო ურთიერთობების ინიციატორად საქართველოდან ყოფილი მმართველი პარტიის “მოქალაქეთა კავშირის” წევრი, პარლამენტის მაშინდელი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ ადამია დაასახელა. სავიზო რეჟიმს წინ უსწრებდა 1999 წელს ჩეჩნეთში საომარი მდგომარეობის განახლება და რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე კონტროლის შემცირება. მოსკოვის მტკიცებით სავიზო რეჟიმს ჩეჩენი მეომრების საზღვარზე მოძრაობას შეაფერხებდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა სავიზო რეჟიმის შემოღებამ მეომრებისთვის პრობლემები არ შეუქმნია, ძირითადად რუსეთისა და საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები დაზარალდნენ. საქართველო-რუსეთის საზვრის გადამწყვეტი როლი შეასრულა თბილისის უარმა, რუსეთისთვის ჩეჩნებთან საბრძოლველად საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ნებართვა მიეცა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, 2000 წლის 5 დეკემბრიდან დღემდე რუსეთ-საქართველოს სავიზო რეჟიმი 128 ათასმა ადამიანმა გამოიყენა. აქედან 40 ათასი რუსეთის მოქალაქეა. იურისდიქციის გაუვრცელებლობის გამო, დეპარტამენტს არ აუსახავს კონფლიქტის კერებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთისკენ და პირიქით მიმოსვლის მაჩვენებლები. ამასთან სეპარატისტულ რეგიონებთან რუსეთმა გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო, რაც თბილისის მტკიცებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს. ,,განა, ნორმალური იქნებოდა, ჩვენ რუსეთის რომელიმე ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისთვის, მაგალითად ჩეჩნებისათვის ჩვენი პასპორტები დაგვერიგებინა, ანდა გამარტივებული სავიზო ურთიერთობები დაგვეწესებინა? _ კითხულობს “სივილ ჯორჯიასთან” საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად მუკბანიანი. სავიზო რეჟიმის ამოქმედებამდე საქართველოდან რუსეთში ყოველწლიურად 300-400 ათასი მიდიოდა, რუსეთიდან პირიქით კი _ ამის ნახევარი. “რიცხვებიდან ჩანს, რომ სავიზო რეჟიმის გამო, განსაკუთრებით კი რუსეთის მიმართულებით, მკვეთრად დაეცა მიმოსვლა” _ განუცხადა ,,სივილ ჯორჯიას,, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ანალიზის სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ. ვიზების ოფიციალური და არაოფიციალური ფასები 10 დოლარიდან 150 დოლარამდე მერყეობს. სიდიდე დამოკიდებულია ვიზის მოქმედების ხანგრძლოვაბაზე. სავიზო რეჟიმი მძიმე ტვირდად დააწვა ქართველ გლეხს, რომელსაც მოსავალი გასაყიდად რუსეთში გაჰქონდათ. რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში მუშაობენ, მათ თავიანთი საქმიანობის ლეგალიზება ახალ პირობებშიც მოახერხეს. ქართულ-რუსული შერეული ოჯახი საქართველოში 20 ათასამდეა. ქალბატონი ნადია გალიამოვა-მისურაძისა და ბატონ დავით მაისურაძის მსგავსი პრობლემა თითქმის ყველას აქვს, რომელიც ძირითადათ ვიზების ფასებს უკავშირდება. საერთო გაჭირვების ფონზე, რიგითი ადამიანებისთვის, რომლებიც რუსეთში წასასვლელად გაცილებით იაფ სამანქანო ტრანსპორტს იყენებენ, თითოეულ თეთრსაც კი დიდიდ მნიშვნელობა აქვს. ქალბატონმა ნადიამ არ იცის, უწინდელივით ხშირად, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე, როგორ მოინახულოს ტვერში თავისი ნათესავები. არადა, ქართველი პოლიტიკოსებიც მისთვის დამამშვიდებელ პროგნოზს არ აკეთებენ. “სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად საქართველო მზად არის. დანარჩენი რუსეთის ნებაზეა. მას კი ეს ნება არ აქვს. უფრო მეტიც, ზოგიერთ ქართულ რეგიონთან დამყარებული გამარტივებული სავიზო რეჟიმით ის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ლახავს” _ აცხადებს “სივილ ჯორჯიასთიან” საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი კახა სიხარულიძე. სავიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ორი წლის თავზე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა და ურთიერთნდობის ხარისხიც უკიდურესად შემცირდა. გოგა ჩანადირი, სივილ ჯორჯია“მე სავიზო რეჟიმმა (საქართველო-რუსეთს შორის) პრობლემები შემიქმნა, მერე რა, რომ რუსი ვარ? რუსეთში ნათესავების სანახავად ვეღარ მივდივარ,” _ გულისტკივილით ეუბნება “სივილ ჯორჯიას” ქალბატონი ნადია გალიამოვა-მაისურაძე.