ახალი ამბები

ივანოვი რუსეთის ბაზებზე შეთანხმების იმედს გამოთქვამს

(თბილისი, 23 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და საქართველო ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილ რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით, თუ თბილისი შემხვედრ მზადყოფნას გამოთქვამს.

22 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ სტამბულის 1999 წლის შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე დაიხურა ორი რუსული სამხედრო ბაზა – ვაზიანსა და გუდაუთაში.

“დანარჩენ ორთან დაკავშირებით აუცილებელია მოლაპარაკებების გამართვა და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების მიღება”, – აღნიშნა ივანომა.

ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის ბაზების სრულ გაყვანას მოითხოვენ. ამჟამად საქართველოში რუსული ბაზები რჩება ახალქალაქსა და ბათუმში. გარდა ამისა, თბილისში განლაგებულია ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბი, და არაოფიციალური ინფორმაციით, ვაზიანის ბაზაზე ერთი რუსული სამხედრო ქვედანაყოფი კიდევ რჩება.

რუსეთის მიმართ მკაცრმა მოთხოვნამ პრაღაში ნატო-ს სამიტზეც გაიჟღერა. ჩრიდილოატლანტიკური საბჭოს დეკლარაციაში, რომელიც 21 ნოემბერს მიიღეს, ნათქვამია – “დაბეჯითებით მოვუწოდებთ [რუსეთს] საქართველოსა და მოლოდოვასთან მიმართებაში სტამბულის შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button