ახალი ამბები

დაუსრულებელი სასამართლო პროცესი

დავა მღვდელსა და მის მეზობელს შორის უკვე ექვსი წელია გრძელდება

მეზობლებს შორის 5 კვადრატული მეტრის ფართის გამო ექვსი წლის მანძილზე მიმდინარე დავა ადასტურებს, რომ განხორციელებული რეფორმის მიუხედავად საქართველოს სასამართლო სისტემა კვლავაც პრობლემებშია ჩაფლული. საქმე ბარძიმაშვილებსა და მამა ელიზბარ ოდიაშვილს შორის არსებული დავის შესახებ წლების განმავლობაში სხვადასხვა ინსტანციის სასამრთლოში დადის.

შენობას, რომლის ნომერი ამჟამად თორაძის ქ. (ყოფილი ზანდუკელის ჩიხი) #3-ია, მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთი მეპატრონე ჰყავდა. გასაბჭოების შემდეგ სახლი რამდენიმე ბინად დაიყო, ხოლო ბინიდან ბინაში გამავალი კარებები ამოიჭედა და გაუქმდა.

ერთ-ერთ ასეთ ბინაში კარა ბარძიმაშვილი დედასთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. ბინა 3-ოთახიანია და მას წინ გრძელი ძველებური აივანი გასდევს. ამ ბინას წესით ორი შესასვლელი აქვს: ერთი ხვეული რკინის კიბე აივანზე ეზოდან ადის, მეორე შესასვლელი კი ბინას ცენტრალური სადარბაზოდან აქვს. თუმცა, ბოლო ორი წელია ბარძიმაშვილები ცენტრალური შესასვლელით აღარ სარგებლობენ. მათ მეზობლის, ქაშუეთის ეკლესიის მოძღვრის მამა ელიზბარის ეშინიათ.

“ჩვენს ბინას გვერდითა ბინისგან სამი კარი ყოფს. აქ საცხოვრებლად 1977 წელს გადმოვედით. მაშინ ყველა ეს კარები ჩალურსმნული და ჩარაზული იყო”, იხსენებს კარა ბარძიმაშვილი. იმას, რომ კარებები ათეული წლების მანძილზე იყო გაუქმებული, მეზობლები და სახლმმართველი ადასტურებენ. 1992 წელს ოჯახმა ბინის პრივატიზება მოახდინა. პრივატიზებულ იქნა მათ მიერ სარგებლობაში არსებული ფართი: 3 ოთახი, აივანი, სამზარეულო, საპირფარეშო და პატარა დერეფანი, რომელიც ერთ-ერთ ოთახსა და სამზარეულოს შორის მდებარეობს. ეს დერეფანი ჩალურსმნული, წლების წინ გაუქმებული კარით უკავშირდება მეზობელ ბინას, სადაც 1996 წლიდან ელიზბარ ოდიშვილი და მისი მეუღლე ნინო რაზმაძე ცხოვრობენ [ბინა ნინო რაზმაძის სახელზეა გაფორმებული]. 

ერთი შეხედვით, ეს 5 კვადრატული მეტრის ფართის დერეფანი ბინის უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენს, თუმცა ბარძიმაშვილებისთვის მან უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მათ ყველაზე მეტად ის ადარდებთ, რომ პატარა დერეფანი მხოლოდ დასაწყისია და რომ მღვდელს მთელი მათი ბინის ხელში ჩაგდება სურს.

“მე ვუთხარი, ვთხოვე რამდენიმეჯერ, რომ გზა გაეხსნა”, ყვება მამა ელიზბარი; “მთელი ქალაქი ეგრე ცხოვრობს – საერთო სარგებლობის შესასვლელი, აივანზე გასასვლელი… ეს ხომ თბილისია”. მღვდელმა თხოვნაზე მეზობლებისგან უარი მიიღო – კარების ერთი მხარე მამა ელიზბარს ეკუთვნის, მეორე – კი ბარძიმაშვილს. ამას ადასტურებს საპრივატიზაციო ოქმები და სხვა დოკუმენტები.

მამა ელიზბარმა თავდაპირველად სარჩელი რაიონულ სასამართლოში შეიტანა, თუმცა უშედეგოდ – სასამართლომ კარა ბარძიმაშვილი გაამართლა. რის შემდეგაც ელიზბარ ოდიაშვილმა საოლქო სასამართლოს მიმართა, რომელმაც მამა ელიზბარის სარჩელი საერთოდ უსაფუძვლოდ ცნო. საოლქოს ეს გადაწყვეტილება სრულიად სამართლიანად მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა “ადამიანის უფლებები საქართველოში” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”.

“მე არავის არაფერს არ ვართმევ. ამ ბინაში გადმოვიდა ჩემი მეუღლე, სამი შვილის დედა. ამათ რომ დაინახეს, რომ მე ღვთისმსახური ვარ, მუშტს ვერ გავიქნევ და რაღაცას არ მოვიქნევ, ფართის წართმევა მოინდომეს…” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” მამა ელიზბარმა. მისი თქმით, მის ბინას სარეცხის გასაფენი არ აქვს და არ იცის, სად გაფინოს ანაფორა, რომელიც, მისი თქმით, სულაც მისმა მეზობელმა უნდა გაურეცხოს. “ის ხომ ქალია”, ამბობს ღვთისმსახური. “მე, საერთოდ, ანაფორას ჩემი მრევლი მირეცხავს”. კარა ბარძიმაშვილისა და მისი ყოფილი ადვოკატის ინფორმაციით, მამა ელიზბარის მრევლია დაზვერვის დეპარტამენტის შეფი ავთო იოსელიანი, გავლენიანი დეპუტატი ნიკო ლეკიშვილი, თბილისის მერი ვანო ზოდელავა, პარლამენტის ვიცესპიკერი გიგი წერეთელი და სხვა მაღალჩინოსნები.

მამა ელიზბარმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი განსახილველად კვლავ მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს დაუბრუნდა. მას შემდეგ ბარძიმაშვილებმა 10-ზე მეტი სასამართლო პროცესი გაიარეს. რაიონული სასამართლო, შემდეგ კი უკვე საოლქო სასამართლო უმეტეს შემთხვევაში ბარძიმაშვილებს ამართლებდა, ხოლო უზენაესი კი ყოველთვის ელიზბარ ოდიშვილის მხარეს იჭერდა.

“რა თქმა უნდა, უზენაესი სასამართლო ამ საქმესთან დაკავშირებით ტენდენციურია. ჩემმა მხარემ საოლქო სასამართლოში პროცესი ხუთჯერ მოიგო და ეს გადაწყვეტილება ხუთჯერვე გააუქმა უზენაესმა სასამართლომ”, ამბობს ბარძიმაშვილების ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი, რომელიც ბარძიმაშვილებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოუყო. “გარდა ამისა, მამა ელიზბარი არის არასათანადო მოსარჩელე მხარე და ის საერთოდ არ არის უფლებამოსილი იდავოს ამ დავის საგანზე”, დასძენს იგი. უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით^ იგივე აზრი აქვს ბარძიმაშვილების ყოფილ ადვოკატს ქეთევან ჭაბუკიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ დაუსრულებელი სასამართლო პროცესების მიზეზი მამა ელიზბარის გავლენიანი მრევლია.

მისი აზრით, ხშირად სასამართლოზე გავლენა საპატრიარქოსაც აქვს, რომელმაც ელიზბარ ოდიშვილის მეუღლეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან უშუამდგომლა. “გთხოვთ თვენს თანადგომას, რათა დასრულდეს ეს გაჭიანურებული სასამართლო პროცესი. ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერებისა”, ნათქვამია მიმართვაში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქაშუეთის ეკლესიის მღდლებმაც მიმართეს. თუმცა, მათ წერილში მოყვანილი ფაქტები არსებულ დოკუმენტაციას არ შეესაბამება. გარდა ამისა, ამ კონკრეტული საქმიდან გამომდინარე ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს მთლიანად ქართული მართლმადიდებული ეკლესიისა და ერის დაცვას სთხოვენ.

“იმას, რომ სასამართლოზე სასულიერო პირებს აქვთ გავლენა, სახლმმარტველის შოტა დუმბაძის განცხადებაც ადასტურებს. სახლმმარტველი, რომელიც სასამართლოში მოწმის სახით უნდა გამოცხადებულიყო, სასამართლო პროცესისთვის თავის არიდებას ითხოვს: “მე სასამართლოზე დასწრბა არ შემიძლია, ვინაიდან ბატონი მამაო მაიძულებს ვთქვა სიცრუე…” ზაზა რუხაძის აზრით, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, როდესაც სასამართლოზე (და არა სასამართლო ხელისუფლებაზე, ასე ჯობია) გავლენას ახდენს საპატრიარქო და არა კონკრეტული ფაქტები და დოკუმენტაცია.

როგორც ირკვევა, სასამართლოზე გავლენა საპატრიარქოს გარდა მაღალჩინოსნებსაც აქვთ. “როდესაც უზენაესმა სასამართლომ საქმე ისევ საუბნოს დაუბრუნა, ჩვენს საქმეს აფხაზეთიდან დევნილი გერგედავა განიხილავდა. როდესაც მასთან მივედით გვითხრა – მე დევნილი კაცი ვარ და თქვენი სიმართლის დაკარგვა მირჩევნია ამ სკამის დაკარგვასო. მისთვის დაზვერვის უფროსს ავთო იოსელიანს დაერეკა”, იგონებს კარა ბარძიმაშვილი.

“ელიზბარ ოდიშვილი საკუთარ თავს “ელიტარულ მღვდელს” უწოდებს. მას კარგი მეგრობრები ჰყავს როგორც ხელისუფლებაში, ისევე საპატრიარქოში. გარდა ამისა, სასამართლოზე გავლენა აქვს იმ ფაქტს, რომ ის სასულიერო პირია”, აცხადებს ემილ ადელხანოვი, წარმომდგენელი კავკასიის ინსტიტუტისა მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარებისთვის. მისი აზრით, აქედან გამომდინარე ბარძიმაშვილებს საკუთარი სიმართლის დამტკიცება დიდი შრომის ფასად დაუჯდებათ.

სასამართლო პროცესების პარალელურად მეზობლებს შორის ურთიერთობა პიკს აღწევს. “სახლში გვივარდებოდა და ისეთი უწმაწური სიტყვებით გვაგინებდა, ქუჩაში ყველაზე ზნედაცემული ადამიანიც რომ არ იკადრებს”, ამბობს ბარძიმაშვილი. მისი თქმით, და ამას მეზობლებიც ადასტურებენ, მეზობელმა ღვთისმსახურმა კარა ბარძიმაშვილის მოხუცი დედა ცემა. “თავის სახლის სადარბაზოში ფიზიკური დაზიანება მიაყენეს მეზობლებმა”, ნათქვამია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში; “ა. ს. ბარძიმაშვილის [კარა ბარძიმაშვილის დედა] სხეულზე გარეგნულად არსებული დაზიანებანი სისხლნაჟღენთების და უსწორო კიდეებიანი ჭრილობის სახით მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით”. 

თუმცა საპატრიარქო ელიზბარ ოდიშვილის ქმედებებს “ღირსების დაცვად” აღიქვამს. “ღირსების შეურაცხყოფა არავის არ უნდა აპატიო. ღირსების შეურაცხყოფისთვის შეიძლება ყველაფერი დათმო ადამიანმა, შეიძლება გალახო… ღირსეული ადამიანები უნდა იყვნენ აქ მღვდლები, თავიანთი ღირსების დაცვა უნდა შეეძლოთ”, ამბობს სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის მდივანი დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი.  

“ინდოეთში ძროხას უფრო მეტი კულტი აქვს, ვიდრე საქართველოში ადამიანის უფლებებს”, აღნიშნავს ბარძიმაშვილების ყოფილი ადვოკატი ქეთევან ჭაბუკიანი.

კანონის თანახმად, სამოქალაქო საქმე დაუსრულებად შეიძლება საოლქო სასამართლოდან უზენაეს სასამართლოში გადავიდეს და შემდე ის ისევ ქვედა ინსტანციას დაუბრუნდეს განსახილველად. ბარძიმაშვილების საქმე კი უკვე ექვსი წელია გრძელდება. ამის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებიც, როგორიც არის ეუთოს ადამიანის განზომილებათა ოფისი და “ჰუმან რაითს ვოჩი”.

“თუ პრეტენზიები გვაქვს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე, მაშინ სასამართლო ხელისუფლებამ ბალანსი უნდა მოახდინოს არა მღვდლის სასარგებლოდ, არამედ კანონის სასარგებლოდ”, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი. ზაზა რუხაძეს მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი ტალღით უნდა ჩაერთონ ამ საქმეში, ვინაიდან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა კონკრეტულად ბარძიმაშვილთან, არამედ ნებისმიერ მოქალაქესთან, რომელიც ასევე დაუცველია.

დასკვნაში, რომელიც მიგრანტთა და უცხოელ მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ცენტრმა ამ საქმესთან დაკავშირებით მოამზადა, ნათქვამია: “წარმოდგენილი დოკუმენტების გაანალიზება იძლევა იმის საფუძველს, რომ განვაცხადოთ: მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს ბარძიმაშვილთა მამართებაში საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის [საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება] დარღვევას, რაც სამწუხაროდ არც ერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ ყოფილა მხედველობაში მიღებული”.

იქვე წერია: “ბარძიმაშვილი-რაზმაძის დავის განხილვისას ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ სარჩელი სასამართლოში თავიდანვე შეტანილი იყო კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით; თითქმის ყველა დოკუმენტი, რომელიც [მოსარჩელე მხარის, ანუ ელიზბარ ოდიშვილის მეუღლის მიერ – “სივილ ჯორჯია”] წარმოდგენილია საქმეში, არის გაყალბებული ან არ შეესაბამება ფაქტიურ მდგომარეობას”.

“სრულიად გაგაქრობთო, გვემუქრება მამაო. ჩვენც გამუდმებულ შიშში ვცხოვრობთ. ვიცი, რომ გამაქრობს. მე არავინ მყავს არც დეპუტატი, არც მინისტრი, არც მაფიოზი, რომ დამიცვას”, ამბობს სასოწარკვეთამდე მისული კარა ბარძიმაშვილი, რომელსაც პოლიციისადმი მიმართვისაც კი ეშინია, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ მის გავლენიან მეზობელს მეგობრები პოლიციაშიც ჰყავს.

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button